November 23, 2024

დღეში 10 000 ახალი შემთხვევა და 150 გარდაცვლილი - სცენარია, რომლის თავიდან აცილებაც შეზღუდვებით შევძელით

“კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების შემდგომ ორი კვირა გავიდა - ზუსტად ის დრო, რა მომენტიდანაც სპეციალისტები პროგნოზირებდნენ, რომ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ყინულის დაძვრებოდა.

მიღებულ შედეგებს სპეციალისტები ფრთხილი ოპტიმიზმით აფასებენ და ამბობენ, რომ სტაბილიზაციის კუთხით გარკვეული ეფექტი უკვე არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ შეინიშნება. ამასთან, იმნაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას სისტემამ გაუძლო. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, სტაბილიზაციის კუთხით გარკვეული ეფექტი უკვე არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დღეში 10 000 ახალი შემთხვევა და 150 გარდაცვლილი - ეს ის ნეგატიური სცენარია, რომლის თავიდან აცილებაც შეზღუდვებით შევძელით.

 

“მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეა და სტაბილიზაციის მიმართულებით გარკვეული ეფექტი გვაქვს, შემცირებისკენ რა თქმა უნდა არ დაწყებულა, მატების ტემპი შემცირებულია და სტაბილიზაციისკენ მივდივართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში და ასეთ პირობებში კი იმედი გვაქვს, რომ სისტემაც გაუძლებს, რადგან ნელ-ნელა ადაპტაციას განიცდის და ამ პროცესში ოჯახის ექიმებიც უფრო ჩაერთვნენ, იგივე სასწრაფოს პასუხი და გამოძახების პრობლემები გაცილებით ნაკლებია და ჰოსპიტალიზაციის კუთხითაც პრობლემები როგორც გვეუბნებიან შედარებით შემცირებულია. მატების ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილზე რომ გავედით, ამ შეზღუდვებით ამის შეჩერება აუცილებელი იყო. ეს რომ დასტაბილურდება, გადავა ე.წ. პლატოზე. ამის მერე უკვე უნდა შევეცადოთ და ზაფხულამდე მივიდეთ, როცა ვაქცინა ფართო მასებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება და შეგვეძლება, რომ გაცილებით მეტი დამაჯერებლობით ვთქვათ, რომ უკვე მართვადია სიტუაცია, თუმცა რა თქმა უნდა ვირუსი არ გაქრება. ნიღბების ტარების პროცენტული მაჩვენებელი 65%-მდე გაიზარდა. 95%-მდე თუ გაიზარდა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდება, მაგრამ 95%-მდე ასვლა ცოტა უტოპიური გამოდის იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს კიდევ არ სჯერა, კიდევ არ ატარებს და კიდევ პრობლემაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

 

“ეს შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო, მოდელირებით იყო, რომ დღეში 150 სიკვდილი გვექნებოდა, ეს ხომ ჩვენი ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნებოდა, საავადმყოფოებში აპარატი და საწოლი პრობლემა არაა, პრობლემა ექიმი და პერსონალია და რომ არა შეზღუდვები, ამას პერსონალი აღარ ეყოფოდა, რომ ამდენი მძიმე ავადმყოფისთვის მოეარა. აქედან გამომდინარე, ადამიანები სახლებში, სასწრაფოებში დაიღუპებოდნენ, სასწრაფო სუნთქვის აპარატამდე ვერ მიიყვანდა. თვითონ თავისუფალი სუნთქვის აპარატიც აღარ იქნებოდა და თავისუფალი ექიმი და ა.შ. დღეს ეს ტემპი ძალიან მნიშვნელოვნად დავარდნილია. ფრთხილი ოპტიმიზმით ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღე საკმაოდ მაღალი ციფრები და მატება გველოდება იმიტომ, რომ მესამე კვირაში „შავი პარასკევის" ეფექტი გამოჩნდება, მაგრამ ტენდენცია ზოგადად სტაბილურობისკენაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - თვლის ზოიძე.

 

“როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არა არსებული შეზღუდვები, დეკემბრის ბოლოდან ყოვედღიურად საშუალოდ ინფიცირების 10 ათასი ახალი შემთხვევა 150-მდე გარდაცვლილი გვეყოლებოდა. “ჯერჯერობით მოლოდინი ცუდისკენ რაც იყო, რომ ტესტირება გაიზრდებოდა და რაოდენობა პირდაპირპროპორციულად გაიზრდებოდა, საბედნიეროდ ეს არ მართლდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში 20 ათასი ტესტი კეთდება და შემთხვვევების რაოდენობა საბედნიეროდ 5 ათასს არ გადასცდა. შესაბამისად, პოზიტიური ტესტების რაოდენობა თითქმის 25%-ზე ჩამოვიდა, ასევე შემცირდა ზოგადად მომართვიანობა, 112-თან და ოლნლაინ კლინიკებში ზარი. სამინისტროც ადასტურებს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში პაციენტების ძალიან მზარდი დინამიკა არაა”, - ამბობს კულუმბეგოვი, და განმარტავს, რომ “ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერჯერობით პიკურ სიტუაციაში ვართ, ამ პიკის დაღმასვლა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მზარდი არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ფაქტია, რომ შეზღუდვებთან ერთად სამოქალაქო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხში ნიღბის ტარებამ, როგორც ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, საქართველოში 65%-მდე ავიდა. წინა პერიოდში 55% იყო. ამანაც რასაკვირველია პოზიტიურად იმოქმედა. რა თქმა უნდა მობილობა შეზღუდულია და ეს შედეგებიც წამოგვეწია. ჯერჯერობით წინა ღონისძიებებით და ნიღბის ტარების პროცენტით მივიღეთ, რაც გვაქვს. ჯერჯერობით 28-ში შემოღებული შეზღუდვების შედეგი ეს არაა, ჯერ პიკური სიტუაციაა და მრუდი საბედნიეროდ გაბრტყელებისკენ მიდის ანუ აღმავალი არაა, მაგრამ თავდაღმართი ალბათ დეკემბრის მეორე ნახევარში დაიწყება. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს მთელი მონაცემები იკრიბება და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი ამას ვაშინგტონის შტატში, სიეტლში მსჯელობს, თუ ეპიდსიტუაციაზე გავლენას არ მოვახდენდით, მზარდი პიკური სიტუაცია დაახლოებით დეკემბრის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და ლაბორატორიულად დადასტურებული საშუალოდ 8 ათას შემთხვევაზე იყო საუბარი და წერდნენ, რომ ეს შეიძლება ვარირებდეს შვიდიდან 12-13 ათასამდე და მეტიც კი. პაციენტები თუ ამ ტრაექტორიით დაგროვდებოდა, შესაძლოა იანვრის მეორე ნახევარში დღიურად 140 და 150 ადამიანის გარდაცვალებაც კი დაფიქსირებულიყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

 

“ეს პერსექტივა საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. პროგნოზი ასეთი იყო - დღეში საშუალოდ 10 ათასამდე შემთხვევა და 140-150 გარდაცვლილი. ახლანდელი პროგნოზირებით კი არის, რომ დეკემბრის ბოლოდან სტაბილიზაციის ნიშნები იქნება, იანვარში - უფრო ნაკლები, თებერვალში - 2 ათასის ფარგლებში და აპრილში დღეში 200 შემთხვევაზე ჩამოვალთ. ამ პროგნოზური მაჩვენებლით სიკვდილობა, სამწუხაროდ, ცოტა გვიან იმატებს, იმიტომ, რომ რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე ადამიანები ხანდახან კვირაობით ცოცხლობენ, ამიტომაც სიკვდილობის ნიშნული დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა პერიოდამდე მოიმატებს. ოღონდ ლაპარაკია 45-50 შემთხვევაზე, არა მეტზე. ასეა ძირითადი პროგნოზი, თუმცა ვნახოთ, ეს მხოლოდ პროგნოზია”, - მიიჩნევს კულუმბეგოვი.

 

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუ დაწესებული შეზღუდვები ეფექტუირი აღმოჩნდება, დაახლოებით 2-3 კვირაში შესაძლოა შემთხვევათა რაოდენობა 2500-მდე ჩამოვიდეს. “შეზღუდვებს რაღაც ეფექტი ჰქონდა და ეს იმაში გამოიხატება, რომ, მოგეხსენებათ, სანამ ეს რეგულაციები ამოქმედდებოდა ორ დღეში ერთხელ რაოდენობა მზარდი იყო. ახლა თუ გადავხედავთ, ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, საკმაოდ საყურადღებო ციფრი რჩება, მაგრამ დინამიკაში მზარდი არაა, რაც შესაძლოა გარკვეულწილად ამ შეზღუდვებით გამოწვეულ შედეგად ჩავთვალოთ, თუმცა საბოლოო შედეგს კიდევ ერთი კვირის, ან ათი დღის გასვლის შემდეგ ვნახავთ. დინამიკა როგორიც იყო, შესაძლოა დღეში 10 ათას შემთხვევაზე ავსულიყავით, რასაც ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვერ გაუძლებდა და უფრო მეტი ხარვეზი გვექნებოდა, ვიდრე ახლა”, - ამბობს გოგინავა, რომლის აზრით, “უფრო მეტი პაციენტი დარჩებოდა ხარისხიანი სახელმწიფო სერვისის გარეშე”, - დასძენს გამოცემა.

 

“თუ ეს შეზღუდვები ეფექტური აღმოჩნდება, მაშინ, პირობითად, დაახლოებით ორ-სამ კვირაში რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებას მივიღებთ. შესაძლოა დღეში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ, რაც ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგი შედეგი იქნება”, - იმედოვნებს გოგინავა. განსხვავებული მოსაზრება აქვს ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძეს. იგი ჯერჯერობით დიდ ეფექტს ვერ ხედავს. მისი აზრით, მდგომარეობას უფრო გაართულებს ის “ფანჯარა”, რაც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ჯერჯერობით მე მაინცდამაინც დიდ ეფექტს ვერ ვხედავ. ალბათ ეს უფრო მოგვიანებით იქნება. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ალბათ ესაა გარკვეულწილად რაოდენობის შემცირება - შეიძლება ყოველდღიურად ახლანდელზე 200-300 ახალი შემთხვევით ნაკლები იყოს. მითუმეტეს, რომ ახლა 24-ში ეს ყველაფერი ისევ გაიხსნება, ეს ყველაფერი უკან დაბრუნდება. ჩვენ ერთადერთი რაც გლობალურად გვიშველის, ესაა პირველ რიგში პაციენტების ვაქცინაცია და მასიური ტესტირების შედეგად გამოვლენილი პაციენტების იზოლირება. შეზღუდვები ამ სიტუაციაში, სამწუხაროდ, სიკვდილიანობაზე დიდად არ მოქმედებს. რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, დინამიკაში ინფიცირების მატება უფრო მეტი იქნებოდა. საავადმყოფოებში არ მგონია, რომ სიტუაცია განსაკუთრებულად შეცვლილიყო, იმიტომ, რომ ახლაც მაინც ძალიან დიდი რაოდენობაა. უბრალოდ, კიდევ უფრო მეტად უარესი მდგომარეობა იქნებოდა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

წაკითხვა 597 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.