"გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმას სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია" - ცერცვაძე
COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს, რომელთა შორისაა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა.
,,ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მათ.
კონვალესცენტის პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე (პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური რეპლიკაცია (გამრავლება). პლაზმის ეფექტიანობა დამოკიდებულია მასში ე.წ. დამცავი (მანეიტრალიზებელი) ანტისხეულების კონცენტრაციაზე.
COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სამკურნალოდ აღნიშნულ მეთოდს მიღებული აქვს აშშ FDA-ის ნებართვა (23 აგვისტო, 2020 წ.) გადაუდებელ შემთხვევებში მისი გამოყენების (Emergency Use Authorization) თაობაზე.
უფრო მეტიც, 2020 წლის ივლისში აშშ FDA-ის ხელმძღვანელმა Stephen Hahn-მა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მოუწოდა პლაზმის დონაციაზე სხვების (COVID-19-ით პაციენტების) სიცოცხლის გადასარჩენად. მისი გამოსვლა დღემდე არის განთავსებული ინტერნეტ სივრცეში", - წერს სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძე.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"