“ამ მედიკამენტების დამტკიცება პანდემიის დამარცხების ნიშანია” - ევროპამ ვირუსის სამკურნალო 3 ახალი პრეპარატი აღიარა

“ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ - ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ორი ახალი მედიკამენტი Xevudy „სოტროვიმაბი" და Kineret-ი, გადაუდებელი გამოყენებისთვის კი მედიკამენტი Paxlovid-ი დაამტკიცა - მოვლენას იმედისმომცემად მიიჩნევს ჯანდაცვის სფერო.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ახალი მედიკამენტები გარდამტეხ როლს ითამაშებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისივე თქმით, შესაძლოა 2022 წელი პანდემიაზე გამარჯვების წელი გახდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამ მედიკამენტების დამტკიცება პანდემიის დამარცხების ნიშანია” - ევროპამ ვირუსის სამკურნალო 3 ახალი პრეპარატი აღიარა.

“კოვიდ-19”-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია ახალი მედიკამენტების შემოღება. ვფიქრობ, რომ 2022 წელს პანდემია საბოლოოდ დამარცხდება, რადგან, ვაქცინასთან ერთად, საკმაოდ ბევრი, ეფექტური მედიკამენტი გამოდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი და ბევრად უფრო მოდერნიზებული ვაქცინები გვექნება ვირუსის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, აღნიშნული მედიკამენტების დამტკიცება პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი ნიშანია. პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ვაქცინაციას აქვს თავისი როლი. ვაქცინა არის პრევენციისთვის, რომ ჩვენ არ დაგვემართოს კოვიდი ან თუ დაგვემართა, მსუბუქად მოხდეს მისი ორგანიზმში მიმდინარეობა. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. თუ ხელმისაწვდომი იქნება როგორც ვაქცინა, ისე მედიკამენტი, თითქმის 95%-ით შემცირდება კორონავირუსის უარყოფითი მოქმედება. აღსანიშნავია, რომ ეფექტური კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, მასთან ერთად პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს”, -დაახკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ცნობისთვის, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალო სამი პრეპარატი დაამტკიცა. “მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი Xevudy (სოტროვიმაბი), რომელიც ფარმაცევტულმა გიგანტმა GlaxoSmithKline-მა და ამერიკულმა კომპანია Vir Biotechnology-მა ერთობლივად შექმნეს, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას პაციენტებში”, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, მედიკამენტი Kineret-ი, რომელიც შვედურმა კომპანია Orphan Biovitrum-მა შექმნა, ამცირებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას და პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებისგან იცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მტკიცებით, მესამე მედიკამენტი, კომპანია „ფაიზერის" აბები Paxlovid-ი, რომელიც გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცეს, შეიძლება გამოყენებულ იქნას “კოვიდ 19”-ით დაინფიცირებული მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ დამატებითი ჟანგბადი და რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების პროგრესირების რისკი. Paxlovid-ი უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე “კოვიდ 19”-ის დიაგნოზის შემდეგ და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში”, - აცხადებენ სააგენტოში. აღნიშნული სამი მედიკამენტის დამტკიცება საბოლოოდ ევროკომისიის გადასაწყვეტია. ევროკავშირმა ამ დრომდე კორონავირუსის სამკურნალო ექვსი მედიკამენტი დაამტკიცა.

წაკითხვა 357 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.