"მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია"- თენგიზ ცერცვაძე

საპატიო თბილისელობა, ალბათ, ეს არის ყველაზე მაღალი საპატიო წოდება, რაზეც ქართველმა კაცმა შეიძლება იოცნებოს. ეს წოდება გარდა დიდი პატივისა, უდიდესი პასუხისმგევბლობაც არის, -ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საპატიო თბილისელების დააჯილდოვების ცერემონიალზე განაცხადა.

მისი თქმით, საპატიო თბილისელობა ის მაღალი ორიენტირია, რომელზეც მას და მის კოლეგებს სწორება მოუწევთ. თენგიზ ცერცვაძემ კოვიდ ინფექციის გართულებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ყველას, ამ შესანიშნავი საღამოს ორგანიზატორებს, პირადად დედაქალაქის მერს და მთელ ქართულ საზოგადოებას. საპატიო თბილისელობა, ალბათ, ეს არის ყველაზე მაღალი, ყველაზე საპატიო წოდება, რაზეც ქართველმა კაცმა შეიძლება იოცნებოს. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს წოდება მომენიჭა დღეს, როდესაც ქალაქი, რომლის საპატიო მოქალაქედაც მე დამასახალეს, ივსება ახალი სიცოცხლით, ახალი ფერებით. ჩვენ ყველა ვხედავთ უპრეცედენტო აღმშენებლობას. ეს წოდება გარდა დიდი პატივისა, უდიდესი პასუხისმგებლობაც არის. ეს არის ძალიან მაღალი ორიენტირი, რომელზეც მე და ჩემს კოლეგებს მოგვიწევს სწორება და ეს ადვილი არ იქნება. და ბოლოს, რამდენადაც დღევანდელი ჯილდოს ფიგურანტები ვართ ჩვენ, ექიმები, ჩემი კოლეგების სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ მიუხედავად კოვიდის შემთხვევების გარკვეული მატებისა ბოლო 2 კვირაში, რაც იყო მოსალოდნელი და გარდაუვალი ზაფხულის პერიოდის გაზრდილი მობილობისა და შიდა შეზღუდვების მოხსნის პირობებში, არავითარი საფუძველი არ გაქვთ განგაშის, პანიკის, რამეთუ სიტუაცია მთლიანად კონტროლის ქვეშ არის.

ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ იცის, ალბათ, და მე მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად ამ მატებისა, საქართველო მყარად ინარჩუნებს მთელს ევროპაში 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ დაცული, თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და ჩვენ სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად, მოვახდენთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ არ მივმართავთ უკიდურეს ზომებს, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა, ჩაკეტვები, კარანტინი და სხვა,“- განაცხადა ცერცვაძემ.

წაკითხვა 515 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.