"ხალხს მაღაზიები აქვს გახსნილი, მაგრამ მყიდველი არავინაა" - რეპორტაჟი ანაკლიიდან, რომელიც ზაფხულამდე უკაცრიელი ქალაქია
ზუგდიდიდან ანაკლიის ცენტრისკენ მივდივარ.
გარშემო ყველა დეტალს ვაკვირდები, რომ არ გამომრჩეს, რა შეიცვალა შარშანდელთან შედარებით ქალაქ ანაკლიასა და სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, რომელსაც მედია და ხელისუფლება საუკუნის პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის ნაწილად აღიქვამს.
სოფელ დარჩელიდან გზა ცოტათი გაუფართოვებიათ. ადრე ისეთი ვიწრო ორმხრივი გზა იყო, ჩვენს წინ დაბალი სიჩქარით მიმავალ ტრაილერს, ღერძულა ხაზის დასრულებამდე რამდენიმე ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა გაბმული სიგნალით მიყვებოდა...
ანაკლიამდე, რამდენიმე კილომეტრიანი გზა ფართოვდება, ტროტუარები კეთდება და საგზაო ნიშნებსაც შეხვდებით, რაც გარკვეულ იმედს აჩენს, რომ იმ ადგილას, სადაც ხელისუფლების დაანონსებით, ქალაქი უნდა აშენდეს - პროექტის მშენებლობა საიმედო ეტაპზეა...
ცენტრამდე ისე მივედით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და თითო-ოროლა ავტომანქანა შეგვხვდა. გზის პირზე ახალგაზრდა ბიჭი მშენებლებთან დეტალებს ათანხმებდა, თუმცა, მედიის ხსენებაზე თავი ღიმილით ამარიდა და ჩემს უკან მომავალი ქალებისკენ მიმითითა: კადრში გამოჩენა არ მსურს და აჯობებს, მათ გაესაუბროთო. პირად საუბარში მეუბნება, რომ კერძო სასტუმროს აშენებს და მისი დასრულება სეზონის დაწყებამდე უნდა მოასწროს...
არც ქალები გამოირჩევიან დიდი აქტიურობით, თუმცა, სინანულით მეუბნებიან, რომ არაფერი კეთდება, მეტიც, წლების წინ გაკეთებულიც ფუჭდება და აქაურობას ახალი არაფერი ემატება...
ჩემს გვერდით, ერთ-ერთი სასტუმროს ეზოსთან, გოგონა და ბიჭი პინგ-პონგს თამაშობენ, მაგრამ მთხოვენ, არ გადავუღო...
“სულ ეს არის ჩვენი გასართობი ზაფხულის სეზონამდე. სასტუმრო მუშაობს - ხანდახან სემინარებსა და ტრენინგებს მასპინძლობს. მაგალითად, ახლახანს მცირე საოჯახო სასტუმროების განვითარების კუთხით ტრენინგი ჩატარდა და სტუმრებიც ჰყავდათ", - მეუბნება გოგონა.
ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში შევდივარ. ტრენინგი უკვე დასრულებულია. ეზოში მყოფი მამაკაცები თავს მარიდებენ, - არჩევნები კარს არის მომდგარი და ზედმეტი თავის ტკივილი არ გვჭირდებაო...
ანაკლიის გამგებელს გელა ლემონჯავას ვურეკავ, რათა ამიხსნას, რა კეთდება ან მომავალში რისი გაკეთება იგეგმება ანაკლიაში. მპასუხობს, რომ უკვე დატოვა იქაურობა და სამწუხაროდ, არც არავინ ჰყავს ისეთი, ვინც ამ ყველაფერზე მესაუბრება...
იურმალას სახელობის ბულვარში გავდივარ. ამინდი ფუჭდება, წვიმას აპირებს და ვცდილობ, ბევრი რამის ნახვა და გადაღება მოვასწრო. პირდაპირ ზღვის პირზე, დაუმთავრებელი შენობა ჩანს, - სასტუმრო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადგილობრივები ხუმრობით “არაშენდას” ეძახიან და ამბობენ, რომ გარშემო არაერთი ასეთი დაუსრულებელი პროექტია.
დამსკდარ ასფალტზე ბალახია ამოსული, ბულვარი მოუვლელია, პალმები ან გადატეხილია ან სანახევროდ გამხმარი... გარშემო პირუტყვი და მაწანწალა ძაღლები დასეირნობენ. მიჭირს იმის დაჯერება, რომ რამდენიმე თვეში, იქაურობა გართობის მოყვარული ადამიანების ჟრიამულით უნდა აივსოს. უფრო სწორად, ვერ ვხედავ შესაბამის ინფრასტრუქტურას, რისთვისაც ადგილობრივ ან სულაც უცხოელ ვიზიტორს იქ ფულის დახარჯვა მოუნდება და არც იმის ილუზია მაქვს, რომ ხელისუფლება “ჯადოსნური ჯოხის” აქნევით იქაურობას ერთ დღეში ევროპულ კურორტად აქცევს.
არადა, აქედან რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთია და ენგურსგაღმელი მოსახლეობა, განსაკუთრებით გართობას მოწყურებული ახალგაზრდები ნებისმიერ ღონისძიებას დიდი ინტერესით აკვირდებიან... უფროსი თაობა კი ემოციურად განიხილავს პორტის მშენებელობის საკითხს.
ანაკლიის მკვიდრი, დათა შელია, რომელიც გასულ წელს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, ლამის ერთადერთია, ვინც ღიად საუბარს თავს არ არიდებს. ამბობს, რომ საბავშვო ბაღი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის შენობა უნდა აშენდეს, ოღონდ ამისთვის არასწორი ადგილი შეარჩიეს და მათი აშენება ადგილობრივებისთვის ერთადერთი თავშეყრის ადგილას გადაწყვიტეს...
"თუმცა, ოღონდ რამე ააშენონ და ვინ ამოიღებს ხმას... ჯერ მხოლოდ ბანერია გაკეთებული და ამ წლების განმავლობაში, ასეთი ბანერები იმდენი გვინახავს, ვინ მოთვლის... დაპაუზებულია ყველაფერი" - ამბობს ის.
გარშემო კიდევ რამდენიმე საოჯახო სასტუმრო შენდება. ყველა მათგანმა ზღვის სეზონზე უნდა იმუშაოს და არსებული ინფორმაციით, ის ადამიანები აშენებენ, ვისი მიწის ნაკვეთები ანაკლიის პორტის ფარგლებში აღმოჩნდა და ფინანსური კომპენსაცია მიიღეს...
ზღვის სეზონის გარდა, ანაკლიაში არაფერი ხდება. ამიტომაც, წელიწადის დანარჩენი თვეების განმავლობაში, მოსახლეობა ცდილობს, იმ სამ თვეში აღებული შემოსავლით გაიტანოს თავი.
“ადრე თხილის მოსავალიც გვეხმარებოდა, ახლა ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებამ ეს იმედი მოგვისპო... ხალხს მაღაზიები აქვს გახსნილი, მაგრამ მყიდველი, თითო-ოროლა ადამიანის გარდა არავინაა და რა აზრი აქვს?" - ამბობს ადგილობრივი, 57 წლის ნაირა.
იმ მხარეს მივდივართ, სადაც პორტი უნდა აშენდეს. რაც უფრო ვშორდებით ცენტრს, სადაც აქა-იქ გახსნილი მარკეტები, მშენებარე ობიექტები და მანქანები სიცოცხლის ნიშანწყალს ქმნის, უფრო მეტ მოუვლელ და გაპარტახებულ ინფრასტრუქტურას ვაწყდები. ძლიერ ქარს მტვრის ნისლი მოჰყვება.
“ეს მიწაყრილიდან ქარის მოხვეტილი და ჰაერში გაფანტული სილის მტვერია. ბოლო ხანებში, როგორც კი ძლიერი ქარი ამოვარდება, აქაურობა გადათეთრებულია. თუ პორტი არ აშენდა, რამდენიმემეტრიან მიწაყრილზე გაშლილ სილას, ქარი მოსახლეობს მოაყრის და კაცმა არ იცის, ეს რა დაავადებებს გამოიწვევს... თუმცა, ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი შეჩერებულია" - ამბობს დათა შელია, რომლის თქმითაც, ბოლო რამდენიმე დღეა პორტის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა გააჩერა, რასაც ერთი ნაწილი დღესასწაულებს უკავშირებს, კიდევ ერთი ვერსიით, - “პორტის მშენებლობა რაღაც დროით გადაიდო...”
იმ მონაკვეთიდან, საიდანაც პორტი იწყება, პერიმეტრს დაცვის პოლიცია აკონტროლებს და შიგნით შესვლის საშუალება არ გვაქვს... ადგილობრივების თქმით, ანაკლიის, როგორც ქალაქის აშენებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ პორტი აშენდა, სხვა შემთხვევაში იქაურობა ისეთივე უკაცრიელი გახდება, როგორც წლების წინ იყო...
ambebi.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში