პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერა
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს.
„გზის ეს მონაკვეთები საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ძალიან კარგია, რომ მშენებლობა ვადების დაცვით მიმდინარეობს და 2020 წლის მეორე ნახევარში როგორც ქუთაისის, ისე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთების დიდი ნაწილი დასრულებული იქნება. ეს მანძილს ძალიან შეამცირებს და მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. უკვე მზადდება ტენდერები დარჩენილ მონაკვეთებზე და 2020 წლისთვის ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარი პროექტი - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი სრულად მშენებლობის რეჟიმში გადავა. ამასთან ერთად, იგეგმება სხვა გაუთვალისწინებელი პროექტების დაწყებაც და ეს გარკვეული ჩამორჩენების აღმოფხვრის საშუალებასაც მოგვცემს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა დღესვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე „ვისოლ ჯგუფის" ახლად გახსნილი დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი დაათვალიერა.
27 068 კვ.მ.-ზე განთავსებულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული. „ვისოლ ჯგუფში" შემავალი შვილობილი კომპანიების ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, წიგნების მაღაზიას, ბანკისა და აფთიაქის ფილიალებს მოიცავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია მაგისტრალის გასწვრივ ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა, ვინაიდან ეს ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მეტად გავზარდოთ ტრანზიტული მოძრაობა. ძალიან მისასალმებელია, რომ აქტიურად ვითარდება ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქვე, ქუთაისში იწყება ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა პრემიერმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"