ხონში ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’’ ახალი კორპუსი გაიხსნა
ხონში ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’’ ახალი კორპუსი გაიხსნა. 2400 მ2-ზე განთავსებული ორსართულიანი სამედიცინო შენობა ოთხი განყოფილებისგან შედგება და 100 პაციენტზეა გათვლილი.
,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’’ დირექტორის - გოჩა ბაკურაძის თქმით, რესტავრაცია ძველ სტაციონარსაც ჩაუტარდება.
„ეს არის არა მარტო ჩვენი დაწესებულების, არამედ სრულიად ქართული ფსიქიატრიის დღესასწაული. დღეს, საქართველოში ერთ-ერთი უახლესი ტიპის საავადმყოფო გაიხსნა. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ პაციენტებმა არა მარტო სამედიცინო დახმარება მიიღონ, არამედ ადამიანურ გარემოშიც იცხოვრონ. სახალხო დამცველის მიერ დათვალიერებულ იქნა ძველი შენობა, იყო შენიშვნები, რადგან იქ მომსახურება და ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოძველებულია. სწორედ, ეს გახდა კერძო ინვესტორის მოწვევის მიზეზი. 2016 წელს დაწესებულება კერძო ინვესტორზე გასხვისდა და საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა. გრძელდება დანარჩენი შენობების რეკონსტრუქცია და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. პაციენტები ძველი სტაციონარიდან ახალში გადმოვლენ და პარალელურად დაიწყება გამოთავისუფლებული შენობების რესტავრაცია,’’-განმარტა Firstnews.ge-სთან საუბარში გოჩა ბაკურაძემ.
დაწესებულება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ბენეფიციარების უსაფრთხოებისათვის, პერიმეტზე (პრივატული სივრცეების გარდა), ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს. ყველა პალატაში დამონტაჟებულია აუდიოგახმოვანების სისტემა, რომლის მეშვეობითაც პაციენტებს ფსიქოთერაპევტის მიერ შერჩეული მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.
ფსიქიატრ ნანა ზავრადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არა მარტო მედიკამენტებით, არამედ თერაპიებითაც უმკურნალონ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს.
"გაიხსნა ფსიქიატრიული საავადმყოფო სრულიად თანამედროვე სტანდარტებითა და მოთხოვნებით, ორიენტირებული პაციენტის საჭიროებებზე. ასეთ პირობებში მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება. რაც მთავარია, პირობები არის ღირსეული. ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტს აქვს საშუალება მიიღოს ღირსეული, ევროპული სტანდარტის შესაბამისი მკურნალობა. ყველა პალატს აქვს სველი წერტილი, არის სივრცე სასადილოსთვის, დასვენებისთვის, არტ-თერაპიისა და სხვა აქტივობებისთვის. თანამედროვე ფსიქიატრიული მკურნალობა გულისხმობს, სამედიცინო დახმარებას არა მარტო მედიკამენტებით, არამედ თერაპიებითაც, რის საშუალებაც ამ დაწესებულების პაციენტებს ნამდვილად ექნებათ. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ადამიანმა მიიღოს ხარისხიანი მკურნალობა. დასავლეთ საქართველოსთვის ეს დიდი მოვლენაა, რადგან წლების განმავლობაში აქ საბჭოთა პერიოდში აშენებული საავადმყოფო იყო, ძველი ინფრასტრუქტურით,’’ –განმარტა ნანა ზავრადაშვილმა Firstnews.ge-სთან საუბარში.
,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’’ რესტავრაციისთვის 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული კორპუსის გარემონტება 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სხვა შენობების რეკონსტრუქცია 2020 წლისთვის დასრულდება.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი