17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია

“ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იშლება - 17-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ ორგანიზაცია რეორგანიზაციას ეტაპზეა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარ წულეისკირი აცხადებს, რომ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია.

“ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უკვე ყოფილი დასაქმებულები ავრცელებენ ინფორმაციას მათი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე ინფორმაციით, “2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია”. საინფორმაციო ცენტრის დირექტორის თამარ წულეისკირის განცხადებით, “საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი”. მისივე განცხადებით, “საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრები გადაწყვეტილია გაუქმდეს და რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობს პოლიტიკიდან. აშკარაა, რომ ნატოს საინფორმაციო ცენტრის ფუნქცია იყო, პირველ რიგში, ანტიდასავლურ ნარატივებთან, პროპაგანდასთან ბრძოლა, ასევე მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი მხარდაჭერის მიმართ ცნობიერების გაზრდა. ეს მიზანი უკვე აღარ არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის. პირიქით - ძირის გამოთხრა ხდება ნატოსა და დასავლეთის მხარდაჭერის მიმართ ქვეყანაში, ამიტომაც თვითონვე ქმნიან ანტიდასავლურ ნარატივებს. კანონმდებლობის მიღება ანტიდასავლური მიმართულებით კიდევ უფრო ძლიერდება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან და წარმოადგენს მარტივ მესიჯს: მათ არ სჭირდებათ, რომ მოსახლეობამ რაიმე სახის მხარდაჭერა მიიღოს ამ მიმართულებით” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“არარსებულისგან არაფერი არ იქნება - ამას ემსახურება ეს რეორგანიზაცია. რატომ უნდა იყოს ეს ცენტრი საქართველოში? რომ გაღიზიანებული იყოს რუსეთი და შეასრულოს საქართველომ ფინიის როლი, როცა თვითონ არ ვუნდივართ? ასევე, ბორელმა განაცხადა: “ჩვენ ვართ სამოთხე და დანარჩენი - ჯუნგლები”. თუ არ უნდიხარ, რატომ უნდა იყოს მათი ცენტრები შენთან? მათ ჩვენ არ ვჭირდებით. “თქვენი პატარა ქვეყნის გამო ევროპას საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთო” - ასე გვითხრეს. რა საჭიროა ის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს? ამიტომ ეს გადაწყვეტილება დროულია და იგი თავად ნატოსა და ევროკავშირის დღევანდელმა წარმომადგენლებმა გამოიწვიეს. მათ ფაქტობრივად თავი შეაძულეს საქართველოს მოსახლეობას, რადგან მხარს უჭერენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით გადატრიალებას და ხელისუფლებაში ისეთი ოდიოზური ფიგურების მოძრაობას, როგორიცაა ნაცმოძრაობა-სააკაშვილი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

წაკითხვა 87 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.