საქართველო Clean Network ინიციატივას მიუერთდა
2021 წლის 14 იანვარს აშშ - სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 5G ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ.
5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, ჯანდაცვას ეხება. 5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები. 5G მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები აღიარებენ, რომ 5G მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ხელი შეუწყონ შემდგომ განვითარებას ბაზარზე მაქსიმალური მონაწილეების ჩართულობით.
მემორანდუმის შესაბამისად, მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, აშშ და საქართველო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის.
მემორანდუმის საფუძველზე აშშ-ის მთავრობასთან საქართველოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს 5G ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას, მონაცემთა დაცვას და ადამიანის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მომავალი თაობის ინტერნეტ სანდო ეკოსისტემის, ციფრული სერვისების და მთლიანად ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.
ინოვაციური ტექნოლოგია განათლების სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად შეძლონ დისტანციური სწავლება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.
აშშ-სა და საქართველოს შორის მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე