November 27, 2024

საფრთხე უნიკალური ქართული ღვინის მიმართ თუ ენერგოუსაფრთხოების გარანტია? - რატომ აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოქვეყნდა თავისი თბილისელი კორესპონდენტის ნინა ახმეტელის მიერ მომზადებული სტატია „საფრთხე უნიკალური ღვინის მიმართ თუ ენერგოუსაფრთხოების გარანტია?

რატომ აპროტესტებენ საქართველოში ნამახვანჰესის მშენებლობას“, რომელშიც განხილულია სიტუაცია ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხში წარმოქმნილი პრობლემები: დაპირისპირება ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ჰესების მშენებლობის გამო.

 

„საქართველოში კარვებია გაშლილი, მათ შორის ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზეც, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მოწინააღმდეგეებს სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის უდიდესი ენერგეტიკული პროექტის რეალიზების წინააღმდეგ. ადგილობრივი მოსახლეობა და ეკოლოგები შიშობენ, რომ ჰესი ბუნებას საფრთხეს უქმნის და შეიძლება ადგილობრივი უნიკალური ვაზის ჯიში - ტვიში დააზიანოს, თუმცა ხელისუფლების მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგური უვნებელია და ის ქვეყნის ენერგიოსუფრთხოებას უზრუნველყოფს“, - ასე იწყება ვრცელი სტატია, რომლის ავტორი ესაუბრება საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ შორის რიონის ხეობაში მდებარე სოფელ ვანიჭალის მკვიდრს, 50 წლის მაკა სულაძეს. იგი ლაპარაკობს იმაზე, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილი უცხო ქვეყნის კომპანიის მფლობელობაშია, სოფელში კი მისი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული და აქედან გამომდინარე, მას ახლობლების საფლავების ნახვის შესაძლებლობა მოესპობა.

 

სტატიაში საუბარია აგრეთვე ნამახვანჰესის მშენებლობის მიზნებსა და პერსპექტივაზე: პროექტი რიონის ხეობაში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ორი დიდი ჰიდროელექტროსადგურის აგებას ითვალისწინებს, რომელიც თურქული კომპანია Enka Renewables-ის მეშვეობით განხორციელდება. პროექტი გულისხმობს 800 მილიონი დოლარის ინვესტიციას, ორი ათასი ადგილობრივი მცხოვრების დასაქმებას, ასევე უზრუნველყოფს  ქვეყნის ელექტრონერგეტიკულ უსაფრთხოებასაც: რაც დრო მიდის, საქართველოს მით უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, მისი იმპორტირება (შესყიდვა) კი უცხოეთის ქვეყნებიდან ხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნამახვანჰესს წელიწადში 1500 გიგავატის გამომუშავება შეუძლია (ანუ დღევანდელი მოთხოვნილების 12%), ეს ენერგეტიკაში შეტანილი დიდი წვლილი იქნება.

 

თურქული კომპანიის ENKA Renewables-ის გენერალური მენეჯერი ზექი ქოჯაოღლუ დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, პროექტი მაინც განხორციელებული იქნება. „მოსახლეობას აქვს იმის დემოკრატიული უფლება, რომ საპროტესტო აქცია გამართოს, მაგრამ მათ ჩვენს უფლებებსაც პატივი უნდა სცენ“, - ამბობს იგი „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან საუბარში, - და თუ ორივე მხარე ერთმანეთის უფლებებსა და მოვალეობებს გაიზიარებენ, პრობლემები არ უნდა იყოს“.

 

კორესპონდენტი ესაუბრება მოძრაობა „რიონის გადარჩენისათვის“ აქტივისტს ვარლამ გოლეთიანს: „რიონზე დაგეგმილი კაშხლის მშენებლობა მოსახლეობისათვის საშიშია. რაიმე ავარია რომ მოხდეს, ხეობა დაიტბორება. გარდა ამისა, ხეობაში ბევრი სოფელია და მათი მცხოვრებლები ეკოლოგიური მიგრანტები გახდებიან“, - ამბობს 28 წლის აქტივისტი.

 

არის თუ არა მართლაც საშიში ნამახვანჰესი მოსახლეობისათვის?

„დიახ, არის“, - აცხადებს ქართველ ეკოლოგთა ნაწილი. „არ არის“, - აცხადებენ თურქული კომპანიის წარმომადგენლები. ილიას საახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლები ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ მიმართეს საქართველოს მთავრობას, რომ კაშხლის მშენებლობა რეგიონში სეისმურ რისკებს არ ითვალისწინებს. ინსტიტუტმა მოამზადა იმ სცენარის კომპიუტერული მოდელი, რომელიც აჩვენებს, თუ რა მოხდება ნამახვნის ქვედა კაშხლის ორი მესამედის დაზიანების დროს: ხეობის 70 დასახლებული პუნქტი დაიტბორება (უფრო სწორად, განადგურდება), ხოლო ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის - ქუთაისის მოსახლეობას მხოლოდ 19 წუთი ექნება თავის გადარჩენისათვის, როცა მათ 34 მეტრი სიმაღლის წყლის (ღვარცოფის) ტალღა დაემუქრება. კიდევ უფრო დიდი საფრთხეა რიონის ხეობაში მეწყრული პროცესების გააქტიურების შესაძლებლობა.

 

თავის მხრივ, კომპანია Enka Renewables-ში ამბობენ, რომ მშენებლობა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით განხორციელდება, რომელიც კაშხლების აგების საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს: ესაა ბეტონის გრავიტაციული ნაგებობა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საიმედოდ ითვლება. საქართველოს მთავრობაც ეთანხმება თურქულ კომპანიას და თვლის, რომ ნამახვანჰესის პროექტი ყველაზე დეტალურად შესწავლილი პროექტია. თუმცა ხელისუფლება საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებასაც ითვალისწინებს და არ იწყებს ჰესის ძირითადი ობიექტების მშენებლობას, სანამ ავტორიტეტული სპეციალისტების დასკვნა არ მომზადდება.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/features-56513968

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.