ასოციაცია "დეა" ეცდება ბენეფიციარებს პოსტკოვიდურ პერიოდშიც აღმოუჩინოს დახმარება - თამარ მალანია
2020 წლის თებერვლის თვეში საქართველოში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსი- covid-19, რომლის გავრცელების სისწრაფემ და სირთულემ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგი. საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების თანახმად დაიწყო მკაცრი რეგულაციები, ჩაიკეტა ქალაქები, შეწყდა სატრანსპორტო მიმოსვლა, ამოქმედდა კომენდანტის საათი, დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადაერთო თითქმის ყველა უწყება.
პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით განხორციელებულ პროექტზე FirstNews.ge-ს გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია “დეას“ თავმჯდომარე, თამარ მალანია ესაუბრა:
"საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ჩვენი ორგანიზაციის დღის წესრიგიც სრულიად სხვა რელსებზე გადართო. იმ პერიოდში გვქონდა მიმდინარე პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რამაც სრულიად სხვა ჭრილში დაგვანახა სოფლად მცხოვრები ადამიანების საჭიროებები და გამოწვევები ფორსმაჟორულ პერიოდში. ჩვენი სამიზნე ჯგუფები ძირითადად ახალგაზრდები და ქალები არიან, რომელთა არაფორმალური განათლება და ადვოკატირება ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანაა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერით „covid 19-სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ იმთავითვე მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, რათა ორგანიზაციებს საშუალება ჰქონოდათ გაეგრძელებინათ საქმიანობა და მათ შორის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულთა დახმარება და უზრუნველეყო საიმედო და დამოუკიდებელ ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ პანდემიის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებიდან შევარჩიეთ ქალები, სახელდობრ მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები სენაკის მუნიციპალიტეტის 7 სოფლიდან, ვინაიდან კარგად ვიცნობდით მათ პრობლემებს. გარდა კორონავირუსის შესახებ სანდო ინფორმაციების მიწოდებისა, ჩვენს აქტივობებს დავამატეთ ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციები, ტრენინგები „კრიზისით გამოწვეული სტრესის მართვაში“ , „ოჯახში ძალადობის პრევენციაზე“ და სოციალური პაკეტებით ბენეფიციარების უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში 30 ბენეფიციარს აღმოვუჩინეთ დახმარება სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებებით, კვების პროდუქტებით.
ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა კვალიფიციური ფსიქოლოგ-თერაპევტის თამარ კალანდაძის ტრენინგები და კონსულტაციები, რომელიც დაეხმარა მათ სტრესის დაძლევაში. სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებების კვლევამ ცხადყო, რომ მათ უფრო მეტი პრობლემები წარმოეშვათ პანდემიის პირობებში, ვიდრე მანამ. განსაკუთრებით დედები წუხდნენ ინტერნეტის ხელმიუწვდომლობაზე, ვინაიდან ონლაინ სწავლების პირობებში მათ შვილებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც თანამედროვე ინტერნეტიზაციის პირობებში, დროულად უნდა იქნეს მოგვარებული. მისი საჭიროებისა და აქტუალობის გამო. ჩვენს მიერ სასწავლო ნივთებითა და ლიტერატურით რამდენიმე ოჯახისათვის აღმოჩენილი იქნა დახმარება. ასოციაცია "დეა" ეცდება ბენეფიციარებს წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევაში აღმოუჩინოს დახმარება პოსტკოვიდურ პერიოდშიც. სამომავლო გეგმებიც ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათთან ერთად უკვე შემუშავებული გვაქვს და ვიმედოვნებთ დონორის მოძიების შემთხვევაში გავაგრძელებთ დაწყებულ საქმეს, რითაც პოზიტიურად სახეს შევუცვლით 30 ოჯახის, მრავალშვილიანი დედისა და მათი მოზარდების ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია," -განაცხადა ჩვენთან საუბარში თამარ მალანიამ.
სიახლეები
- "ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის" - გიორგი გახარია
- "აუცილებელია, მოხდეს რეჟიმის დელეგიტიმაცია - ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან" - ნიკა გვარამია
- "ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს" - ელეონორა არჩაია
- უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა