November 27, 2024

პლანეტა კატასტროფის წინაშეა - როგორ უნდა ვებრძოლოთ თანამედროვე სამყაროში პლასტმასის გამოყენებას

2021 წლის 25 აგვისტო - ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუს აღწევს, ძალიან ცხელა. ასეთ ტემპერატურაში კი ადამიანში წყლის მოთხოვნილება ჩნდება. პირველივე მაღაზიას მიაშურებ და წყლის პლასტმასის ბოთლს ჰკიდებ ხელს.

მასთან ერთად სხვა პროდუქტსაც ყიდულობ, სალაროსთან კი ყველაფერს ერთად, პოლიეთილენის (ხაზგასმით აღვნიშნავ) ფასიან პარკში გილაგებენ. ტელეფონში გაფაციცებით იყურები, მეგობრები საღამოს პიკნიკზე აპირებენ წასვლას ბუნებაში. ჩატში რჩევის სახით წერ, რომ ლუდისთვის ერთჯერადი ჭიქები და თეფშები წამოიღონ. მსუბუქია და სუფრის დალაგებისას დიდ დროს არ წაიღებს, რადგან მოკუჭავ და სანაგვეში გადაყრი. 


ეს და კიდევ ბევრი სხვა სიტუაცია შემიძლია ჩამოგითვალოთ, რასაც ყოველდღე რუტინულად ვაკეთებთ და არც კი ვუფიქრდებით, თუ რა ზიანი მოაქვს თითოეული ადამიანისთვის და პლანეტისთვის ჩვენს ცხოვრებაში ამდენი დოზით პლასტმასის არსებობას. 


რეალობაა, რომ პლასტმასი ყველგან გვხვდება: საკვებში, რომელსაც ვჭამთ, წყალში, რომელსაც ვსვამთ. დიახ, „გილოცავთ“ ის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.  


ეს თითქმის „მკვლელი“ ნივთიერება ყოველდღიურად ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის დედამიწას. ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის ნივთები ყოველ წელს მილიონობით ზღვის არსებას კლავს.

 

111Square 4x4


თანამედროვე სამყაროში პლასტმასთან "ბრძოლა" ერთ ერთი გამოწვევა გახდა. მისი ნარჩენების გადამუშავება კი ეკოლოგიური დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. 

 

Plastics Europe-ის მონაცემებით, წლიურად 350 მილიონი ტონა პლასტმასი იწარმოება და აქედან მხოლოდ 9%-ის გადამუშავება ხდება. ეს ძალიან საგანგაშო სტატისტიკაა.

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად კი უფრო საგანგაშო პროგნოზი, ის არის, რომ, თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, 2025 წლისთვის ეს პრობლემა ათჯერ გაიზრდება.

 

სწორედ, ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბრიტანეთში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Mura-მ 2021 წლის მარტში გამოაცხადა, რომ ქმნის მსოფლიოში პირველ კომერციულ ქარხანას, რომელიც "ჰიდროთერმული" პროცესის გამოყენებით, პლასტიკის ყველა ფორმის ნარჩენს გადაამუშავებს.

 

"ჩვენ კატასტროფის წინაშე ვართ. დროა ავიღოთ ინიციატივა და დავასრულოთ პლასტიკური დაბინძურება. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ," — ამის შესახებ Mura Technology-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ მაჰონმა განაცხადა.

 

"პრობლემა პლასტმასში არ არის, ის მის გადამუშავებაშია. ჩვენ გვსურს შევცვალოთ ის ხედვა, რაც მსოფლიოს პლასტმასის მიმართ აქვს. დღეს პლასტმასი ერთჯერად და გადასაგდებ მასალად აღიქმება. ჩვენ ამას შევცვლით და პლასტმასს მრავალჯერად, გადამუშავებად მასალად ვაქცევთ. ის იქნება უფრო გამოსადეგი და რაც მთავარია, პლანეტას აღარ დააბინძურებ," — აღნიშნავენ Mura Technology-ში.

 

რატომ წარმოადგენს პლასტმასით გარემოს დაბინძურება პრობლემას? როგორ შევამციროთ მისი გამოყენება? ამ და სხვა საკითხზე FirstNews.ge-თან იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრის" ხელმძღვანელმა - ქეთევან ცხაკაიამ ისაუბრა.

 

- პლასტმასი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დამაბინძურებელი გარემოსი და ბოლო 50-60 წლის განმავლობაში მსოფლიოში მისი ძალიან დიდი რაოდენობა დაგროვდა. უნდა ვთქვათ, რომ ის პრობლემას წარმოადგენს არამარტო ადამიანებისთვის, არამედ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ბოლო დროს აქტუალური გახდა ისეთი საკითხი, როგორიც გახლავთ პლასტმასის ნარჩენების დიდი რაოდენობით დაგროვება ოკეანეებში. პლასტმასი დიდი ხნის განმავლობაში, ზოგიერთი კი - 100-დან 1500 წლამდე ინარჩუნებს მდგრადობას, ბუნებრივია ასეთი ტიპის ნარჩენები პრობლემას უქმნიან გარემოს და ერთ-ერთ მდგრად დამაბინძურებელს წარმოადგენს.

 

როგორც ცნობილია ოკეანეში რამდენიმე უზარმაზარი კუნძულია წარმოქმნილი და დაგროვილია მილიონობით ტონა პლასტმასი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმებზე. ძალიან ხშირად გვხვდება სხვადასხვა ინფორმაცია ინტერნეტსა და პრესაში იმის თაობაზე რომ, თევზები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები იღუპებიან იმის გამო, რომ ყლაპავენ პლასტმასს.

 

მეორე პრობლება, რომელიც ამჟამად გაჩნდა, ეს გახლავთ წყლის და სხვა ობიექტების ​მიკროპლასტიკით დაბინძურება. როგორც კვლევები გვიჩვენებენ ის ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან მისი ზეგავლენა ჯერ სრულად არ არის შესწავლილი და ბუნებრივია შეშფოთებას იწვევს. ის ჯერ წყალში ხვდება შემდეგ ცოცხალ ორგანიზმში და იქიდან ადამიანში კვებითი ჯაჭვის შესაბამისად და ესეც ძალიან აქტუალური საკითხი გახლავთ.

 

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ის პლასტმასები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, ძირითადად ნავთობ პროდუქტებიდან მზადდება, ხოლო ნავთობი არაგანახლებად რესურს წარმოადგენს მისი მარაგი ამოწრვადია.

 

- რა უარყოფითი თვისებები აქვს პლასტმასის გამოყენებას?


- პლასტმასი ძალიან მოხმარებადი მასალა გახლავთ, რადგან აქვს რამდენიმე დადებითი მახასიათებელი, რის გამოც ის ძალიან აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, განსაკუთრებით, როგორც შესაფუთი მასალა, ბოთლები და სხვა სახით. მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასი მოხმარებაში ძალიან მარტივია, ძალიან ხშირად მისგან დამზადებული ნივთები არის ერთჯერადი მოხმარების და მისი მოხმარების შემდეგ ხდება ნარჩენი. ადამიანის მხრიდან კი ის ხვდება გარემოში.

 

ეს მომენტი მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვყიდულობთ მაღაზიაში პლასტმასით შეფუთულ ნივთებს. პირბადეებიც პოლიპროპილენიდან მზადდება, ისიც პლასტმასის მასალას წარმოადგენს და თანაც ერთჯერადი გამოყენებისაა. COVID 19-თ გამოწვეული გარემოებების გამო, განჩნდა უზარმაზარი მოცულობის პოლიპროპილენის ნარჩენები გამოყენებული პირბადეების, სამედიცინო ხალათების და სხვა დამცავი საშუალებების სახით.

 

Square no gap 4x4


- როგორ შევამციროთ პლასტმასის გამოყენება? არსებობს თუ არა მსოფლიოში რაიმე სახის პრაქტიკა, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და როგორ ებრძვის საქართველოც?

- ბუნებრივია, არსებობს მიდგომები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ შემცირდეს პლასტმასის გამოყენება. თუ გვაქვს არჩევანი, უნდა ავირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის შეფუთული პლასტმასში. თუ ვყიდულობთ გამაგრილებელ სასმელს, ავირჩიოთ შუშის ბოთლი, რადგან მინა მრავალჯერადი გამოყენებისაა, ხოლო პლასტმასი ერთჯერადი გამოყენების. გარემოსთვის ეს ბევრად უკეთესი ქმედება გახლავთ. მნიშვნელოვანი საკითხია ასევე, ერთჯერადი პარკების ჩანაცვლება მრავალჯერადი ჩანთებით. უკვე დროა,რომ ეს ტენდენციაც შეიცვალოს. ეს ბევრად უფრო გააუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას. ჩვენ ადამიანებმაც უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ "3R პრინციპი" ნარჩენების მართვის მიმართ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ნარჩენების ნარჩენების წარმოქმნის შემცირება და პრევენცია.

 

ვსაუბრობ იმაზე, რომ ცხოვრების წესი უნდა შევცვალოთ. ჩვენი ცხოვრება და საქმიანობა ისე დავგეგმოთ, რომ ნაკლები ნარჩენები წარმოიქმნას. იმ შემთხვევაში თუ პლასტმასის ნარჩენების წარმოქმნა აუცილებლობას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყველაზე მისაღები მიდგომა პლასტმასის მიმართ არის მისი სეპარირებული შეგროვება და შემდგომ გამოყენება, როგორც მეორადი რესურსი. წარმატებული ქვეყნები დიდი ხანია მიმართავენ უკვე ამ მიდგომებს და ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება პლასტმასის სეპარირებული შეგროვებით. რაც შეეხება გამოცდილებას, ჩვენ ქუთაისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გვაქვს პლასტმასის სეპარირების საკმაოდ წარმატებული გამოცდილება. ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი ქუთაისია, სადაც 2015 წელს დაინერგა პლასტმასის სეპარირება.

 

აღნიშნულ საქმიანობას მუნიციპალური საწარმო ახორციელებს და ვფიქრობ, ქუთაისი არის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, სადაც პლასტმასის სეპარირება უკვე მე-6 წელია წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნული საქმიანობა უფრო ფართოვდება. სხვა მუნიციპალიტეტებისთვის კი ქუთაისის გამოცდილება მნიშვნელოვანია, იმისთვის, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით დაინერგოს მუნიციპალურ დონეზე პლასტმასის სეპარირება.

 


მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ იქნა პროექტი და ფოთში 40 სპეციალური კონტეინერი დაიდგა​ პლასტმასისთვის. ფოთსაც უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ განახორციელოს პლასტმასის სეპარირება. ანალოგიური საქმიანობა დაინერგა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და კიდე 5 სასოფლო თემში. გარკვეულ წილად ესეც სამაგალითოა. მინდა აღვნიშნო ასევე, ტყიბული, სადაც პატარა საპილოტე პროექტი განხორციელდა 5-6 წლის წინ და დღესაც აგრძელებენ პლასტმასის სეპარირებას.

 

ჩემთვის ცნობილია სხვა ქალაქების ძალისხმევაც. კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სადაც საპილოტე პროექტი განხორციელდა და იქ ქაღალდისა და პლასტმასის სეპარირება ხორციელდება. ასეთი მაგალითები არის საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი რესურსი გაგვაჩნია, იმისთვის, რომ პლასტმასი შევაგროვოთ და შევასრულოთ ის მიზნები, რომლებიც დასახულია ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში. როგორც ცნობილია ის 2016 წელს იქნა მიღებული, ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმასთან ერთად.

 

ვფიქრობ, მუნიციპალიტეტებს ბევრი მუშაობა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაინერგოს პლასტმასის სეპარირება. მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მონაწილეობა ამ საქმეში, რადგან მათი ჩართულობის გარეშე სეპარირების განხორციელება წარმოუდგენელია. საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მათთვის მოტივაციის ამაღლება ნარჩენების, განსაკუთრებით პლასტმასის სეპარირების მხრივ.

 

111Square no gap 4x4

 

- არსებობს თუ არა რაიმე სახის კამპანიები ან პროექტები საქართველოში, რომლებიც პლასტმასის მავნებლობას ებრძვის?

- პლასტმასის სეპარირებული შეგროვება, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მის გადამუშავებასთან. არის საქართველოში რამდენიმე საწარმო, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა სახის პლასტმასის გადამუშავებით. ქუთაისშიც არის რამდენიმე საწარმო. მათი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პლასტმასის სეპარირების გამოცდილება არსებობს. სხვა ქალაქებშიცაა საწარმოები, რომლებიც პლასტმას ამუშავებენ და ასევე, იყენებენ მეორად პლასტმას, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არაა. საჭიროა ამ საწარმოების გაფართოება და ახალი საწარმოების შექმნა, განსაკუთრებით PET-ის (პოლიეთილენტერეფტალატი) მხრივ. მუნიციპალიტეტმა აქტიურად უნდა დაიწყოს სეპარირება, რადგან ამ ნარჩენების ბაზარი არსებობს და ბუნებრივია, მისი რეალიზაციის პრობლემა არ იქნება.

 

როგორც ცნობილია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების, განსაკუთრებით სეპარირების დანერგვისთვის. ჩვენ საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია გვაქვს შექმნილი, ტრენინგებს ვატარებთ სხვადასხვა ჯგუფებისთვის. ასევე, გაგვაჩნია პატარა, პლასტმასის გადამამუშავებელი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი მოწყობილობებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ყველა დაინტერესებულ პირს ახალგაზრდებს, მოსწავლეებს ვაჩვენოთ თუ როგორ ხდება პლასტმასის გადამუშავება. როგორ შეიძლება პოლიეთილენიდან სხვადასხვა ნაკეთობების მიღება. ეს ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მნახველს აქვს შესაძლებლობა საკუთარი თვალით ნახოს პროცესი.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 1160 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 25 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.