კლიმატის ცვლილებების შედეგი გლობალური დათბობა იქნება, რომელიც გარემოს შეცვლის - რა საფრთხეებზე საუბრობს ნუგზარ კოხრეიძე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით კლიმატის ცვლილების ტემპი COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შენელებულა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის, პეტერი ტაალასის თქმით, ეპიდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა ვარდნამ ნახშირორჟანგის გამოყოფის მხოლოდ დროებით შემცირება გამოიწვია, თუმცა ეს ატმოსფეროში არსებული სათბურის აირების რაოდენობის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

”თუ არ მოხდება სათბურის აირების გამოყოფის დაუყოვნებელი, სწრაფი და ფართომასშტაბიანი შემცირება, საშუალო გლობალური ტემპერატურის კლება 1.5C-ით შეუძლებელია, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს ადამიანებსა და პლანეტას, რომელზედაც ჩვენ ვართ დამოკიდებული”, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიო გუტერეშმა.

 

კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, რომელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ადამიანი კვლავაც ვერ ახერხებს სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბუნების გამოწვევებსა და ახალ დაავადებებზე.

 

რა გავლენა იქონია კოვიდ პანდემიამ კლიმატის ცვლილებაზე? ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge-ს "თაობათა დიალოგის" დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე ესაუბრა:

 

- პანდემიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მეცნიერები კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებს ასახელებენ . ცნობილია, რომ თუ კაცობრიობამ ყურად არ იღო მეცნიერთა გაფრთხილება კლიმატის ცვლილებებთან აუცილებელი და სასწრაფო ბრძოლის თაობაზე 21 საუკუნეში პანდემიათა ხშირი გამეორება მოხდება. ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ანტარქტიდის დაჩქარებული ლღობა, რადგან (როგორც მეცნიერები ამბობენ) შეასაძლებელია, ახალ, ადამიანისთვის უცნობ ვირუსებს გაუხსნას გზა და უფრო რთული პანდემიების საფუძველი გახდეს.

 

- კლიმატის ცვლილების მხრივ ძალიან მძიმე ზაფხული გვქონდა - წყალდიდობები, ხანძრები და ქარიშხლები სხვადსხვა კონტინენტსა და ქვეყნებში. რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილებები?

 

- გაეროს  ანგარიშმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ ბოლო წლებში პლანეტაზე გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები კლიმატის ცლვლილებებით არის განპირობებული. ამ კუთხით გამონაკლისი საქართველოც ვერ იქნება. ამიტომ ბოლო წლებში გახშირებული წყალდიდობები, ღვარცოფები, ანომალიური ტემპერატურა სეზონებზე კლიმატის მიმდინარე ცვლილებების ნაწილია. მნიშვნელოვანია კარგად შევისწავლოთ ეს პროცესები, მოვახდინოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების კვლევა და დათვლა, განვახორციელოთ ეკოლოგიური კულტურის ამაღლებისთვის საჭირო საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამები, აქტიურად ვიმუშავოთ ენერგოეფექტურობაზე, ადაპტაციაზე და მაქსიმალურად სწრაფად გადავიდეთ ალტერნატიულ განახლებად ენერგიების გამოყენებაზე იქ, სადაც ეს შესაძლებელია. 

 

- რა როლს თამაშობს გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილებებზე და როგორ უმკლავდება მსოფლიო ამ გამოწვევას?

 

- კლიმატის ცვლილებების შედეგი იქნება გლობალური დათბობა, რომელიც სრულად შეცვლის გარემოს. იქნება კი ადამიანი მზად ამ ახალი გარემოსთვის? მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ტემპერატურის ცვლილება მოახდენს ჯაჭვურ ცვლებებს ჩვენთვის ნაცნობ ეკოსისტემაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მეტად ეკომეგობრული გახდეს, შეამციროს მისი წვლილი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურის მაჩვენებელი 2 გრადუსამდე.

 

- რა ხდება კლიმატის ცვლილების მხრივ საქართველოში?

 

- როგორც უკვე აღვნიშნე კლიმატის ცვლილებები იწვევს გახშირებულ ბუნებრივ კატაკლიზმეს, რომელიც თავის მხრივ დიდ ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ საქმიანობას და წარმოშობს მაღალი რაოდენობის ეკომიგრანტებს.

 

სტატია მომზადდა პროექტის „კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში"ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოსთან თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 966 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 21 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.