"ოკუპანტის მიერ წართმეულმა ქართულმა მიწამ ერთხელაც მძლავრად უნდა იყივლოს..."

27 სექტემბერი ახლოვდება, სოხუმის დაცემის დღე...

უკვე 29 წელია, რაც აფხაზეთი ერის ტკივილად აქციეს და მასზე, მისი დაკარგვის მიზეზებსა და დაბრუნების შანსებზე დღესაც ისევე აქტიურად საუბრობენ, როგორც ადრე, წლების წინ, თუმცა რეალურად სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, მხოლოდ საუბრობენ...

 

კონფლიქტის ზონიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ხონის მუნიციპალიტეტში მიგრირებულთა არსებობა, თითქოს, კალაპოტში დგება, ნამდვილ ცხოვრებას ემსგავსება, მაგრამ აფხაზეთიდან დევნილთა მშობლიურ მიწაზე არათუ დაბრუნების, არამედ თავიანთი ოჯახის წევრების სასაფლაოების მოსანახულებლად გადასვლაც კი პრობლემად და გადაულახავ ზღუდედაა ქცეული დღემდე.

 

გასულ თვეში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტის, დევნილთა საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლის, ახლა უკვე საკრებულოს წევრობის კანდიდატის ბაჩანა ბასილაიას მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც დღევანდელი სოხუმის კადრებია აღბეჭდილი, მნახველის ყურადღება მიიპყრო. ამით დავინტერესდი მეც და ემოციური ინტერვიუც შედგა.

 

- ბაჩანა, რამოდენიმე დღის წინ თქვენს ფეისბუქ გვერდზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ფოტოები გამოჩნდა, რომელიც გადაღებული გაქვთ ქართველებისთვის მრავალი წლის მანძილზე სანატრელ და ტკივილად ქცეულ სოხუმში...

 

- ჩემი სოხუმში გადაღებული ფოტოებისადმი დაინტერესება ცალკე ემოციის თემაა და მიხარია, რომ რამდენიმე კადრმა დევნილი აფხაზეთელები თითქოს დროში ამოგზაურა... სამწუხაროა, რომ აფხაზეთში ჩემი ჩასვლა გამოწვეული იყო ოჯახის უახლოესი ადამიანის გარდაცვალების მიზეზით, თუმცა ამბის მეორე მხარე ნამდვილად ემოციური და ამაღელვებელია... გულწრფელად გეტყვით, რომ წლების მანძილზე ხშირად ვყოფილვარ სხვადასხვა სიტუაციაში და მქონია შემოთავაზებები, სოხუმში აქამდეც ჩავსულიყავი, თუმცა ყოველთვის ისეთი გაუთვალისწინებელი ამბები ხდებოდა, რომ გაწბილებული ვრჩებოდი. ამჯერად, გამიმართლა, თუ ტრაგიკული ამბის გამო ჩასვლას გამართლება ჰქვია და აფხაზეთის მიწას ვეამბორე, სადაც დავყავი სამი დღე - 12-13-14 აგვისტო წარუშლელი იქნება ჩემს მეხსიერებაში.

 

- სოხუმის რომელი ადგილები მოინახულეთ, როგორია თქვენი თვალით დანახული აფხაზეთი დღეს?

 

- ემოციურად რთული დღეებიდან გამომდინარე, რასაც ყოველ ქართველში იწვევს საკუთარი ნათესავის გარდაცვალება, ქალაქში დავყავი მხოლოდ სამი დღე. უხერხულობას მიქმნიდა სურვილი, რომ მინდოდა გაცილებით დიდი დრო მქონოდა ქალაქის დასათვალიერებლად, თუმცა რამდენიმე საათი მაინც დავუთმე სოხუმის ცენტრისა და ზღვის სანაპირო ზოლის დათვალიერებას, ვნახე თეატრის შენობა, მთავრობის სახლი, რომელიც აღუდგენელია, სასტუმრო „აფხაზია“ და ის ადგილები, რომელიც ქალაქის ზოლშია განთავსებული. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მთიანი ზონის ნახვა, ვერც მშობლიური სოფელი კელასური მოვინახულე, რადგან იქამდე მისვლა ფაქტიურად შეუძლებელია...

 

იცით, ყოველთვის ვამბობდი და მწამდა, რომ ერთხელ მაინც მომეცემოდა აფხაზეთში ჩასვლის საშუალება და მისი სხვა თვალით დანახვა, რადგან როცა იქიდან წამოსვლა მოგვიწია,  მე 6 წლის ვიყავი და იმდროინდელი ძალიან მცირე რამ მახსოვს...

 

ქართულ-რუსული კონფლიქტის შემდეგ პირველად ვიყავი საკუთარ მიწაზე და ამას ახლდა დიდი ემოცია. სოხუმი, როგორც ასეთი, იმ მომხიბვლელობას არ კარგავს, რომელიც ბუნებრივად გააჩნია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გულდასაწყვეტია მდგომარეობა, რადგან არ შეინიშნება არანაირი განვითარება და აფხაზეთი ისევ მონურად ემორჩილება რუსეთს. მართალია, ქალაქში არის განახლებული  ინფრასტრუქტურაც, თუმცა იგი, ძირითადად კერძო ბიზნესს აქვს დაკავებული. ქალაქს აკლია მოვლა, თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა და იოლად იგრძნობა - სოხუმი ქართველების გარეშე მკლავმოჭრილია და ის ჩვენ გველოდება!

 

242558317 1063193327844357 7512008989574933033 n

 

- როგორი ცხოვრება დაგხვდათ აფხაზეთში? ვინ უფრო მეტია, რუსები თუ აფხაზები?  ქართულ ოჯახებს ხომ არ შეხვედრიხართ სადმე?

 

- სიმართლე გითხრათ, ძირითადად კავშირი მქონდა აფხაზ და ქართულ-მეგრულ ოჯახებთან, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ. გამიკვირდა და გამიხარდა, რომ მათ შორის თბილი და ჯანსაღი დამოკიდებულება დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ განვიცდიდი, ნეტა, რა განწყობას გამოამჟღავნებენ ჩემ მიმართ თანატოლი აფხაზები-მეთქი, დამოკიდებულება გამოდგა მეგობრული, პატივისცემით მხვდებოდნენ და ანალოგიურ ყურადღებას ვიჩენდი მეც: ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ მოსაზრებებს, ვმსჯელობდით ქართველთა მიღწევებზე... ისინი განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მედიცინის ქართველი მუშაკების დადებით როლს და ყურადღებას აფხაზების მიმართ, მე კი ვუამბობდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საუბარი გვქონდა ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე...

 

გულწრფელად ვიტყვი, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის შექმნილია ხელოვნური ბარიერები, რადგან დავინახე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და აფხაზეთს განვითარება და მომავალი ექნება მხოლოდ საქართველოს იურისდიქციაში. დღეს ნორმალური ურთიერთობით ცხოვრობენ ქართული და აფხაზური ოჯახები ერთად და მათ არანაირი კონფლიქტი არ ეტყობათ, რუსი ეროვნების ხალხი, ძირითადად, შემხვდა ტურისტების სახით, ასეთები კი საკმაო რაოდენობით არიან.

 

 - რას ფიქრობენ სოხუმში საქართველოზე, გველის იქ ვინმე?

 

- არის ნაწილი, რომლებსაც არ სურთ ჩვენთან ცხოვრება და ისინი აგრესიულად არიან განწყობილნი, თუმცა ამ შემთხვევაში უარყოფითი პროპაგანდაც ხორციელდება, თითქოს, საქართველოში მათი სტუმრობა საფრთხეს წარმოადგენდეს და არ შეიძლება ენგურს აქეთ გადმოსვლა... რაღაც მომენტში მეც მქონდა ეგ განცდა,  როცა ენგურს იქეთ გადავდიოდი, თუმცა არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, ვინმეს ცუდი ეგრძნობინებინოს ჩემთვის.

 

აფხაზები ხედავენ საქართველოს განვითარებას და ეს უნდა გაგრძელდეს, მათ უნდა მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ეს უმნიშვნელოვანესი როლი კი უნდა იკისროს სახელმწიფომ. აუცილებელია მეტი სატელევიზიო გადაცემა აფხაზურად და სხვადასხვა ბეჭდური მედიის გამოყენებით მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ვფიქრობ, შერიგების გზით სიარულია ერთადერთი პერსპექტივა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა.

 

- გულისამაჩუყებელი იქნებოდა საკუთარ მიწაზე ფეხის დადგმა, რა გრძნობა დაგეუფლა, ბაჩანა?

 

- განცდები ნამდვილად იყო... განვიცადე ჟრუანტელის მომგვრელი ემოცია, ერთმანეთში არეული სიხარული და მწუხარება და არ შეიძლება იმას, განსაკუთრებით რაც ვნახე გალიდან სოხუმამდე _ ტყედ წასული ჩვენი საცხოვრებელი ეზოები, დანგრეული სახლები, ტყეში მიკარგული სასაფლაოები, ნანგრევები, ნატყვიარი კორპუსები, მთავრობის სახლი და სხვა _ არ გამოეწვია უსაშველოდ დიდი ტკივილი...

 

ქალაქში რამდენჯერმე ემოცია ხმამაღლა, ქართულად გამოვხატე, შიშის შეგრძნება აბსოლუტურად გამქრალი მქონდა... ყველაზე მეტად გულს ის მიკლავს, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო პირები რომ წყვეტენ საკუთარ სახლში ჩასვლას, რომ საჭიროა სპეციალური დოკუმენტაცია, გადიხარ ბლოკპოსტებს, იცვლი რამდენიმე ტრანსპორტს... ეს ყველაფერი ურთულესი სანახავი და აღსაქმელია, თუმცა საამაყოა, როცა შენს კუთხეს ნახულობ... ვერ ვიტყვი, რომ ვნახე ბევრი ქართველი და აფხაზი, თუმცა, ვისურვებდი: მალე აფხაზეთში უფრო ამაყად ჩავსულიყავით_ ჩვენ ერთად საქართველოს შემადგენლობაში ვიქნებით ბედნიერი!..

 

242700244 886371561994276 7670774620327391149 n

 

   ***

პ.ს. გულწრფელი, ამასთან თავშეკავებულია აფხაზეთზე საუბრისას ბაჩანა. აშკარად ეტყობა, რომ სოხუმში ყოფნის ემოცია კიდევ კარგა ხანს არ გაუნელდება... გაუნელდება კი არა, პირიქით, თანდათან უფრო მოენატრება თავისი ფესვების სამყოფელი და ვინ იცის, ბაჩანასავით კარგი ქართველების მიერ ფეხდადგმულმა და მონახულებულმა, ოკუპანტისგან წართმეულმა და გულზე ჩექმადაჭერილმა ქართულმა მიწამ ერთხელაც ისე მძლავრად იყივლოს, რომ სრულიად საქართველო ერთ მუშტად შეკრას, თვალი აუხილოს და საკუთარი მიწის ყოველი ნაგლეჯის დასაბრუნებლად ქვეყანა გრძნობების გარეშე გააერთიანოს...

 

ავტორი: გურანდა ცაგურია

წაკითხვა 1747 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 24 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.