"სახლში დაბრუნების ლოდინში 29 ზაფხული მიილია, ლოდინს კი დასასრული არ უჩანს..."

"მე სოხუმელი ვარ... უბრალოდ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქის შვილი ვარ. უბედნიერესი 10 წელი გავატარე მზით გამთბარ თეთრი მაგნოლიების ქალაქში.

ის იყო ბავშვობის ყველა ნათელი მოგონებებით დახუნძლული 10 წელი. სწორედ ამ ქალაქში ვისწავლე სიყვარული, ბედნიერების შეგრძნება, ამ ქალაქში ვეზიარე ხელოვნების სიყვარულს, ბავშვობის ნათელ მოგონებებს შორის ყოველთვის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მარტო მე კი არა მთელს ქალაქს უყვარდა."

 

ასეთი ფერადი მოგონებები აქვთ სოხუმში მცხოვრებ დევნილებს. ბევრ განსხვავებულ ისტორიას მოისმენთ მათგან, თუ კარგად გამოჰკითხავთ იქაურ ამბებს. სულ დეტალებში მოგიყვებიან იქ გატარებულ ბევრ ლამაზ დღეს. უმარავი ჟრუანტელი დაგივლით ტანზე და დაგბურძგლავთ... ისეთი სიყვარულით იხსენებენ ქალაქსა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას. წარსულში მოგზაურობენ და ბედნიერები არიან... თუმცა იქიდან წამოსულებს აქ მძიმე რეალობაში უწევთ ცხოვრება, ათას გამოწვევასთან გამკლავება და "ნორმალური" ცხოვრებისთვის  ბრძოლა.

 

ჩვენ ვეცადეთ გვეჩვენბინა, ერთი ადამიანის თვალით დანახული სოხუმი და ახლანდელი დევნილობა წყალტუბოში. როგორი იყო მათი გზა ფერადი ქალაქიდან გაუსაძლის მდგომარეობამდე? ვინ არის პასუხისმგებელი მათ ასეთ ყოფაზე?

 

Firstnews.ge გთავაზობთ თემის განვითარების ცენტრის ,,პროგრესის" დირექტორის ეკატერინე ბოლოკაძის მოგონებებს სოხუმზე.

 

ბავშვობა, მარადონა და სოხუმის ბოშები

 

საოცარი ქალაქის შვილი ვარ. ყველა ბედნიერი მოგონება სოხუმს  უკავშირდება.  უსაზღვროდ საყვრელი იყო ამირანი... "პინგვინში" შეუდარებელ ყავას ადუღებდა და არაჩვეულებრივად აზავებდა ნაყინს, რომლის მსგავსი ვერცერთ ქვეყანაში ვერ ვიპოვე, ვერც იმ ყავის სურნელი შევიგრძენი ვერსად... ახლა ვხვდები იმ ყავასაც კი სოხუმის სურნელი ასდიოდა.

 

ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა ყველაზე მხიარული კაცი მარადონა, რომლის წარმომავლობა ბევრმა არც იცოდა, მაგრამ ამ ქალაქმა იმდენად შეისისხლხორცა, რომ მარადონაც სოხუმელების რიგში ჩაეწერა. ძალიან გვხალისებდა, როდესაც ნიჟარების მძივებით ასხმული მარადონა ჩვენს უბანში შემოვიდოდა და მთელი უბნის ბავშვები ყიჟინით მივსდევდით გამაყრუებელი ძახილით: потанцуй марадона. Карате покажи марадона … ის კი დაუზარებლად ართობდა მთელი სოხუმის ბავშვებს. ყველას თავისებრად გვიყვარდა ჩვენი მარადონა. არ მეგულება სოხუმელი, რომელმაც არ იცის მარადონა, ლიმონა და სვაბოდა,  ცალკე თემა იყო ჩვენი უბნის ბოშები... მათი თავკაცი ბამბურა. ახლანდელ ბავშვებს ალბათ გაეცინებათ "ციგნებთან" რა გინდოდათო, მაგრამ ხშირად ერთადაც ვთამაშობდით ხოლმე. ყოველთვის ძალიან მხიბლავდა მათი ბრჭყვიალა კაბები, ძალიან ბევრი მძივები, თმებში ჩამაგრებული წითელი ვარდი, დიდი საყურეები.. ახლა ვხვდები, რაც დრო გადის სულ უფრო მაკლია ჩვენი ბოშების გამაყრუებელი შეძახილები: - დონალდო, დონალდო, პედრო, ჟვაჩკა, ბრიტვა,ბრიტვა... ბრჭყვიალა ქაღალდებში გამოხრული ნახერხი ბურთად ქცეული, რომელიც წვრილ რეზინაზე იყო დამაგრებული... ჩვენი ინტერესი კი ის იყო, თუ რა იდო იმ ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული...

 

13 ეროვნება ცხოვრობდა ჩვენს ქალაქში: ქართველები, აფხაზები, რუსები, უკრაინელები, ესტონელები, სომხები, ლატვიელები ებრაელები, ბერძნები და სხვა ბევრს ვერ ვიხსენებ.

 

14 აგვისტო და ტყვიების ზუზუნი, ომი დაიწყო...

 

1992  წლის აგვისტოში კი თავზარდამცემმა ომმა ერთ დღეში გაგვზარდა, დასრულდა ბავშვობის ფერადი დღეები, მხიარული სიცილ-კისკისი კი ტყვიების ზუზუნმა შეცვალა. საშინელი დღე იყო 14 აგვისტო, დილიდან უჩვეულო სიჩუმე იყო. ზღვაზე წასასვლელად ვემზადებოდით, პოლონელებისა და ბერძნების გემი ჩამოვიდა და კარგი ნივთები აქვთ ჩამოტანილიო, თან სკოლა ახლოვდებოდა და მზადებაში ვიყავით, მაგრამ უეცრად დაიწყო სროლები. ქალაქში ხმა გავარდა, ომი დაიწყოო. ჩემს სიცოცხლეს ერთ აფხაზ ბიჭს ვუმადლი. დღემდე არ ვიცი მისი არც სახელი და არც გვარი, მხოლოდ ხმა მახსოვს მისი. როგორ გამომარიდა ტყვიების წვიმას, როგორ გვერდთ მედგა, სანამ დედა მიპოვიდა ბაზრის უკან, როგორ წამოიღიო მძიმე ავტომატთან ერთად ჩემი ჩანთები. ვერ ვიტყვი, რომ აფხაზი ცუდია, უბრალოდ არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები, ეროვნება აქ არაფერ შუაშია... 

 

ომის დღეებში მოსაგონარი არც არაფერია- შიში, ტირილი, გოდება, დამალვა, ტყვიების ზუზუნი, ჭურვების აფეთქება და ცრემლი, უზომოდ ბევრი ცრემლი....

 

ცხოვრება წყალტუბოში და უსასრულო დაბრუნების ლოდინი

 

2 თვის მერე მშობლებმა წამომიყვანეს ბებიასთან, წყალტუბოში, რადგნ ომის დამთავრებას ბოლო არ უჩანდა...

 

პირველად იყო, როდესაც დაბადების დღის მოსვლა არ გამხარებია. პირველად ვიგრძენი, რომ არ ვიყავი უკვე ის უდარდელი ლაღი ბავშვი და მე უცებ გავიზარდე. მივხვდი დასრულდა ფერადი დღეები და დაიწყო შავ-თეთრი ცხოვრება.. უკვე ახალ სკოლაში მისულს ახალი სახელი მქონდა ლტოლვილი... და ამ სახელით ნათქვამი იყო ყველაფერი... ადგილი ბოლო მერხზე დავიკავე ჩემთვის უჩვეულო გარემოში, საშინლად განვიცდიდი იმას, რომ ჩემიანი არავინ მყავდა. რამდენიმე დღეში დირექტორმა ახალი ბავშვი შემოიყვანა ჯგუფში და ისევ გაჟღერდა ახალი სახელი ლტოლვილი. მივხვდი ჩემიანი იყო... ხელით ვანიშნე ჩემს გვერდით თავისუფალ ადგილზე...

 

ცხოვრება გაგრძელდა მეგობრების შეძენა გამიჭირდა, ჩემთვის ისინი ისეთივე უცხოები იყვნენ, როგორც მე მათთვის. ბევრმა ცრემლიანმა დღემ ჩაიარა. თუმცა გავიდა წლები, შევეგუეთ  რეალობას, მოხდა ჩვენი მიგრირება და ინტეგრაცია.

 

13 დღის და 13 თვის მერე ომი დამთავრდა და ცხოვრება გაგრძელდა სანატორიუმში. თავიდან ყველა გაუცხოებულები ვიყავით, მაგრამ გაჭირვება გვაერთიანებდა და მაინც ჩვენიანები ვიყავით ყველა. ამ კომპაქტურმა ჩასახლებამ ბევრი გადაგვატანინა, რადგან აქ არავინ გვეძახდა ლტოლვილს, აქ ყველა აფხაზეთიდან ვიყავით. სახლში დაბრუნების ლოდინში მიილია 29 ზაფხული ლოდინს კი დასასრული არ უჩანს...

 

რეალობა 29 წლის შემდეგ და გაუსაძლისი ცხოვრება სანატორიუმში  - 2021 წელი

 

ყველაზე დამამცირებელი და საშინელი ჩვენი ცენტრალური მთავრობის დამოკიდებულება იყო. ყველა მის გამორჩენაზე იყო გადასული, ჩვენ არც არავის ვედარდებოდით. მილიონობით თანხები შეიჭამა, მაგრამ დევნილებამდე არაფერი მოდიოდა. ახლა კი გვირგვინად 2021 წყალტუბოს განსახლების პროგრამა იყო, სადაც სიებში ისეთი ხალხი აღმოჩნდა, რომელთა არც სახელი გაგვეგონა და არც გვარი.

 

დევნილების ცხოვრება რომ ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, ამაში ყველა დამეთანხმება. ყოველთვის ყველა მთავრობის დროს დევნილების უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი, მაგრამ ახლა რომ უსამართლობის ზეიმია მსგავსი არ ახსოვს მგონი ისტორიას.

 

 Square no gap 4x4 1

 

ეს ფოტოები ასახავს წყალტუბოში მცხოვრები კერძოდ სანატორიუმ "აიაში" მცხოვრები დევნილების ცხოვრებას. ქოლგებს სილამაზის კუთხით ნუ შეხედავთ წყლისგან გვიცავს, გარეთ რაც წყლები ასხია სულ ფეკალური მასაა დაჟანგული და ამორტიზებული მილებიდან წამოსული. ახლა რომ თავს იწონებს სიმონიშვილი წყალტუბოში ბინები დავარიგეთ და სამართლიანად გადავეცით ხალხსო -  ეს მისი სამართალია?! მოკლედ მოგიყვებით დევნილთა სააგენტოს სამართალზე.

 

ამ შენობაში ცხოვრობს ხალხი, რომელიც 29 წელი აქ ცხოვრობდა, ბევრი გვყავს მიწერილი და კიდევ უფრო ბევრი ისეთი, რომ აღარც გავხსოვს. ბინების დარიგების დროს კი სიებმა აგვიჭრელა თვალები რადგან: ადგილობრივი სიძე თურმე დევნილია და ვერ ვხვდებით, საიდან გამოაგდეს სიძე. გვყავს ომამდე ომში მკვდრები, ომის მერე ომში მკვდარი ვეტერანებიც მოგვეძებნება. დალოცვილო ჩემი მიცვალებული და ბაბუის ბაბუა გამოიძიე და ცხვირწინ ტყუილ მართალი ვერ გაგირკვევია.

 

ნათქვამი იყო უნდა დაცლილიყო სანატორიუმი და რა გააკეთა სიმონიშვილმა? იმ ხალხს მისცა ბინები, ვინც უკვე ცხოვრობს საკუთრებაში. აქვე ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა დევნილს ეკუთვნის ბინა, ვინც აფხაზეთი გამოიარა. მაგრამ დალოცვილო იმას სახლ-კარი თუ აქვს, ხომ შეიძლება ამ ავარიული შენობიდან გაიყვანო ხალხი? მაგრამ არა... მოკლედ გეტყვით ვინ დარჩა სანატორიუმში: სანატორიუმში დარჩნენ ვეტერანები, ომში დაღუპული მებრძოლის დედა, ჯანმრთელობა შერყეული ადამიანები, პენსიონერები, 80 წელს გადაცილებული მოხუცები.

 

ხშირად გამიგია და არაერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ, ბევრი ამას აღიარებს...  გვჯერა, რომ ეს ქარტეხილი გადაივლის, დასრულდება ჩვენი ლოდინიც, უკან მოუხედავად გადავლახავთ ენგურს. მაგნოლიების ქალაქის შვილები ვართ და  დავბრუნდებით ჩვენს ულამაზეს აფხაზეთში, იქ ჩვენი სახლია. აფხაზეთი საქართველოა.

 

Square no gap 4x4 2

 

ავტორი : ივლიტა გოგუა

წაკითხვა 1041 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 27 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.