ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს საკვებზე პრობლემა შეექმნება - რა საფრთხეებზე საუბრობს ეკოლოგი

მიმდინარე წლის 20-26 სექტემბერს, ნიუ იორკში სტარტი აიღო კლიმატის გლობალური ცვლილების  დასაძლევად მიმართულმა მასშტაბურმა კამპანიამ - „კლიმატის კვირეული-2021“. 2021 წლის კლიმატის კვირეულის გზავნილი ნიუ იორკდან ასეთია: „დავასრულოთ“.

კლიმატის ცვლილება XXI საუკუნეში, მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ რომ აღნიშნულ პრობლემას გაუმკლავდნენ. თუმცა, ამ პროცესში მხოლოდ მსოფლიო ლიდერების ჩართულობა არ კმარა. დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილების პროცესი კი უფრო და უფრო მწვავდება.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კლიმატის კონფერენციის დროს შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო რამდენიმე აქტუალურ მიზანს არ ასრულებს.

 

"1.5 ის ნაცვლად 2.7 გრადუსით დათბობის გამო, სამყარო კატასტროფის პირასაა. ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ეს უნდა იყოს ლიმიტი. მეცნიერება გვეუბნება, რომ 1.5 გრადუსზე მეტით დათბობა კატასტროფა იქნება”, - განაცხადა გუტიერეშმა.

 

მისი თქმით, 2030 წლისთვის თითქმის ნახევრით სათბურის გაზების ემისიები უნდა შემცირდეს, რათა 2050 წლისთვის ქვეყნებმა ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწიონ. ამისთვის, კი, გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ქვანახშირის ელექტროსადგურების გამოყენება თანდათანობით უნდა შეწყდეს, რადგან ეს გარემოს აბინძურებს. მისივე თქმით, გამონაბოლქვის თითქმის 80% G-20 ქვეყნებიდან მოდის.

 

როგორც უკვე ვიცით, გაერო-ს მონაცემებით, კლიმატის ცვლილებები პლანეტას სულ უფრო ძლიერად უტევს, ამის შემცირების მცდელობები კი საკმარისი და სათანადო არ არის.

 

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მსოფლიო ახლა "კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება, ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იმ გამანადგურებელი ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც პლანეტასა და საკუთარ თავს ვუკეთებთ, - ამის შესახებ კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან კაცობრიობა 16 წლის მოზარდს შეადარა, რომელიც საკმაოდ გაიზარდა და ამიერიდან მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

 

ბრიტანეთის პრემიერმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ 2050 წლამდე ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმამდე დაიყვანონ, 2040 წლამდე კი ქვანახშირის გამოყენება შეზღუდონ.

 

"თუ ჩვენ ამ საქმიანობებს გავაგრძელებთ, საუკუნის ბოლომდე გლობალური ტემპერატურა 2.7 გრადუსით მოიმატებს, რაც საშინელ შედეგებს გამოიწვევს“, - აღნიშნა ჯონსონმა.

 

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და როგორ უნდა ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას? ამ საკითხზე FirstNews.ge- ს აკ. წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკოლოგი ელენე გამყრელიძე ესაუბრა.

 

"კლიმატის ცვლილება მთელს მსოფლიოში შეინიშნება, ამას ვერც საქართველო აუვლიდა გვერდს. მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამჟამად XXI საუკუნის დასაწყისია და ტრანსპორტის რაოდენობამ მოიმატა, როგორც მთელს მსოფლიოში და მათ შორის იმერეთში, ჩვენს ქალაქ ქუთაისში. ეს ძალიან შესამჩნევი პრობლემა გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მანქანების გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ჩვენს ჯანმრთელობაზე. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი სათბურის აირებია. მისი შემადგენელი ნაწილებია ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდები და ტყვია. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად საქართველოში ევროპიდან და აშშ-დან მოძველებული მანქანები შემოდის, რაც ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს გარემოზე.

 

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი იყოს მინიმალური. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი მუდმივად განახლებული იყოს. მანქანების ძირითადი ნაწილი სხვადასხვა საწვავზე არ უნდა მუშაობდეს, არამედ იყოს ჰიბრიდი ან ელექტრომობილი, რომლებიც შეარბილებენ სათბურის აირების უარყოფით გავლენას ატმოსფერულ ჰაერზე,"- აცხადებს ეკოლოგი.

 

მისივე თქმით, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე სუფთა ტრანსპორტი ველოსიპედია და იმედია, ველობილიკები კიდევ დაემატება ქალაქს და ადამიანები იცხოვრებენ ცხოვრების ჯანსაღი წესით.

 

klimaturi tsvlileba w h

 

"სხვადსხვა სპეციალისტების გამოთვლებითა და დაკვირვებებით დადგენილა, რომ კლიმატის გლობალური ცვლილებები და მათ შორის ტემპერატურის მატება კაცობრიობას უქადის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს პრობლემა შეექმნება საკვებზე. ამის მიზეზი კი გვალვები და კოკისპირული წვიმებია. ყველაფერი ეს, საბოლოოდ, საკვები პროდუქტების შემცირებას იწვევს დედამიწაზე. თუნდაც, ავიღოთ გაუდაბნოებული ადგილები დედამიწაზე, მათ შორის საქართველოში. ამას კიდევ სხვა დიდი პრობლემებიც ემატება.

 

ასევე, ადამიანები უკვე გადამეტებულად იყენებენ სასუქებსა და შხამ-ქიმიკატებს. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვში არის ტყვია. განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც განთავსებულია გზატკეცილები, საკვები იჟღინთება ტყვიით, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსოფლიოში პოპულარული გახდა გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენება. კლიმატის გლობალური ცვლილებები დაკავშირებული არის ისეთი პროდუქციის გამოყენებასთან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს,"- განმარტავს ელენე გამყრელიძე ჩვენთან საუბარში.

 

კლიმატის კვირეული ტარდება პროექტის „კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში"ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოსთან თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში.

 

სტატია მომზადდა კლიმატის კვირეულის ფარგლებში

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 353 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 25 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.