„მონური მუშაობა გიწევს და შემოსავალი მინიმალური გაქვს“- როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ქალთა შრომითი უფლებების დარღვევას

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, „ორი ნაბიჯის'' თანამშრომლები გაიფიცნენ. დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებზე, შრომითი უფლებების დარღვევასა და მიზერულ ანაზღაურებაზე საუბრობდნენ, რადგან ზეგანაკვეთურად და თან ღამე უწევდათ მუშაობა.  

„4 თვე ქუთაისში ვიცხოვრე, იმის იმედით, რომ ნორმალურ სამსახურს ვიპოვიდი და ჩემი შემოსავალი მექნებოდა, მაგრამ როცა გადავედი აღმოჩნდა, რომ სტუდენტებისთვის არ არსებობს არც ნორმალური სამსახური და არც წესიერი შემოსავალი. დღესდღეობით, ძირითადად სამსახურის პოვნა სუპერმარკეტებში შეიძლება, სადაც მონური მუშაობა გიწევს და შემოსავალი მინიმალური გაქვს, თავს კი ნორმალურად ვერ ირჩენ. 4 სამსახური გამოვიცვალე 4 თვის განმავლობაში და ნორმალური მდგომარეობა არსად არ იყო. განსაკუთრებით მახსენდება მაღაზიათა ქსელი ,,ორი ნაბიჯი”. აქ განსაკუთრებულად რთული სამუშაო პირობებია. ანაზღაურება  მუშაობის შესაბამისი არაა. იმას ითხოვენ შენგან, რაც არ შეგიძლია. მხოლოდ 4 დღე ვიმუშავე სტაჟირების პერიოდში. შემდეგ მივხვდი, რომ ვეღარ შევძლებდი და წამოვედი. 1 კვირის წინ ,,ორი ნაბიჯის” თანამშრომლები გაიფიცნენ, რადგან აბსოლუტურად შეუძლებელია იმუშაო, იმდენად მძიმე შრომაა.

 

ქალების უფლებები დაცული არაა. ისინი იმ საქმეს ასრულებენ რასაც მამაკაცები, რადგან უმეტეს ფილიალში კაცები არ ჰყავთ და ქალებს უწევთ მძიმე სამუშაოების შესრულება. დაცვაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ათასი უაზრო ადამიანი დადის და რამე რომ მოხდეს ვერავინ დაგიცავს. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შეამცირონ სამუშაო, ან ანაზღაურება უნდა იყოს იმდენი, რომ თანამშრომელს არ გაუჩნდეს პროტესტის სურვილი!“ - ამ ისტორიას FirstNews.ge- ს სტუდენტი ნინი აბულაძე უყვება.

 

სამწუხაროდ, მაღაზიათა ქსელში მომუშავე ქალთა უფლებების დარღვევის შესახებ, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი ამბავია. აღნიშნულ თემას სხვადასხვა მედია პერიოდულად აშუქებს, თუმცა შედეგი არ ჩანს. პრობლემა ისევ პრობლემად და გამოწვევად რჩება, მისი გამოსწორება კი არ ხდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა შრომის კოდექსი, ბევრმა ქალმა ნაკლებად იცის ამ ცვლილებების შესახებ. დასაქმების მსურველ ქალებს არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ. ასევე, დასაქმების ადგილზე ხშირად ვაწყდებით ქალთა დისკრიმინაციას, ბევრს მონური შრომაც უწევს.

 

რაშია გამოსავალი?

 

ადვოკატი, ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისათვის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და შრომითი უფლებების ტრენერი ქეთი სვანიძე მიიჩნევს, რომ ქალებმა უფრო მეტად უნდა მოინდომონ და დაიცვან საკუთარი უფლებები.

 

„ქალთა შრომითი უფლებები ყოველდღიურად ირღვეოდა საქართველოში. ახალმა შრომის კოდექსის მიღებამ შედარებით შეამცირა ქალების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ქალები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად.

 

სახელმწიფოს ბრძოლა ამ კუთხით  შრომის ინსპექციის გააქტიურებაში უნდა გამოიხატოს. ქალის და მამაკაცის ხელფასი  უნდა იყოს თანაბარი, სხვაგვარად ეს დისკრიმინაციაა სქესის ნიშნით.

 

შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება კი მნიშვნელოვანია, ვინაიდან კონტროლის მექანიზმის არსებობა შრომით საკითხებზე აუცილებელი იყო. საკმაოდ მაღალი ჯარიმებია , რომელიც უფრო აკავებს დამსაქმებლებს,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ქეთი სვანიძე.

 

როგორ არის დაცული ქალთა შრომითი უფლებები სხვა ქვეყნებში?

 

ამ და სხვა საკითხებზე კი FirstNews.ge-ს ექსპერტი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, - მორეტა ბობოხიძე ესაუბრა:

 

- ევროპაში, კერძოდ, სკანდინავიურ ქვეყნებში - ნორვეგია, დანია, შვედეთი - ქალთა შრომითი უფლებები მაღალ დონეზეა დაცული, რაც გამოიხატება ამ ქვეყნებში მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით კი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კონვენციებთან. ამას გარდა, ქალთა შრომითი უფლებების დაცულობას განაპირობებს სახელმწიფოს/მთავრობის ზოგადი მიდგომა გენდერული თანასწორობის უზუნველყოფისათვის და  პროფესიული კავშირების სიძლიერე და ავტორიტეტი, რომელიც ზურგს უმაგრებს ყველა დასაქმებულ ქალს. საქართველოსგან განსხვავებით ზემოთხსენებულ ქვეყნებში დროულად წარიმართა დისკუსია ე.წ. უხილავ შრომასთან დაკავშირებით - დიასახლისი ქალების შრომის ანაზღაურების და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი- და სხვადასხვა სახით მოხდა ამ ტიპის შრომის კომპენსაცია, სოციალური შეღავათები და ა.შ.

 

- რა ბერკეტებით უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ქალთა შრომითი უფლებების დარღვევას? რა მაგალითები გვაქვს თუნდაც ევროპის ქვეყნებში?

 

- ქალთა შრომითი უფლებების დარღვევას სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა ებრძვის გამართული კანონმდებლობით და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულებით. პარალელურად, სახელმწიფო უნდა აძლიერებდეს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის განსამტკიცებლად საჭირო ძალისხმევას, რაც გულისხმობს სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ამასთანავე, შრომის ინსპექციის ფუნქციების გაფართოება და დახვეწა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალთა (და არა მარტო) შრომითი უფლებების დარღვევების პრევენციისა და აღმოფხვრის საქმეში.

 

- კონკრეტულად რის შეცვლას ითხოვს ევროკავშირი საქართველოს კანონმდებლობაში შრომითი უფლებების მხრივ? ( რა შესრულდა და რა არა?)

 

- 2019 წლამდე შრომის კანონმდებლობა არ აღიარებდა სექსუალურ შევიწროებას, ისევე როგორც ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ანაზღაურების პრინციპს. ასევე არ იყო გამიჯნული დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების ფორმები. 2020 წელს საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები დარეგულირდა. ამას გარდა, კანონში გაჩნდა გონივრული მისადაგების პრინციპი-დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სპეციალური საჭიროებების მიხედვით, მოაწყოს და შექმნას ისეთი სამუშაო სივრცე, სადაც ყველა თანამშრომელს ექნება საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების თანაბრად რეალიზების საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ქმედების განხორციელება დამსაქმებელს არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს.

 

აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალთა შრომითი უფლებები დეკრეტული შვებულების ჭრილში, კერძოდ: ორსულობის, ახალშობილის მოვლის, ან შვილად აყვანის შემთხვევაში, ანაზღაურებადი, ექვსთვიანი შვებულების განაწილება და სარგებლობა შეუძლიათ როგორც ბავშვის დედას, ასევე მამას, ან პირს, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის აღზრდაზე.

 

მშობლებს უფლება აქვთ, შვებულების დასრულების შემდგომ, მუშაობა გაუმჯობესებული ან იმავე პირობებით გააგრძელონ. ასევე, მიიღონ დეკრეტული შვებულების ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და დამსაქმებელი ორგანიზაციისგან, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული ოდენობით.

 

განახლებული შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია დამსაქმებელს მინიმუმ ორი კვირით ადრე შეუთანხმოს დეკრეტული შვებულება.

 

თუმცა, დარჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შსო კონვენცია და წესი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ცნობს ქართული შრომის კანონმდებლობა, მაგალითად: სახელფასო სხვაობის დათვლის პრინციპი, კოლექტიური საჩივრების სისტემის დანერგვა ევროპული სოციალური ქარტიის თანახმად და სხვა.

 

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს”

 

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organisation «For Rights and Education» and do not necessarily reflect the views of the European Union

 

252246798 567592110990321 7012301369540043404 n                                         251389427 577559956636249 6658584934824630530 n

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

 

წაკითხვა 652 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.