4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
თბილისის მერია, როგორც სიმსივნური დაავადებების სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.
თბილისი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ქალაქის სტატუსს ატარებს და საერთაშორისო მოძრაობაშია ჩართული. ეს გამოწვევა ქალაქებს კიბოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობისა და მართვის უზრუნველყოფის მოტივაციას აძლევს.
კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა (UICC) 2018 წელს, ნიუ-იორკში, თბილისი ოფიციალურად გამოაცხადა, როგორც ევროპაში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პირველი დედაქალაქი. ნომინაციამდე, UICC-ის და მისი ფონდის - City Cancer Challenge წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ მიმართულებით მოქმედ პროგრამებს ადგილზე გაეცნენ.
2019 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტთა კავშირმა“ და City Cancer Challenge-მა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში, შვიდი პროექტი ხორციელდება. დიაგნოსტიკური გამოსახულებისა და ბირთვული მედიცინის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, თბილისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტები ავსტრიიდან და იტალიიდან ეწვივნენ. კერძოდ, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი PET-CT-ზე მოთხოვნის შეფასებას და რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებდა. გამოცდილების გაზიარებისა და მიღებული ცოდნის საქართველოში დანერგვის მიზნით, ავსტრიის, იტალიის, ესპანეთის, სერბეთისა და უკრაინის წამყვან კლინიკებში, ქართველი ექსპერტების 20-ზე მეტი ვიზიტი შედგა. შემუშავდა და საერთაშორისო დონეზე განხილვის პროცესშია ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: ადაპტირებული კლინიკური მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის გაიდლაინები, სხვადასხვა მიმართულების განვითარების გეგმები, სასწავლო მოდულები და პროგრამები.
თბილისის მერია დღეისთვის, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ოთხ პროგრამას ახორციელებს – დაავადებათა სკრინინგის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, ტრანსპლანტაციისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს სკრინინგი და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა.
თბილისის მერიამ გასულ წელს, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, 114 894 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის, 100 245 გამოკვლევა „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ ჩატარდა. ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს 54 პირს ძვლის ტვინის გადანერგვა დაუფინანსდა, 11-ს - ღვიძლის გადანერგვა, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები კი, 179 მოქალაქეს აუნაზღაურდა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის