"ფორმულა არ არსებობს, მას ჩვენ თავად ვქმნით" - წარმატებული ქალები ქუთაისიდან

ყოველი წლის 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

 

მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.

 

ეს დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.

 

როგორია იყოთ წარმატებული ქალი და რა ძალისხმევას მოითხოვს წარმატების შენარჩუნება? Firstnews.ge ქუთაისში მცხოვრებ წარმატებულ ქალბატონებს ესაუბრა.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, - თეონა გოგიშვილი:

 

"ვარ კი წარმატებული? სიმართლე გითხრა ამ კუთხით არ მიფიქრია....

 

თუ წარმატებას განვიხილავთ იმ კუთხით, რომ მყავს ლამაზი ოჯახი და მაქვს სამუშაო, სადაც ვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, რატომაც არა ვარ წარმატებული.

 

ჩემთვის სიყვარული და პასუხისმგებლობა განუყოფელი ცნებებია. მიუხედავად სირთულეების და დაბრკოლებებისა გულწრფელად უნდა შეიყვარო საქმე, რასაც შეეჭიდები. შეიძლება ეს სულაც არ იყოს ის, რაზეც გიოცნებია, მაგრამ თუ არ მონახე მასთან საერთო და გულით არ შეიყვარე სხვაგვარად ვერც მიაღწევ და შემდგომ ვერც შეინარჩუნებ წარმატებას. ეს უკანასკნელი კი უფრო რთულია. წარმატების შენარჩუნებას არ უყვარს მოდუნება. მას მუდამ უნდა ასაზრდოებდე თვითგანვითარებით და ახლის ძიებით."

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "პარტია საქართველოსთვის", - ელეონორა არჩაია:

 

"წარმატება მხოლოდ თავდაუზოგავ შრომას მოაქვს, როგორც ოჯახში და პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიაში. ერთმანეთის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი მგონია. ჩემი განვლილი გზაც ამაზე მეტყველებს. მუდამ ვშრომობდი შვილებისთვის, მათი განათლებისთვის, ოჯახისთვის, ბიზნესისთვის, გვერდში ვედექი მეუღლეს, პარალელურად არ ვწყვეტდი თვითგანვითარებას, ვკითხულობდი, ვსწავლობდი და ვუსმენდი ადამიანებს, რომელთაგან რაიმე ღირებულ ცოდნას მივიღებდი.

წარმატებისთვის ასევე საჭიროა გქონდეს მიზანი. ჩემი მიზანი გახლდათ ვყოფილიყავი სამაგალითო ქალი შვილებისთვის. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ შეიძლება ერთდროულად მართო ოჯახის ბიზნესი, გაზარდო ხუთი შვილი, იყო საჯარო მოხელე და ემსახურო ხალხს. რამდენად შევძელი ვყოფილიყავი სამაგალითო, ამას უკვე ჩემი შვილები განსჯიან, მაგრამ ამ მიზანმა მიმიყვანა სწორედ იმ წარმატებამდე, რომელზეც ახლა თქვენთან ვსაუბრობ." 

 

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების #13 ფილიალში  დირექტორის წარმომადგენელი,

მასწავლებელთა სახლის ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სერტიფიცირების პროგრამის  ტრენერი, -   მაკა აბულაძე:

 

"წარმატების ფორმულა არ არსებობს, მას ჩვენ თავად ვქმნით, დამოკიდებულებით, ღირებულებითა და სიყვარულით ადამიანების და იმ საქმის მიმართ, რომელსაც ვირჩევთ ჩვენი ცხოვრების პროფესიად. ემსახურებოდე შენს საყვარელ საქმეს - ეს დიდი ბედნიერება და წარმატების საწინდარია. ასევე, მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ, პროფესიული სრულყოფისაკენ, გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ იმ მიზნისაკენ, რომელიც არა ერთხელ მოგვცემს საბაბს, ვიამაყოთ საკუთარი თავის წინაშე, რომ ჩვენ ეს შევძელით, გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები, ვიყოთ მაგალითი ჩვენი შვილებისთვის.

 

ჩემთვის ბავშვების სიყვარულით იწყება ყოველი გათენებული დილა, არა აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი შვილების სიყვარულია თუ ჩემი აღსაზრდელების, ვინაიდან ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ჩემთვის ჩემი პროფესია და ოჯახი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია.  ვთვლი, რომ თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე აქ დიდი წილი და დამსახურება ბავშვების უპირობო სიყვარულს მიუძღვის. ქალი, რომელსაც დიდი  ოჯახი და სამი შვილი ჰყავს, ვერაფერს შეძლებს და მიაღწევს მათი მხარდაჭერის გარეშე. ჩემი მეუღლე და შვილები, სწორედ ის მოტივაცია, ძალა, უშრეტი ენერგია და განვითარებისკენ სწრაფვის სურვილი არიან, რომლებიც მუდმივად მაძლევენ სტიმულს ვიყო ის ვინც ვარ, ვემსახურო ჩემს საყვარელ საქმეს, ყველაზე ძვირფასს ჩემს ოჯახს და ჩემს ქვეყანას, დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველა ქალს, რომ სწორედ დედები ზრდიან გმირებს, ყველაზე მეტად დედები ზარალდებიან ომის დროს, მინდა ყველამ ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების, იბრძოლოთ შვილების უკეთესი მომავლისთვის, ვინაიდან სწორედ ჩვენ გვანდო უფალმა ვაჩუქოთ სამყაროს, მისი  ყველაზე ძვირფასი ქმნილება - ა დ ა მ ი ა ნ ი."

წაკითხვა 908 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 08 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.