''მედიის წარმომადგენელთა სავარაუდო მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას'' - სახალხო დამცველი
საქართველო სახალხო დამცველი განცხადებით ეხმაურება 13 ივლისს ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს, რომელიც შეეხება „მთავარი არხის“ გადაცემის დაგეგმვის პროცესს და შეიცავს მედიის წარმომადგენელთა კონფიდენციალური წყაროს შესახებ ინფორმაციას.
სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს „კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. მასში ასევე ვკითხულობთ, რომ „განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი“.
ომბუდსმენის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას „მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას“.
„ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს, „მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს დაიწყო გამოძიება ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერებით ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის („უცნობის") მიერ გავრცელებულ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესის ნაწილია ასახული.
სიახლეები
- “26 და 27 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება” – მეტეოროლოგი
- ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 სექტემბრისთვის
- “თუ სურთ, რომ ციხეში მეძინოს, დავიძინებ თავაწეული” - სარკოზი პატიმრობის მისჯაზე
- ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა