"მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს ლოკალიზება და ჩაქრობა"
მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძართან დაკავშირებით განუცხადა.
„დღეს ყველაზე აქტუალური თემა ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის არის ხანძრები, რომელიც, რა თქმა უნდა, არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. იმ მაღალი ტემპერატურიდან, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არის და უპრეცენდენტოდ გვალვიანი სეზონიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, თვეების განმავლობაში ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში არ გვქონდა ნალექი. ყველაზე უფრო რისკიანი ამ კუთხით და სამწუხაროდ, რთულიც არის წიწვოვანი ტყეები. სწორედ აქ გვაქვს ხანძრის კერები. რაც შეეხება ზარალს, ჯერ ნაადრევია, ვისაუბროთ. ხანძარი პირველად გავრცელდა ტყის ქვედა ფენებში, ნაკლები იყო მცენარეების დაზიანება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ხანძრის მეტად გავრცელება მოსალოდნელი არ არის.
„მაქსიმალურადაა მობილიზებული ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა. თქვენ იცით, რომ მყისიერად მოხდა, მათ შორის თავდაცვის ძალების გამოყენება. რამდენიმე უწყების ძალებია მობილიზებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა სატყეო რეინჯერები, თავდაცვის ძალები, ყველა გაერთიანებული ძალებით ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა. ასევე, მეზობელი ქვეყნის მხრიდან არის დახმარება. მეზობელმა ქვეყნებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მადლობა მინდა, გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა ზაფხულის სეზონი ხანძრების კუთხით ზოგადად რისკის შემცველია.
„ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა აქ გასაკვირი არაფერია. არის მაღალი ტემპერატურა, ზაფხულის სეზონი. აგვისტოს პერიოდი არის სარისკო პერიოდი. წინა ხანძრები როდესაც გვქონდა, იყო ყოველთვის ამ პერიოდში. მე მაგ პერიოდში მომიწია გარემოს სამინისტროში იმავე გამოცდილების მიღება. მაშინ მასშტაბი არ იყო ასეთი დიდი, თუმცა გვახსოვს წინა წლების მასშტაბური ხანძარი ბორჯომის ხეობაში. კონტინენტზე იგივე და ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემებია განვითარებულ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. დაცული ტერიტორიების 10 პროცენტი ერთ თვეში დაკარგა პორტუგალიამ ხანძრებით. ასე რომ, რაზე ვსაუბრობთ. დღეს საუბარია იმაზე, რომ გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ხანძარს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის