მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია არ დაუფიქსირდებათ „ბონუს“ სისტემით ისარგებლებენ
იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება, - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ ე.წ. „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.
„კანონით განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში სამი წლის შემდეგ შესაძლებელია „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ. კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდერე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში. როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება“, - განუცხადა bpn.ge-ს ირაკლი თუთარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა საქართვლოში სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. კანონპროექტით დადგენილია წლიური დაზღვევის მინიმალური და მაქსიმალური ფასები ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით: მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;
მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;
ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00ლარი;
სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი;
მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი