ამნეზია ანუ ლოლა

(ნებისმიერი კრიზისისა და ომის ამსახველ ამბებს საუკეთესოდ ინახავს მხატვრული ჩანაწერები...)


(„ლოლა“ გენდერისა და ავადმყოფობას ბრძოლის თემაზე შექმნილი ნოველაა, მასში ჩადებულია: 1. ფსიქოლოგიური ომი სკლეროზის წინააღმდეგ; 2. ავადმყოფთან მარტო დარჩენილი ქალის სულიერი და ემოციური ბრძოლა სიბრაზესა და ტკივილთან; 3. ქმრის მამიდაზე ქმრისავე ნათესავების მიერ ზეწოლით აღებული პასუხისმგებლობა; 4. გაუთხოვარი მარტოხელა ქალის ხვედრი 5. მხარდაჭერის კრიზისი);

 

********


_ აქეთ დედას ხომ არ გაუვლია? - მეკითხება და ისეთი საცოდავი, უცნაურმზერაჩამდგარი, გაყინული თვალებით მიყურებს, ჩემი გული წარმოუდგენელი ძალით იკუმშება, ძნელად იშლება, კიდევ იკუმშება და ლამის დარჩეს ასე შეკუმშულ მდგომარეობაში, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს...
ჩემზე მოშტერებულ ლოლას ვერაფერი ვუპასუხე, საშინლად შემეშინდა, მერე ძალა მოვიკრიბე, სამზარეულოში შევიყვანე და თბილსა და ნოყიერ საუზმესთან დავსვი...


ჩემს ოთახში შემოსვლისთანავე დამამშვიდებლები აკანკალებული თითებით ჩავიყარე პირში, ცივი წყალიც დავლიე, არა, კი არ დავლიე, ჩქარ-ჩქარა ჩავყლაპე, რადგან მერე სამსახურში მივდიოდი...


„ქალი ხარ, რძალი, შენ უნდა მოუარო, აბა, მეტი ვინ? ჩვენ სხვაგან ვცხოვრობთ, პატარა შვილები გვყავს, ვმუშაობთ, ათასი საქმე გვაქვს... შენთან ცხოვრობდა და შენ უნდა მოუარო, კაცი ხომ არა?! “ __ კაცში მისი, ლოლას ძმისშვილი, ანუ ჩემი ქმარი იგულისხმება და ტვინში წითლად ჩუხჩუხებს: მე, რომელიც მხოლოდ რძალი ვარ, ლოლას ძმისშვილის ცოლი, რომელსაც არანაირი პატივისცემა და ყურადღება არ მახსოვს მისგან, ვითვლები თუ არა გენდერული უთანასწორობის ძალდატანებით ამ ნებაყოფლობით მსხვერპლად?.. მინდა თუ არა, შემიძლია თუ არა, დრო და ნერვები მაქვს თუ არა უნდა გავხდე მომვლელი...


არადა, ლამაზია ლოლას თვალები, სიკეთეს, სიმშვიდეს, მუდმივად სხვებზე ზრუნვის სურვილსა და უბოროტობას ასხივებდნენ ადრე... მას დიდი ხანია ვიცნობ, ოჯახის რძლობიდან მოყოლებული და ყოველთვის, როცა ვუყურებდი, ვხედავდი, ვერცხლისფერი რკალი როგორი ბზინვარებით დასდევდა ლოლას თვალის ჭრილს... ჯერ მოდური ფანქრის კვალი მეგონა, მერე დროებითი გასხივოსნება, ერთხელაც პირდაპირ ვკითხე ამაზე და ოდნავ რომ გამოუჩნდა ჩაწიკწიკებულ კბილთაგან ერთი ოქროს კბილი, ისეთი ღიმილით მითხრა:


_ მეც არ ვიცი, ჩემო გოგო, რანაირად, მაგრამ სიზმარში ღვთისმშობელმა მაჩუქა და ერთ დილას ასეთი ბზინვარე თვალებით გავიღვიძე... არ მეჯერა, მაგრამ აი, ხომ ხედავ, დღემდე ასეაო! - თან ხელი უცნაური, მისთვის დამახასიათებელი ჟესტით ჩაიქნია და საქმე განაგრძო.


******


_ დედა არ დაგინახავს, ან თალიკოო?.. არ გეყურება, გოგოო? - სახელიც არ ახსოვს ჩემი, ისე მეკითხება. _ ცოტა ხნის წინ ოთახში ვისხედით, ჭიათურაში წასვლას ვგეგმავდით და გვერდით რომ მივიხედე, არსად იყო... არ მელაპარაკები, გოგოო? მითხარი, თუ ღმერთი გწამს, დედას აქეთ ხომ არ ჩაუვლია?! _ საქმის ვითარებას მაცნობს ერთ დროს ლამაზი, ჭკუით, გონებით, პატიოსნებითა და ავტორიტეტით დაჯილდოებული ქალი, რომელსაც ცხოვრებამ დაზამთრებისპირს ახალი თავსატეხი დაატეხა _ გაუქრო აწმყო და მომავალი და ახლა მასში ყველგან წარსულია: ფიქრებში, აზრებში, მოგონებებში, აწმყოშიც და მომავალშიც...


შიშის ძრწოლა გამოგიცდიათ??? ასე მემართება ყოველ მის ფრაზაზე, მის გარდაცვლილთა ლოდინით გაჯერებულ კითხვებზე და სხეულში ცივი ჟრუანტელი მივლის ხოლმე, თვალს ვერ ვუსწორებ...


_ არა, არავის ჩაუვლია! _ ჩემი ფილტვებიდან სიმწრით ამოსული და ყელში გაჩხერილი სიტყვები ძლივს ესმის ლოლას, თუმცა ხვდება, რაღაც არა ვარ კარგად, მტოვებს და სიარულს ისევ ხელისუნაურად ჩაქნევით განაგრძობს...


მე ისევ სამსახურში მივდიოდი, უფრო სწორად, გავრბოდი...


********


_ აქეთ დედას ხომ არ ჩაუვლია? - კითხულობს მხოლოდ და არ ეძახის: დედა, დედაო... უბრალოდ, დაეძებს გამუდმებით, დაეძებს ჯერ არნახული სევდით და ზოგჯერ საყვედურიც დასცდება ხმადაბლა: _ ოოხ, დედა, დედა! მთელი ბავშვობა ჩემს დასა ძმას, მათი პრობლემების მოგვარებას მომანდომებინე, მათ გამო დავრჩი უშვილოდ, საკუთარი კერის გარეშე... დავბერდით და ხომ ვერ გასწავლე დამიბარო, სად მიდიხარ, ვისთან და რატომ?! არ გეცოდები? გეძებ და გეძებ წინ და უკან...
მე სამსახურში მივდიოდი, უფრო სწორად, გავრბოდი...


**********


_ დედას აქეთ არ ჩაუვლიაა? _ კითხულობს, ისევ კითხულობს... ეძებს ეზოს წინა და უკანა მხარეს, სახლის ირგვლივაც შემოივლის ხოლმე მსუბუქი და სწრაფი ნაბიჯებით, აბა, ჭიშკრის იქით არც კი გადასულა 20 წელია... რამდენჯერმე გადავიდა პენსიის ასაღებად რძალთან ერთად და ეგაა... მერე იმ ათიოდე ნაბიჯის გადადგმაზეც აიკვიატა:


_ სული მეხუთება, ვერ გადმოვალო და მას მერე ქუჩას უშინდება... ქუჩას უშინდება ქალი, რომელიც 45 წელი ჩვენი პატარა ქალაქის უზარმაზარ დაწესებულებაში საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობდა და ასობით ადამიანთან კონტაქტი თუ ყოველდღიური მგზავრობა მისი ცხოვრების რეჟიმი იყო, ან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რუტინა...


ისევ დედის ამბავს მეკითხება... მე კი სამსახურში მივდივარ, უფრო სწორად, გავრბივარ ფიქრებატკიებული: _ განა ვინმემ იცის, რა მოელის დღეს, ხვალ ან მომავალში?! განა ვინმე დავფიქრებულვართ, გვემუქრება თუ არა მეხსიერების დარღვევა ან დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, სამუდამოდ ან დროებით, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ორგანული ან ფსიქოლოგიური მიზეზებით? მაინც რა არის ეს გონების გათიშვა, მედიცინა რომ გაფანტულ სკლეროზს უწოდებს და მის სახეობებსაც დაუფარავი სისასტიკით გვიშიფრავს: ეს დისოციაციური ამნეზიაო, ეს რეტროგრადულიო, ესეც ალცჰაიმერიო...
დაავადების სიმძიმეზე ფიქრი სკოლაში ჩასატარებელ გაკვეთილებზეც მიმყვება და გუგლს მივმართავ, სადაც ვკითხულობ: ალცგეიმერის ტიპის დემენცია ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გონებრივი შესაძლებლობების ნელ-ნელა დაქვეითება. დაავადება მოქმედებს მეხსიერებაზე, მეტყველებაზე, ლოგიკურ აზროვნებაზე. დღეისათვის დაავადება წარმოადგენს მოხუცებში გონებასუსტობის განვითარების მიზეზს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ალცგეიმერის მიზეზი ხდება: გენეტიკური მიდრეკილება, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაშლა, ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებები, თავის ტრავმები, ტვინის სიმსივნე, ტოქსიკური მეტალებით მოწამვლა, ჰიპოტირეოზი. ადამიანი სწრაფად ივიწყებს უახლოეს წარსულში მომხრად მოვლენებს; ავადმყოფი ვერ ცნობს ადამიანებს, საგნებს; აქვს დეპრესია, შფოთვა, ემოციური აშლილობა; მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, ალცჰაიმერის დიაგნოზის მქონე ადამიანი ოჯახთან და საზოგადოებასთან არსებულ ურთიერთობას წყვეტს. თანდათან, სასიცოცხლო ფუნქციები ირღვევა, რაც საბოლოოდ, ფატალური შედეგით მთავრდება... საკმარისია... მეტს არ ვკითხულობ...
მეშინია, შინ მარტო მყოფ ლოლასრამე არ დაემართოს...


...სახლში ადრიანად მოვდივარ, არა, კი არ მოვდივარ, მოვრბივარ...

 

23ე fotor 2023072423433

 

**********


_ აქეთ დედას ხომ არ ჩაუვლია? ნეტა, ყანის სათოხნად ხომ არ გამეპარა? ან მამას ხომ არ ჩააკითხა ჭიათურაში სამუშაოზე? _ კითხულობს, დღეს, ხვალ, ზეგ, ყოველდღე და მე ისევ ვკვდები მისი მოსმენისას, ქცევებისას, ძებნისას, სიცილისას... და ახლა სამსახურში კი არ გავრბივარ, ფეხათრეული მივდივარ... დედა კი, ლოლას დედა, 18 წლის წინ წავიდა, ოღონდ არც დაუბარებლად მეზობლებში, ყანაში, ან ქმრის მოსაკითხად, არამედ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან და სადაც გულსაკლავი ქვითინით მიაცილა გაუთხოვარმა ქალმა შვილებითა და შვილიშვილებით დახუნძლულ და-ძმასთან ერთად...


ისინიც ტიროდნენ... ჰო, ყველა ტიროდა საუკუნეს მიტანებულ მშრომელ და ფუსფუსა ჭიათურელ გაფრინდაშვილის ქალს, მაგრამ მათ ჭირს გამზიარებელი ჰყავდა, ლოლასას _ არა, რადგან დედა იყო დედაც, მეგობარიც, ოჯახიც და ბოლოს შვილივით საფერებელიც...


_ დედას აქეთ ხომ არ ჩაუვლია?..
და ტირილამდე მეცოდება მარტოობისთვის, აუსრულებელი ოცნებებისთვის განწირული და მოსაუბრის გარეშე დარჩენილი დისა და ძმისშვილებზე თან გადაყოლილი ქალი...


...გული მტკივა... ორივე უთანასწორო ომში ვართ ჩართულნი... გამარჯვებამდე უსასრულობაა... ნებისყოფას ვიკრებ და მერე სამსახურში მივდივარ, არა, კი არ მივდივარ, გავრბივარ ან ფეხათრეული მივლასლასებ...


გურანდა ცაგურია

წაკითხვა 464 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 25 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.