რატომ კლავენ გოგონებს ჩანასახშივე, ანუ მიგვიყვანს თუ არა სელექციური აბორტები კატასტროფულ შედეგებამდე

ბოლო წელია, აქტიური შეხება მაქვს სკოლასთან და მრავალრიცხოვან კლასებთან; ცოტა ხნის წინ, მორიგი მასშტაბური პროექტის განხორციელებისას, სრულიად მოულოდნელად დავაფიქსირე, რომ მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა ვაჟი გახლდათ.

ამ განსხვავებას თავდაპირველად ყურადღება გოგონებისა და ბიჭებისათვის გადასანაწილებელი ტექსტების გამო მივაქციე, თუმცა საინტერესოდ მეჩვენა, მომეძია სტატისტიკა სქესთა შორის ბალანსის დასადგენად ჯერ მსოფლიოსა თუ საქართველოს მასშტაბით, მერე კი მუნიციპალიტეტის დონეზე, რადგან ყოველი გოგონა ჩვენი და ზოგადად, დედამიწის ხვალინდელი დღეა და წარმოუდგენლად დიდი დანაშაულია მათი არდაბადება... ამ დროისათვის საქართველოში დაბადებული გოგონებისა და ბიჭების განსხვავების სტატისტიკა ჯერ არ მიახლოვებია საგანგაშო ნიშნულს, თუმცა დინამიკა მზარდია, მიზეზს კი, რის გამოც ბოლო 25 წელია ბიჭები უფრო მეტნი იბადებიან, ვიდრე გოგონები, სელექციური აბორტი ჰქვია.

 

სელექციურ, ანუ შერჩევით აბორტს, უწოდებენ ფეტუსის, ანუ ჩანასახის რომელიმე არასასურველად მიჩნეული ნიშნის გამო ჩატარებულ აბორტს. მაგალითად, როდესაც გენეტიკური ტესტირება, ან ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა გამოავლენს ფეტუსის ამა თუ იმ თანშობილ დარღვევას, მშობელს ხშირად ეძლევა არჩევანი _ აბორტი გაიკეთოს თუ შეზღუდული უნარების მქონე ბავშვი გააჩინოს... სელექციური აბორტის განსხვავებული, ძალიან გავრცელებული ფორმაა აბორტი ფეტუსის სავარაუდო სქესის მიხედვით. ეს პრაქტიკა ძირითადად მდედრობითი სქესის ფეტუსის აბორტს მოიცავს და გავრცელებულია საზოგადოებებში, სადაც კულტურული ნორმებით ოჯახში უპირატესობა ენიჭება ბიჭის ყოლას გოგონებთან შედარებით. სქესის მიხედვით შერჩევითი აბორტები განსაკუთრებით გავრცელებულია ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით.

 

23e

 

სქესის მიხედვით სელექციური აბორტები გავლენას ახდენს მოსახლეობაში სქესთა თანაფარდობაზე. მიიჩნევა, რომ არსებობს განსაზღვრული ბუნებრივი თანაფარდობა: ადამიანებისთვის ასახელებენ 103-დან 107-მდე ახალშობილ მამრს 100 მდედრზე. თუ ქვეყანაში ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობაა 108 ან მეტი ბიჭი ყოველ 100 გოგონაზე, ითვლება, რომ ქვეყანაში გოგონების სელექციური აბორტების მნიშვნელოვანი პრაქტიკა არსებობს, ხოლო თუ ეს თანაფარდობაა 102-ზე ნაკლები ბიჭი 100 გოგონაზე, ბიჭების სელექციური აბორტების პრაქტიკასთან გვექნება საქმე.

 

ვაჟებისათვის უპირატესობის მინიჭება და გოგონების დაუფასებლობა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს, რის შედეგადაც, საქართველოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, გოგონების რაოდენობა კი მცირდება. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბოლო წლებში ბავშვების სქესის გამო 19 000 აბორტი ჩატარდა და 15 ათასზე მეტი გოგონა არ დაიბადა. სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, მოქალაქეების 46% ბიჭის ყოლას ამჯობინებს, 45%-ისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლა მხოლოდ 9%-ს სურს. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა გენდერული დისკრიმინაციის რადიკალური გამოვლინებაა, ის ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალების მნიშვნელობის აღქმასა და გაზრდაზე, არამედ ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ისედაც მცირეა.

 

დიახ, ქრებიან გოგონები... დიახ, ეს გამოცხადებული ომია გოგონათა წინააღმდეგ... არადა, 21-ე საუკუნეა, გენდერის თემატიკა ყველა კონტექსტში განიხილება: ვდავობთ, ვკამათობთ, ათასგვარ სატელევიზიო გადაცემაში განვიხილავთ ამ თემას, თუმცა საზოგადოებამ ჯერ ისევ არ იცის, რომ გენდერული თანასწორობა — ცნობილი როგორც სქესთა თანასწორობა, წარმოადგენს სქესის მიუხედავად რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას, მათ შორის ეკონომიკურ ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსხვავებული ქცევის, მისწრაფებების და საჭიროებების თანაბრად დაფასებას...

 

და ახლა, როცა ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი კარიერული შესაძლებლობები, ისე როგორც არასდროს აქვთ შანსი განვითარდნენ, მიიღონ განათლება, ჰქონდეთ სამსახურები, ჩაერთონ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, იყვნენ თავადაც არჩეულები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მეხანძრეები, მშენებლები, მათემატიკოსები, ტაქსისტები და ამ ყველაფრისთვის მათ 100 წლის წინ დაიწყეს ბრძოლა, მაინც გაჩნდა ახალი პრობლემა _ სელექციური აბორტები და არ გვახსენდება არც ღმერთი, არც უძველესი მოაზროვნის ციცერონის სიტყვები: „ჩვენ გაჩენილები ვართ სამართლიანობისათვის და ეს უფლება ეფუძნება არა შეხედულებებს, არამედ ბუნებას.“

 

   ***

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადვილი გახდა ნაყოფის სქესის გამოვლენა, რამაც შესაძლებელი გახადა სელექციური აბორტების პრაქტიკის გავრცელება. სქესებს შორის თანაფარდობის დარღვევა ორსულობის ადრეულ დიაგნოსტიკას და აბორტების ხელმისაწვდომობას უკავშირდება. ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაყოფის სქესის დადგენისა და არასასურველი სქესის ნაყოფის მოშორების საშუალებას იძლევა. თანაფარდობა სქესს შორის საქართველოში 1994 წლიდან ირღვევა, როდესაც ულტრასონოსკოპიის გამოყენება დაიწყო.

 

2w2w

 

სელექციური აბორტის თემატიკაზე სასაუბროდ დავუკავშირდი ხონში მოქმედ კლინიკა „ულტრამედის“ დირექტორსა და ექიმ-რადიოლოგს, 2001 წელს ერთ-ერთი პირველი ულტრასონოსკოპის აპარატის შემომტანს რეგიონში, შორენა ჩხიკვიშვილს. აი, რას ამბობს იგი: „საზოგადოდ, ულტრასონოგრაფიიული ტექნოლოგიის გაჩენამდე ბიჭის ყოლის კულტურულად განპირობებული პრეფერენცია გამოიხატებოდა ბევრი შვილის გაჩენაში (მანამ, სანამ ოჯახში ვაჟი არ გაჩნდებოდა), ამ ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობამ კი განაპირობა სქესის მიხედვით სელექციური აბორტების გამოყენება სასურველი სქესის ბავშვის, ანუ ბიჭის ყოლისათვის.

 

მე ძალიან მაკვირვებს ის გარემოება, რომ ბიჭის დაბადებით აღფრთოვანებულნი არიან მშობლები და გოგონას დაბადება იმდენად სასიხარულო არაა მათთვის. ჩემს კლინიკაში, ექოსკოპიის გადასაღებად მოსულ მშობლებს როცა ვაცნობებ, რომ ნაყოფის სქესი ბიჭია, გახარებულნი არიან, გოგონას ხსენებაზე კი სახე ჩამოსტირით, განსაკუთრებით მამებს. ჯერ ერთი, ბავშვი უფლის საჩუქარია და მნიშვნელობა არ აქვს სქესს, მეორე _ რაც ყველაზე მთავარია, გოგონას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს მშობლებისთვის, ვიდრე ბიჭს. როცა მშობლები ასაკში არიან და მოვლა- პატრონობა სჭირდებათ, გოგონაზე უკეთესად ვერავინ იჩენს მათ მიმართ მზრუნველობას. ამის უამრავი მაგალითი არსებობს უფროსი თაობის ადამიანებში, რასაც ახალგაზრდები ვერ ხვდებიან, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდიან.

 

ძალიან სამწუხაროა, როცა აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას იღებენ. ზოგჯერ, ჩემთან მოდიან ატირებული დედები, რომლებიც მეუბნებიან, რომ მეუღლე აძალებს მათ ბავშვის მოცილებას, რადგანაც ნაყოფი მდედრობითი სქესისაა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ და რჩევა-დარიგებებს ვაძლევ მათ, რომ ეს არ ჩაიდინონ. აბორტის გაკეთება ორმაგი დანაშაულია. დედები დიდ ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და კლავენ შვილს, რომლისგანაც შეიძლება ისეთი ღირსეული ადამიანი დადგეს, რომელმაც დიდი სარგებლობა მოუტანოს სამშობლოს და ხალხს. ჩვენს მცირერიცხოვან ერს გამრავლება სჭირდება, სელექციური აბორტი სასტიკად დაუშვებელია. არანაირი გამართლება არ აქვთ ისეთ მშობლებსაც, რომლებიც ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიან და მრავალშვილიანობა მათი აზრით, ზედმეტი ტვირთია. ამ დროს ქალბატონებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ამით აიცილონ თავიდან არასასურველი ორსულობა.

 

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ტრადიცია, რომ ბიჭი არის ოჯახის ბურჯი, გვარის გამგრძელებელი, მშობლების დიდი იმედი და საყრდენი, გოგონა კი ოჯახიდან მიდის და ქმრის მშობლებს ემსახურება. პირადად ჩემთვის გოგონა არის უმცროსი მეგობარი, ყველაზე საიმედო, ერთგული და დასაყრდენი... ვერავისთან ისე თავისუფლად ვერ გამოვხატავ ჩემს შინაგან სამყაროში გამომუშავებულ აზრებს, როგორც მასთან. ჩემი დარიგებები მისი გადაწყვეტილებების ტოლფასია და ჩვენი მოსაზრებები მისი გონებრივი და სულიერი განვითარების შესახებ ერთმანეთს ემთხვევა, რის გამოც მას დღემდე არაფერი წაუგია და მეც კმაყოფილი ვარ ჩემი თავისა, რადგანაც ვგრძნობ მისგან მადლიერებას და დაფასებას. ჩემი აზრით, სხვა დედებსა და გოგონებს შორისაც იგივე დამოკიდებულებაა, უმრავლეს შემთხვევაში მაინც. ნუ განვასხვავებთ შვილებს სქესის მიხედვით, ნუ მივანიჭებთ უპირატესობას ბიჭებს, გვახსოვდეს, რომ გოგონას დაბადება უდიდესი ბედნიერებაა!“

 

***

ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმის შეხსენება, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა გენდერული დისკრიმინაციის რადიკალური გამოვლინებაა; გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგად მივიღებთ ძალადობის გაზრდას, ეკონომიკურ რეგრესს და შობადობის შემცირებას. ამ პროცესის შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია პრობლემის აღიარება და საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება იმ სოციალური ნორმებისა და ქცევების შესაცვლელად, რომლებსაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევამდე მივყავართ. დიდია იმის ალბათობა, რომ ცვლილების უმთავრესი წყარო იქნება იმ კულტურული დამოკიდებულებების შეცვლა, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების ტენდენციის კლება. რაც უფრო სწრაფად მოხდება აღნიშნული ტრანსფორმაციები გენდერულ დამოკიდებულებებში, მით უფრო მცირე იქნება დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის საერთო შედეგები საქართველოს დემოგრაფიული სტრუქტურებისთვის მომავალში.

 

აღსანიშნავია, რომ ცნობილ ეკონომისტს ამარტია სენს ეკუთვნის „გაუჩინარებული ქალების“ სტატისტიკის იდეა, რომლითაც მან პირველად მიაპყრო ყურადღება სქესის მიხედვით სელექციური აბორტების პრობლემას.

 

სელექციური აბორტების შედეგად სქესთა შორის თანაფარდობა ირღვევა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგ. ინდოეთში, ვიეტნამსა და ჩინეთში დაფიქსირდა და გოგონების გაუჩინარების ფენომენადად არის ცნობილი. სხვადასხვა მონაცემით, მსოფლიოში 107 მილიონამდე გოგოა გამქრალი. ბოლო წლებში ზემოთ აღნიშნული პრობლემის წინაშე საქართველოც დადგა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ახალშობილებთა სქესის სელექციის გავრცელებული მავნე პრაქტიკის შესახებ ჩვენს რეგიონში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2011 წლის 3 ოქტომბერს სპეციალური რეზოლუცია მიიღო, სადაც ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებდა ამ ახალი გამოწვევისათვის, როგორც საზოგადოებაში გენდერული ძალადობის უკიდურესი გამოვლენისათვის მიექციათ ყურადღება...

 

საყურადღებოა ინფორმაცია თავად აბორტების ხელმისაწვდომობისა და სტატისტიკის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით. ქვეყანაში წლის განმავლობაში 25-დან 35 ათასამდე აბორტი კეთდება. სელექციური, ანუ სქესით განპირობებული, აბორტების რიცხვი, სხვა და სხვა გამოთვლებით, აბორტების საერთო რაოდენობის 30%-ს შეადგენს. საქართველოში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ აბორტი შობადობის კონტროლის ძირითად მექანიზმად მიიჩნევა და რომ ბიჭი შვილი უფრო ფასეულია. ქართული კანონმდებლობა კრძალავს ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენებას სქესის შერჩევის მიზნით, თუმცა არ მოითხოვს ამავე მიზნით აბორტების აკრძალვას. 2014 წელს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობდა კანონმდებლობაზე მუშაობა. ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სქესის შერჩევის მიზნით აბორტის აკრძალვას.

 

*****

უნდა ვიცოდეთ: საბჭოთა კავშირის დროს აბორტები წარმოადგენდა შობადობის კონტროლის ძირითად საშუალებას და 2000 წლისათვის კავკასიაში აბორტების რიცხვი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო. 1920 წლამდე საბჭოთა კავშირში აბორტები ლეგალურია, 1936 წელს მოხდა მათი აკრძალვა, 1955 წელს კი მათი რე-ლეგალიზაცია. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების რიცხვმა 27 მილიონს მიაღწია, რამაც გამოიწვია მუშახელის შემცირება და ეკონომიკის დასუსტება. რეაგირების პოლიტიკა იყო პრონატალიზმი, რომლის შედეგები ომამდე და მერეც საქართველოსაც შეეხო. პრონატალიზმის პოლიტიკა 1944 წლის ოჯახის კანონის სახელწოდებითაა ცნობილი და მისი ავტორი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, იმ დროისათვის უკრაინის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. ამ პოლიტიკის შედეგად წახალისებული იყო ქორწინების გარეშე შობადობა სხვადასხვა ჯილდოს საშუალებით. მარტოხელა დედები ასევე წახალისებულები იყვნენ საბავშვო სახლებში დაეტოვებინათ შვილები, შედეგად 1945-1955 წლებში 8,7 მლნ უმამო ბავშვი დაიბადა. არაფორმალურად ხელშეწყობილი იყო ქორწინების გარე ურთიერთობები. ამ პირობებშიც, ქალები ირჩევდნენ აბორტს, რასაც არალეგალურად იკეთებდნენ, შედეგად გაიზარდა აბორტების შედეგად ქალთა სიკვდილობაც, რასაც მოჰყვა აბორტის კვლავ ლეგალიზაცია.

 

*****

ნუ აწარმოებთ ოჯახები გენდერულ ომს გოგონების წინააღმდეგ!

ნუ გავაქრობთ დედები გოგონებს!

მე დედა ვარ და მეშინია აბორტების ისე, როგორც ჩემი აუხდენელი ფიქრებისა, ბავშვობისდროინდელი სამყაროს აწმყოში ვერშექმნისა! მკლავს იმ ერთადერთის გაქრობა, ჩემი სიყვარული და ყველა ემოცია თან რომ დაუძალებლად წარიტაცა ყინულივით ცივ სიტყვებთან ერთად: „არ შეიძლება, რა დროს ბავშვის გაჩენაა, რას იტყვის ხალხი!“... და როცა ყველაზე ძალიან მიჭირს, ვგრნობ, როგორ დაქრის ხოლმე ჩემს ირგვლივ ფრთებგამოსხმული ქერა ანგელოზი, ოქროსფერი კულულებით, ლურჯი, კეთილი თვალებით და აქეთ მაიმედებს მე, მის ვერდამცველს...

ნუ გახდებით ბრბოსა და ქმრების ბულინგის მსხვერპლნი და ნუ გაიკეთებთ აბორტს დედები, მით უფრო სელექციურს! _ იქნებ, იმ პაწაწინა ემბრიონს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ გოგონას სასქესო ორგანო რომ გამოარჩევს ბიჭებისგან და გულისძგერამდე უყვარს თავისი დედიკო და მამიკო, უკვე არჩეული აქვს თავისი სახელი და პაწაწინა ოცნებები _ დაბადების მერე გენიალურ იდებად რომ უნდა იქცნენ?!

იქნებ, უკვე იცის, როგორი იქნება _ რა ფერის თმებით, სახის კანით, აპრეხილი ცხვირით თუ მაღალი შუბლით და თავის თავს დედის მუცელში არსებულ წყალშივე ეკეკლუცება მომავალში დასაქალებლად?!

იქნებ, უკვე იცის, როგორ ისწავლის, რა ქალი დადგება მისგან და რა კვალს დატოვებს დედამიწაზე?!

იქნებ, თამარს კლავთ, იქნებ ქეთევანს და მათთან ერთად ასამარებთ მთელ საქართველოს?!

იქნებ, თინათინს ან ნესტან-დარეჯანს კუწავთ ლანცეტით, ელექტროშოკით ან ცაიტოტეკის აბებით და ამით ანადგურებთ სიყვარულსა და არაჩვეულებრივ მეგობრობას?!

იქნებ, ანას კლავთ, კალანდაძეს, სესილია თაყაიშვილს, ვერიკო ანჯაფარიძეს, მედეა ჩახავას, სოფიკო ჭიაურელს და ამით საკუთარ სულთან ერთად პოეზიასა და ხელოვნებას ანადგურებთ?!

იქნებ ჭადრაკის დედოფლები არიან თქვენი გულცივობის მსხვერპლნი, ან სულაც მოფარიკავე ან მოციგურავე ჩემპიონები?!

ნუ გადაარჩევთ ემბრიონს და ნუ მოკლავთ, თუნდაც ჩემსავით ჩვეულებრივ გოგოს...

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული საგენტო

 

ირინა ბადურაშვილი: ოჯახური ურთიერთობები და თაობათა ურთიერთდამოკიდებულება საქართველოში

 

ავტორი: გურანდა ცაგურია

წაკითხვა 367 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 13 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.