რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა - რა მდგომარეობაა დამეწყრილ ზონაში

“რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირის თავზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები კვლავ მიდის, დაკარგულ ადამიანებს ჩამოწოლილი მეწყერის მიმდებარე ცხრა ლოკაციაზე ეძებენ.

განახლებული მონაცემებით, მიწის მასიდან 21 ცხედარია ამოყვანილი, ნაპოვნია ადამიანის ფრაგმენტიც. სამუშაოებში ჩართულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, ჯარი, მაშველები და ავიაცია. ხუთშაბათს დამეწყრილი ზონიდან ერთი არასრულწლოვნისა და ქალის ცხედრები ამოიყვანეს, ერთი კოტეჯებთან ახლოს, მეორე კი დაახლოებით 2 კმ-ში იქნა ნაპოვნი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი დაახლოებით 25კმ-ია, სადაც 12 დაკარგულს ეძებენ. სტიქიას 210 ადამიანი გადაურჩა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სამინისტრომ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები მიიღო, რომელიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. მისი თქმით, ერთი ფოტო გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ჩანს, რომ რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ აქვს, ხოლო მეორე ფოტო სტიქიის შემდგომ არის გადაღებული და დასტურდება, რომ სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით და შემდგომ, უკვე მყინვარის მოწყვეტით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა - რა მდგომარეობაა დამეწყრილ ზონაში.

 

“ბუნებრივია, საზოგადოებაში არის მაღალი ინტერესი სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან და მასშტაბებთან დაკავშირებით. ორი დღის წინ, მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომელიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. კერძოდ, ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით, თითქოს, ადგილი ჰქონდა წყლის დაგროვებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და რასაც აღნიშნული ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე სტიქიის შემდგომ არის გადაღებული, დასტურდება თუ როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით და შემდგომ, უკვე მყინვარის მოწყვეტით. საკმაოდ დიდ ფართობზეა საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები”, - განაცხადა შამუგიამ, რომლის თქმით, “ფოტოებთან დაკავშირებით დეტალებს და ანალიზს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღესვე წარუდგენენ საზოგადოებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აქვე აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც დოკუმეტში წერია, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა საზოგადოებას ბოლო მონაცემები გააცნო. მისი თქმით, სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს და უკვე ძალიან დიდი ტერიტორია არის გადამოწმებული”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი იყო უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნაპოვნია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი და დარჩენილია 12, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად 9 ლოკაციაზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, არ მინდა ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რაც შეიძლება მერე არ დადასტურდეს, ეს არის ერთი მოზარდის და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა ვთქვა იმიტომ, რომ პროზექტურაშია. ამ დროისთვის თუ არ ვცდები, 4-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს... გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურაა და გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე არსებობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით. ვცდილობთ, ყველაფერი იმ პროტოკოლის ფარგლებში იყოს, რაც მსგავს სიტუაციებში აუცილებელია”, - განაცხადა მღებრიშვილმა. მისივე აზრით იმ პირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საკითხი, რომლებსაც სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ, ჭირისუფლებთან უნდა შეთანხმდეს”, - დასძენს გამოცემა.

 

“განახლებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროც ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე შველა-ძიების სამუშაოების შესახებ განახლებულ მონაცემებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, დილით, სტიქიის ზონაში მოწყობილ საველე შტაბში გაეცნო. ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. “ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. ასევე, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები. მძიმე ტექნიკის რაოდენობის გაზრდის საჭიროებისთვის, მობილიზებულია დამატებითი რესურსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში. თავად რეგიონული ირაკლი ქარსელაძე, აცხადებს,რომ სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში იქნა დამონტაჟებული, რისი მეშვეობითაც სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა გადაიყვანეს, რომელიც ცოცხალ ძალას ეხმარება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ქარსელაძის თქმით, ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და “ეს ამოცანაც შესრულებული იქნება”, ამბობს, რომ გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო. “გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი”, - განმარტა ქარსელაძემ. 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული: მუხლი 116 -ე სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და მუხლი 240 - ე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 259 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.