ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორგანიზაცია CENN-თან პარტნიორობით, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ადგილობრივი პრიორიტეტების დოკუმენტი შეიმუშავა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ორგანიზაცია CENN-თან პარტნიორობით, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ადგილობრივი პრიორიტეტების დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტი მომზადდა პროექტის „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით.


2015 წელს მსოფლიოს სახელმწიფოები შეთანხმდნენ გლობალური განვითარების ახალი დღის წესრიგის - მდგრადი განვითრების მიზნების (SDGs) შესახებ, რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს მიღმა“. ეს არის 17 მიზნის ნაკრები, უნივერსალური მოწოდება მოქმედებისკენ და გეგმა, რომელზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა 2030 წლამდე უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. SDG-ების მიდგომა მიმართულია ჩვენს წინაშე არსებული ისეთი თანამედროვე გამოწვევების აღმოფხვრისაკენ როგორიცაა სიღარიბე, უთანასწორობა, კლიმატური და ეკოლოგიური გამოწვევები და სხვა.

 

2030 წლის დღის წესრიგის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, რაც ცნობილია ლოკალიზაციის სახელით. ლოკალიზაცია ნიშნავს ადგილობრივი აქტორების (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობები, საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, მოქალაქეები და ა.შ.) გაძლიერებასა და ხელშეწყობას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. SDG-ების ლოკალიზაციის პროცესი ხელს უწყობს ადგილობრივ განვითარებას და პასუხობს თემის საჭიროებებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

 

მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ადგილობრივი პრიორიტეტების დოკუმენტის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვა, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისიწნებით და ქუთაისის მოსახლეობისათვის კეთილდღეობის მისაღწევად ქმედებების გაძლიერება.

 

Capture3

 

მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივი პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად Firstnews.ge-ს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ დახუნდარიძე ესაუბრა:

 

- რატომ არის მნიშვნელოვანი და რა შესაძლებლობებს იძლევა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ადგილობრივი პრიორიტეტების დოკუმენტი ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის? რას შეცვლის დოკუმენტის არსებობა მერიისთვის და ქალაქისთვის მომდევნო 7 წლის განმავლობაში?

 

- მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტი ეყრდნობა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბრის „A/RES/70/1“ და 2017 წლის 7 ივლისის „A/RES/71/313“ რეზოლუციებს.


დოკუმენტით განისაზღვრა 12 მიზანი და 29 ამოცანა, დადგინდა 49 ინდიკატორის საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები (2030 წლისთვის). დოკუმენტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.


დოკუმენტი ეხება მდგრადი განვითარების 3 განზომილებას − ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოსდაცვითს. იგი წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების ადგილობრივ განსაზღვრებას, რომლის შესაბამისადაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საქმიანობის დაგეგმვას 2030 წლამდე.
ამოცანების შესრულება გაიწერა დროში და აღნიშნული მიდგომა უნიკალური შესაძლებლობაა მომავალში პროგრესის გაზომვისა და მიზნის შესრულების შეფასების კუთხით.


- რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი? როგორ ხორციელდება?


- მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტი ახლახან შემუშავდა და წარდგენილია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად, სხდომა ჩანიშნულია და ველოდებით, რომ ის იქნება მოწონებული შესაბამისი განკარგულებით.

 

- რა როლი აქვს სხვადასხვა სექტორს ადგილობრივი SDG დოკუმენტის განხორციელებაში? როგორ უწყობს ხელს მერია სექტორთაშორის თანამშრომლობას და პარტნიორობას?

 

- მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვის პროცესში ჩართული იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, მუნიციპალიტეტის საკრებულო, რეგიონული სავაჭრო სამრეწველო პალატა და ქუთაისში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ქალაქის მერის ბრძანებით შეიქმნება მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საბჭო, დამტკიცდება საბჭოს მუშაობის რეგლამენტი და შემადგენლობა, სადაც კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში იმუშავებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები გეგმის მონიტორინგისა და შედეგების მიღწევის მიმართულებებზე. ამ ეტაპზე აღნიშნული საბჭოს წევრები დამტკიცდნენ.

 

Capture2

 

რატომ არის მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში მრავალსექტორული ჩართულობა? რა როლი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სექტორს? - ამ საკითხებზე კი FirstNews.ge-ს CENN-ის პროექტის მენეჯერი გვანცა აქიაშვილი ესაუბრა.

 

მისი თქმით, მრავალსექტორული ჩართულობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი ხდება ძალებისა და რესურსების კონსოლიდაცია და საერთო სარგებლის მაქსიმალიზაცია.

 

„ასევე, მრავალსექტორული ჩართულობა გვაძლევს ჰოლისტური და სისტემური მიდგომით განვითარების შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს რომ განვითარების პროცესში გათვალისწინებულია ყველა მხარის ინტერესი, მოსაზრება და ხედვა, განსაკუთრებით კი გაჟღერებულია საზოგადოების იმ ჯგუფების ხმა, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად მოწყვლადნი არიან და სჭირდებათ გაძლიერება.

 

მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში ყველა სექტორს თავისი როლი შეუძლია ითამაშოს. მაგალითად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე დანერგვა, მიზნების ინტეგრირება ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში, მიზნების განხორციელების მონიტორინგი და შედეგების წარდგენა საერთაშორისო დონეზე. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თავიანთი ექსპერტიზით დიდი წვლილი შეაქვთ მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკებისა და სტრატეგიების შემუშავებაში. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარმოადგენენ საზოგადოების ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს და არიან მათი ინტერესებისა და საჭიროებების გამჟღერებლები. არანაკლებ მნიშვნელოვანი აქტორები არიან მედიისა და აკადემიის (საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტები) წარმომადგენლები. მედიას უდიდესი როლი შეუძლია ითამაშოს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ზრდაში, მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების გაჟღერებისა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებამდე მიტანაში.

 

საგანმანათლებლო და კვლევებით დაწესებულებების პასუხისმგებლობაა SDG-ების შესახებ ახალი ცოდნის შექმნა, ინოვაციური და უფრო ეფექტური გადაწყვეტების აღმოჩენა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა. კერძო სექტორის როლი სცილდება მხოლოდ ფინანსური რესურსების მობილიზებას და უშუალო გავლენა აქვს მდგრადი განვითარების სამივე მიმართულებაზე (ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური ინკლუზია, გარემოსდაცვითი მდგრადობა), შიდა პროცესებისა და ქცევითი მოდელების ცვლილებით თავადვე შეუძლია მიზნების მიღწევის ხელშეწყობა,“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში გვანცა აქიაშვილმა.

 

Capture4

 

წაკითხვა 461 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.