"აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს გასხვისებულ მიწა-წყალს" - აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტი
აფხაზეთი... ჩემი ულამაზესი სოფელი კოჩარა, ჩემი საყვარელი სახლი, ჩემი ეზო-კარი, რომელიც ედემის ბაღს ჰგავდა. ეს ის ბაღი იყო, სადაც ყველა ბავშვი ოცნებებს თხზავს და თავი ფილმის გმირი ჰგონია, ეს ის ბაღი იყო სადაც ავბედითმა აგვისტოს ომმა დაფრთიანება არ მაცალა და გზა აბნეული ჩატეხილ ხიდს დამაყენა, რომელიც ჯოჯოხეთად იქცა, - ასე იხსენებს FirstNews.ge-თან საუბარში აფხაზეთიდან დევნილი ნუნუ ქურსუა.
აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტი ამჟამად ქალაქ სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს. ლექსებს ბავშვობიდან წერს, თუმცა აფხაზეთის ომის დროს მისი ნაწერები განადგურდა. ომის შემდეგ წყალტუბოში დასახლდა შემდეგ კი, სიდუხჭირის გამო ემიგრაციაში მოუწია წასვლა.
FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთიდან დევნილ პოეტთან ნუნუ ქურსუასთან:
- როგორ გაიხსენებთ აფხაზეთის ომს?
- მოზარდი, რომელიც პროფესიაზე და წინ სვლაზე ვფიქრობდი, სამოთხიდან ჯოჯოხეთში გადამისროლა და ეს ჯოჯოხეთი აფხაზეთის ომი იყო. კითხვა დამაქვს, რომელიც გულშია ჩამარხული და პასუხი არ მაქვს: -რატომ?
ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს, წარმატებული და აქტიური ბავშვი ვიყავი სკოლაში. ომის დროს ჩემი ნაწერები ყველა განადგურდა, სახლი დაიბომბა და ყველაფერი ფერფლად იქცა. ფიქრისთვისაც არ იყო ადგილი, ფიქრი მხოლოდ თავის გადარჩენაზე იყო მიმართული. იძულებით დავტოვეთ ჩვენი აფხაზეთი, დევნილად მოგვათავსეს ქ. წყალტუბოში, სანატორიუმ " რკინიგზელში", სადაც პირველი ლექსი იმერეთს მივუძღვენი:
" გულში როგორ ჩაგვიკარი
როგორ მოგვეც ნუგეში,
უსასოო, უსახლკარო
ჩაგვიფრინე უბეში..."
- რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
- სიდუხჭირის გამო, გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა, რადგან ცხოვრება ვერ შევაჩერე და ამ დინებას მეც უნდა გავყოლოდი.
სტამბოლში ჩავედი, სადაც ცრემლი, დარდი, გახუნებული გული, ფერგადასული ფიქრები, შიშნარევი თვალები იყო. დამერქვა "ემიგრანტი". სტამბოლში აღმოვაჩინე ქართული კულტურის ცენტრი რომლის დამფუძნებელი იყო თურქი-ქართველი (ეშრეფ ილმაზი -გოდერძი მახარაძე). ყველაზე ადამიანური პიროვნება, ქართული სისხლის მატარებელი და უზომოდ ქართველებზე შეყვარებული. ეშრეფი თურქულს გვასწავლიდა, ოჯახი, სადაც ვმუშაობდი და ვუვლიდი 7 თვის ბავშვს (მაჰირი)-ს, რომელიც შვილივით მიყვარს დღეს უკვე 5 წლისაა. მათ შემიწყვეს ხელი, რომ მევლო კვირაში ერთხელ და მესწავლა თურქული ენა.
ბევრი ემიგრანტი ქალი გავიცანი, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ თურქულ ენას... ტარდებოდა ღონისძიებები, აღვნიშნავდით დღესასწაულებს და ასე ვუმსუბუქებდით ერთმანეთს ურთიერთობას. თვით ბატონი ეშრეფი პოეტი გახლავთ და როგორც ყველა მასწავლებელმა, ეშრეფმაც აღმოაჩინა ჩემში ლექსის მარცვალი და ასე განვითარდა ჩემი პოეზიაც.
- როგორ მოდის მუზა?
- ჩემი მუზა დამტვერილ თაროზე იყო შემოდებული, გადმოვიღე, სული შევუბერე და გავახალისე. მუზა ადამიანის გონების დაუპატიჟებელი სასურველი სტუმარია, მუზაში არის რაღაც ღვთიური, რაც მეხმარება განვითარებაში და ჩემი სულის გაღვივებაში.
- როდის იხილა თქვენმა ლექსებმა დღის სინათლე?
- პირველი ჩემი ბროშურა დაიბეჭდა 2003 წელს ქალაქ წყალტუბოს რედაქციაში, რედაქტორი მურთაზ კანკაძე, ჩემი ლექსების განხილვაში დიდი ღვაწლი მიუძღვის აფხაზეთიდან დევნილ პოეტ ქალბატონს ნუნუ ჯანელიძეს და ბატონ აწ გარდაცვლილ გენიოს ოტია იოსელანს, რომელიც ჩემთვის დიდი პატივია. ჩატარდა კონკურსი ახალგაზრდა პოეტებს შორის, რომლის ავტორი იყო რევაზ ბაკურაძე. კონკურსში გამარჯვებული შვიდი ავტორის ლექსები დაიბეჭდა და მათ შორის ჩემიც, სახელწოდებით "ვედრება".
გავაღვივე მუზა და გავუყევი პოეზიის ბილიკს,რომელმაც მაღალ საფეხურზე ამიყვანა. მას შემდეგ დაიბეჭდა გერმანე საზანოელის "ლექსის აკვანი", დავით ახლოურის "ლიტერატურული სიახლეები", სადაც ჩემი რამდენიმე ლექსია შეტანილი. ასევე, ვმუშაობ პირად კრებულზე "აფხაზეთის კვალდაკვალ".
- თქვენი სამომავლო გეგემების შესახებ მოგვიყევით...
ამჟამად ვიმყოფები ქ. სტამბოლში, სამსახურთან ერთად ვახერხებ ჩემი მუზის გაღრმავებას. ჩემი ოცნების ასრულებაში მეხმარება პიროვნება, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია. მალე ვაპირებ ოჯახის შექმნას და ოჯახურ იდილიასთან ერთად მინდა ავისრულო ოცნება.
ჩემი სამომავლო გეგმებია, გავუძღვე ოჯახს ჩემს მზრუნველ მეუღლესთან ერთად და ვწერო აფხაზეთზე ლექსები. გამოვთქვა სიყვარული ჩემს აფხაზეთზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი მეუღლე იმერელია დიდი სურვილი აქვს, ერთად დავიბრუნოთ აფხაზეთი. აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს გასხვისებულ მიწა-წყალს.
"დავიბრუნებთ აფხაზეთის
მშობლიურ მიწას,
წყურვილს მოვიკლავთ სიხარულის ცრემლებით იმ წამს,
დᲐვუბრუნდებით სალოცავებს
რომელიც ჩვენ გვწამს,
ღია საფლავებს დავიტირებთ,
რომელიც გულს გვწვავს."
ავტორი: ივლიტა გოგოუა
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"