ხელოვნური ბარიერები პოლიტიკურად აქტიური ქალებისთვის

„მეტი ქალი პოლიტიკაში“ ქალების გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომლის განსახორციელებლადაც ისინი მიზანმიმართულად იბრძვიან. რატომ უნდა მოვიდეს მეტი ქალი პოლიტიკაში? რას შეცვლის ქალები პოლიტიკიკაში? ყველაზე მეტად სწორედ ეს კითხვები ისმის იმ ქალების მისამართით, რომლებიც პოლიტიკაში ქალების მეტი წარმომადგენლობისთვის იბრძვიან.

გენდერული როლების მიმართ ქალების დამოკიდებულება, კაცებთან შედარებით, უფრო სწრაფად იცვლება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა – ქალების 63% და კაცების 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯერაც არ არის მიღწეული გენდერული თანასწორობა. ერთი მხრივ, ქვეყნის მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ქალების მეტი ჩართულობა და მონაწილეობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთოა, ხოლო, მეორე მხრივ, კაცების 59%-სა და ქალების 38%-ს სჯერა, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახის მოვლაა.

 

საქართველოში, პოლიტიკის დონეზე სქესთა შორის უთანასწორობას, უპირველეს ყოვლისა, სუსტი ქართული პოლიტიკური კულტურა, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და სიძულვილის ენის ნორმალიზება განაპირობებს. ის ფაქტი, რომ თითქოს პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპია. პოლიტიკაში კარიერულ გზებზე ქალები ხშირად აწყდებიან სქესის ნიშნით დისკრიმინაციას, რესურსების (კავშირები, ფინანსები) ნაკლებობას და შემზღუდავ გარემოებას ოჯახების მხრიდან. ყოველივე ეს, მედიისა და საზოგადოების ზემოქმედებით ქმნის ბუნებრივ პოლიტიკურ გარემოს, სადაც ქალების ადგილი არ არის.

 

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდას. ამ შემთხვევაში, გენდერული კანონი აწესებს მხოლოდ ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პირი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30%-ის ოდენობით დანამატს, თუ, რა თქმა უნდა, მის მიერ საარჩევნო სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება წარმოდგენილი, სულ მცირე 30%-ით.

 

სწორედ ამიტომ მოითხოვენ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებასა და გენდერული კვოტირების შემოღებას. კვოტირება პოლიტიკურ ინსტიტუტებში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად კანონით განსაზღვრული დროებითი ზომაა, რომელიც გენდერულ თანასწორობას და წრმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება.

 

პარლამენტში ქალთა პროცენტული რაოდენობის გაზრდას დიდი გავლენა აქვს საკანონმდებლო პროცესებზე. როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ქალები არიან ჩართულები ეს პირდაპირ აისახება იმ საკითხების გააქტიურებაზე, რასაც შესაბამისი გამოცდილების არქონის გამო მამაკაცები პრიორიტეტად ვერ ან არ აქცევენ, ეს კი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკის ფორმირების პროცესებში ინფორმირებული მონაწილეობა.

 

როდესაც მსჯელობა კვოტირებაზე მიდის, როგორც ინსტრუმენტზე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოქალაქეებში გაიზარდა მოთხოვნა, მეტი ქალი იყოს ჩართული პოლიტიკაში. მაგალითად, 2014 წლის შემოდგომაზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვა პარლამენტში არსებული გენდერული გადანაწილების მიხედვით და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის 17% ქალი პარლამენტარი ძალიან ცოტაა.

 

სტატისტიკურად საქართველოს მოსახლეობის 53% ქალები შეადგენს, მაგრამ პარლამენტში მათი რაოდენობა 20%-ია და მაინც რას შეცვლიან ქალები თუ პარლამენტში 20-ის ნაცვლად 40% -ით იქნებიან წარმოდგენილი? ქალთა პოლიტიკაში მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანა არაერთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ქალთა მდგომარეობას ჯანდაცვის, განათლების და ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ.

 

2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიებს უკვე სამ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, ხოლო 2032 წლის არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტა გაუქმდება. ის პარტიები, რომელთა სიებშიც ქალთა წარმომადგენლობა არსებული კვოტებით გათვალისწინებულ მინიმალურ რაოდენობას აჭარბებს და არჩეულები არიან პარლამენტში, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. პარტიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ დამატებითი დაფინანსება პარტიის ქალთა ორგანიზაციის მხარდასაჭერად დაიხარჯოს, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმები არ არის დადგენილი. მიუხედავად ამისა ქალთა და მამაკაცთა თანასწორი პოლიტიკური უფლებების ფორმალურ აღიარებას პოლიტიკურ პროცესში – მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და ჩართულობას წინ უძღვის მთელი რიგი ფაქტორები. კანდიდატის სტატუსით კენჭისყრის, შერჩევისა და საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში თანამდებობათა დაკავების მხრივ – კვლავ მამაკაცები პირველობენ. არსებობს ევროპის საბჭოს რეკომენდაცია, სადაც გარკვევით წერია, რომ პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებული მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცები არ უნდა აწესებდნენ პოლიტიკურ პრიორიტეტებს და პოლიტიკური კულტურა ორიენტირებული არ უნდა იყოს მამაკაცებზე.

 

ავტორი: ლიკა ჩახუნაშვილი

წაკითხვა 445 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.