November 13, 2025

„ოცნების“ დეპუტატის მობილურის გადაღების გამო „ფორმულის“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს

პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტ თიკო ერაძეს აკრედიტაცია შეუჩერა ერთი თვის ვადით. მიზეზი პლენარულ სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრში მოხვედრაა.

 გუშინ, 12 ნოემბერს, თიკო ერაძემ ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ლოჟიდან გადაიღო დეპუტატი ჭიჭინაძე, რომელიც დემონსტრაციულად, ტელეფონით უსმენდა ვიდეოჩანაწერს. ამ კადრის გადაღება შეეძლო ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც თიკო ერაძის მსგავსად იმ დროს პლენარულ სხდომათა დარბაზში მუშაობდა.

„მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან ნებართვის გარეშე გადაიღეთ პარლამენტის წევრის, ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანი“, - მისწერა დღეს, 13 ნოემბერს, თიკო ერაძეს პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა.

ჟურნალისტი თიკო ერაძე გუშინვე ეჭვობდა, რომ ეკა ჭიჭინაძისთვის ვიდეოს გადაღების გამო აკრედიტაციას შეუჩერებდნენ. ჟურნალისტმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისი ვარაუდით, სწორედ ეს პროცესი იყო ასახული.

ახლა გეტყვით, რა ხდება ამ ვიდეოში - ეკა რეკავს და არკვევს, როგორ უნდა შემიჩეროს აკრედიტაცია, რადგან პარლამენტში ვიდეოებს ვუღებ... აგერ მე და აგერ თქვენ, დაველოდოთ, რა მოხდება. თავს დავდებ, რომ ეგრეა, თან ნიშნის მოგებით მიყურებს“, - წერდა თიკო ერაძე ფეისბუკში.

საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების ზომები გასულ წელს, 15 აპრილს, ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დაწყების პარალელურად გაამკაცრა. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად შეიზღუდა ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ მიეცათ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენისა და გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ არც იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვთ.

ამ რეგულაციით არაერთ ჟურნალისტს შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა კრიტიკული კითხვის დასმისა თუ ვიდეოკადრის მაშინ გადაღების დროს, როცა ამის სურვილი რესპონდენტს არ ჰქონდა. ეს შეზღუდვები არასდროს გავრცელებულა პროსახელისუფლებო ჟურნალისტებზე.

წაკითხვა 87 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.