„არავის ეგონოს რომ საქართველოდან გამოიქცევა და ემიგრაციაში ფუფუნებაში იქნება - ეს აბსურდია“ - მაია მკერვალიძე- ბალიაშვილი
„მინდა სათითაოდ ყველა იმ ქალს, რომელსაც ჩანთა აქვს ჩალაგებული და ემიგრაციას აპირებს, ბევრი რამ მოვუყვე და გავუზიარო. ემიგრაცია ქალისთვის ყველაზე დიდი და რთული ნაბიჯია მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, - ამის შესახებ FirstNews.ge-ს ემიგრანტი მაია მკერვალიძე- ბალიაშვილი უყვება.
როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, უკვე 30 წელია, რაც საბრძნეთში ცხოვრობს. თუმცა, ემიგრაციას თავისებური სირთულეებიც ახლავს და მათთან შეგუება მასაც მოუწია. მისი თქმით, წარმატების მიღწევა უცხო ქვეყანაში ძალიან რთულია, ამისთვის საჭიროა საკუთარი თავი და ცოდნა გამოაჩინო. მაია ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ის პიარ მენეჯერია.
როგორი იყო გზა საქართველოდან საბერძნეთამდე? - უფრო დეტალურად ჩვენი რესპონდენტი ინტერვიუში გვიყვება, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
- იმდენად პატარა ვიყავი, რომ ის გზა, რასაც მე გავდიოდი აღქმული არ მქონდა. მაშინ ჩემთვის საზღვარგარეთ წასვლა იყო ბედნიერება, ამიტომ გზა საქართველოდან საბერძნეთამდე ჩემთვის რთული არ ყოფილა.
ვერ აღვიქვამდი ემიგრანტის პრობლემებს, როგორი რთული იქნებოდა სამშობლოდან მოწყვეტა და არ ვიცოდი თუ რა მელოდა. 90-იან წლებში საზღვარგარეთ წასვლა ფუფუნებად ითვლებოდა. პირადად მე თავი პრინცესა მეგონა, რომელიც ზღაპარში მიდიოდა.
- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ...
- უკვე 30 წელია, რაც საბერძნეთში ვარ. პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟი მყავს, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, მეუღლეც უცხოელია. უფროსი სამედიცინოზე სწავლობს, უმცროსი კი წელს სკოლას ამთავრებს და ვემზადებით უნივერსიტეტისთვის. ეს ქორწინება 19-20 წელი გაგრძელდა. მეორე ქორწინებაში 3 წელია რაც ვარ, მყავს ქართველი მეუღლე, რომელიც ოპერატორია და რომელთანაც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ 3 შვილი გვყავს, მას ერთი გოგონა ჰყავს.
- როგორია ემიგრაციაში ყოფნა?
- აქ ადვილი არაფერია. არავის ეგონოს რომ საქართველოდან გამოიქცევა და ემიგრაციაში ფუფუნებაში იქნება - ეს აბსურდია. პირველი სირთულე ადაპტაციაა, ბავშვები მარტივად ეჩვევიან, მაგრამ დიდიებისთვის რთულია.
მე ადაპტაცია იმ ასაკში ადვილად გავიარე. ვთვლიდი რომ დამკვიდრებული ვიყავი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე მეუღლე მყავს ქართველი, აღარ ვითვლები დამკვიდრებულად და უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავთ.
- როგორ მიაღწიეთ წარმატებას ემიგრაციის პირობებში?
- ემიგრაციაში იმდენად რთული საფეხურებია გადასალახი, თუ ძალიან ბევრი არ იშრომე წარმატებას აქ ვერ მიაღწევ. საჭიროა საკუთარი თავი და ცოდნა წარმოაჩინო, დააჯერო რომ შენ შენ ხარ. აქ უცხოელებს წარმატების მიღწევაში ცოტა ხელს უშლიან, - ეს პირველი სირთულეა. თუნდაც უკვე წარმატებული იყო, იმ საფეხურზე, სადაც თავიანთი ერის წარმომადგენლები აჰყავთ, შენ არ აგიყვანენ. ეს მხოლოდ საბერძნეთს, საფრანგეთსა და გერმანიას არ ეხება. ძალიან ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია და თითქმის ყველგან ასეა. ამის მიუხედავად აქ ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს, რომლებმაც ცოტა რთულად მიაღწიეს დასახულ მიზნებს, ვიდრე საქართველოში. ყველანაირი სიძნელის გადალახვა შეგვიძლია, რადგან ქართველები ვართ და რთული ცხოვრების წარმატებით გადალახვა სისხლში გვაქვს.
ბოლო 3 წლის მანძილზე ჩემმა მეუღლემ ლევანმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მან 2018 წელს არჩილ გელაშვილთან ერთად „ემიგრანტ ტვ“ დააარსა. აქვთ ორი ფილიალი, ათენის ფილიალს ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობს, ხოლო თბილისში - არჩილ გელაშვილი.
„ემიგრანტ ტვ“ დაარსდა როგორც გზამკვლევი, რომელიც ყველანაირ ინფორმაციას იტევს ახალბედა, თუ უკვე აქ მყოფი ემიგრანტებისთვის. მე ყოველთვის ჩემი მეუღლის გვერდით ვარ. ერთად ვმუშაობთ და ვშრომობთ, უფრო მეტად ლევანს აქვს აქ სამუშაო, მე უბრალოდ ვეხმარები. გვაქვს გადაცემა „საქართველო საბერძნეთში“ და გზამკვლევი, რომელიც ყოველ ორ კვირაში პარასკევობით თავსდება ჩვენს გვერდზე.
საქმე როგორც იტყვიან ცარიელი ხელებით დავიწყეთ. ბევრი სირთულე შეგვხვდა და ამ სამი წლის მანძილზე ნელ-ნელა განვვითარდით. დღეს უკვე ყველა გვიცნობს და თუ ვინმეს რაიმე სჭირდება ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვართ.
არ იყო ადვილი ჩვენი სახელის მოპოვება, მაგრამ მონდომებამ და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო, თავი დავიმკვიდრეთ და სახელი გავითქვით.
- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით?
- სამომავლო გეგმები საკმაოდ ბევრი გვაქვს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ასევე, გეგმაში გვაქვს სამშობლოში დაბრუნება.
- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საქართველოდან უცხოეთში წასვლა?
- ბოლო კითხვა განსაკუთრებით საინტერესოა. მომინდა სათითაოდ ყველა იმ ქალს, რომელსაც ჩანთა ჩალაგებული აქვს და ემიგრაციას აპირებს, ბევრი რამ მოვუყვე და გავუზიარო. ემიგრაცია ქალისთვის ყველაზე დიდი და რთული ნაბიჯია მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.
ემიგრაციაში წასვლა ოჯახიდან მოწყვეტას და განშორებას ნიშნავს. შვილების, ახლობლების, სამშობლოსა და შენი ენის დატოვება გიწევს. ქალებმა უნდა გაითვალისწინონ რომ უცხოეთში მიდიან, უცხო გარემოსა და პირობებში. უნდა მიეჩვიონ უცხო ტრადიციებსა და ადათ-წესებს, რადგან თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ ცხოვრების შეცვლა უწევთ. ამას წლები სჭირდება. ერთ ან ორ წელიწადში ამდენი სირთულის გადალახვა ძალიან რთულია. განსაკუთრებით რთულია, ღამე საკუთარ ფიქრებთან გამკლავება.
ახლა ინტერნეტის საშუალებით კიდევ ვახერხებთ მონატრება შევიმსუბუქოთ, ადრე ესეც არ გვქონდა. ხუთშაბათობით ავტობუსი ჩამოდიოდა, რომელსაც ჩვენ წერილებს ვახვედრებდით ჩვენი ახლობლებისთვის. ამ წერილების საქართველომდე ჩასვლას 2-3კვირა სჭირდებოდა. იქიდანაც ის წერილი დაგიბრუნდებოდა 1 ან 2 თვეში. მოკლედ, საქართველოდან ჩამოსულ ავტობუსს რომ ვხედავდით ეს იყო უდიდესი ბედნიერება.
საბედნიეროდ დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა და ძალიან გაგვიმარტივდა ტელეფონებისა და ინტერნეტის დახმარებით, რადგან ასე თავს სრულიად მარტო აღარ ვგრძნობთ, თუმცა, სმარტფონებიც არ არის საკმარისი. რთულია, როცა ხედავ, ესაუბრები მაგრამ ვერ ეხები.
უფრო მეტს გეტყოდით, მაგრამ აქ დავასრულებ. მე ვიცი გაჭირვება რაც არის, ყველა გაჭირვებას გამოვექეცით და არავინ დალხენილად არ მოვსულვართ აქ. ახლა ვინც მიდის და ჰგონიათ, რომ ფული ხეზე იკრიფება - ასე არ არის. აქ უნდა იყო ძალიან მშრომელი ადამიანი, ამიტომ დაფიქრდით და კარგად აწონ-დაწონეთ, განშორებას ურთიერთობებში სიცივე მოაქვს. ბევრი ემიგრანტი მინახავს სამშობლოში დაბრუნებული უკან წამოსულა.
თუ კი ვინმე წამოსვლას აპირებს, მე გზას დავულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. იმედია საქართველო აღორძინდება და მივალთ იმ წერტილამდე, როცა ემიგრაციაში წასვლა არ დაგვჭირდება.
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"