November 22, 2024

მფრინავი ქალი თავდაცვის სამინისტროს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, უწყება კი მას უჩივის

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით,  სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო.

ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ყოფილი თანამშრომლისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.  

ეკატერინე ქვლივიძის მხრიდან კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი მძიმე მდგომარეობა წარმოადგენდა. მფრინავი ქალი აცხადებს, რომ ხელმძღვანელები მას ავიწროებდნენ და არ აძლევდნენ სრულყოფილი საქმიანობის შესაძლებლობას.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად მსახურობდა 2007 წლიდან, 11 წელზე მეტი ვადით. 2008 წელს შესრულებული სამსახური ჩათვლილი აქვს  ნამსახურეობის 3 წლად. სამხედრო სამსახურში ყოფნისას კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რისთვისაც არაერთხელ გამოუცხადეს მადლობა. 2017 წელს მიღებული აქვს II ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის.

„ეკატერინე ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2017  წლის 30 მაისს დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 9 თებერვლამდე ეკატერინე ქვლივიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გადიოდა ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებს. საქართველოში დაბრუნებისას გაირკვა, რომ ეკატერინე ქვლივიძე გადაყვანილია წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე. ასევე, აღმოჩნდა, რომ ქალი მფრინავი აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში. ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და  არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ," - ამბობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში. 

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეკატერინე ქვლივიძის დაბრუნების შემდეგ  თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალი მფრინავი გადასულიყო  ქვეით ჯარში, რაზეც ქვლივიძემ გამოთქვა პროტესტი, რადგან ამით, პრაქტიკულად, სრულდებოდა მისი, როგორც მფრინავის, კარიერა. თუმცა მას უარი არ უთქვამს, გაემართა ტრენინგები კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე. ამავდროულად, ხელმძღვანელობას შესთავაზა, გაეგზავნათ ავღანეთის მისიაში, სადაც სრულად შეძლებდა აშშ-ში, ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიღებული გამოცდილების გამოყენებას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი განუცხადეს.

ცენტრის ინფორმაციით, ეკატერინე ქვლივიძემ 2018  წლის მარტიდან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, მაგრამ პატაკები არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, თავდაცვის სამინისტრომ ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახადა, მიემართა პატაკით ხელმძღვანელობისთვის სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რადგან  გამუდმებით ირღვეოდა მისი უფლებები.

2019 წლის 23 თებერვალს ეკატერინე ქვლივიძისათვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის 28 000 ლარის დაკისრება, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ასევე - 28 000 ლარის 0.2% საურავის დაკისრება 2018 წ. 2 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულ გადახდამდე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე ქვლივიძის სამართლებრივ ინტერესებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ეკატერინე ქვლივიძის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე და ჩაატაროს შიდა მოკვლევა, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

აღნიშნული საქმის მოკვლევამდე სამინისტრომ უკან გაიხმოს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული ადმინისტრაციული სარჩელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლის თხოვნით.

http://liberali.ge

წაკითხვა 5542 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.