რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი“ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში კვლევა განახორციელა

რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი“ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში კვლევა განახორციელა.

კვლევა მომზადდა პროექტის ,,ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში“ ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს საჯარო სექტორში სამუშაო ადგილებზე თანასწორობასთან დაკავშირებული სტანდარტების მიმოხილვა, ამ თვალსაზრისით ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად ამოქმედებული დამსაქმებლების ვალდებულებების გამოკვეთა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების შესრულების ხარისხის შესწავლა. კვლევა მოიცავდა 12 თვიან პერიოდს 2023 წლის მაისიდან 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით.

 

კვლევის მიზანი, იმერეთის 14 საჯარო დაწესებულებაში (მერია/საკრებულო,) ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების მონიტორინგი იყო. დოკუმენტი მოიცავს ძირითად იმ მიგნებებსა და დასკვნით რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებში თანასწორი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

მარ1

 

"ბოლო წლებში შრომის კანონმდებლობაში გატარებული არაერთი პოზიტიური ცვლილებისა და მისი აღსრულების მექანიზმის - შრომის ინსპექციის სამსახურის - შექმნის მიუხედავად, თანასწორობა, მათ შორის გენდერული თანასწორობა და ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემო შრომით ურთიერთობებში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.

 

პროფკავშირების გაერთიანების პრაქტიკა მოწმობს, რომ შრომით ურთიერთობებში ხშირია დისკრიმინაციის ისეთი ფორმები, როგორებიცაა სამუშაო ადგილებზე შევიწროება, ძალადობა, არასასურველ სექსუალურ ქმედებას დაქვემდებარება და ა.შ. დისკრიმინაციის ამ ფორმებთან ბრძოლას საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, დასაქმებულთა ცნობიერების ნაკლებობა და მათი უფლებების შესახებ ცოდნის დაბალი დონე ართულებს," - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

1. დისკრიმინაციული მიდგომის ამკრძალავი დებულებები დღემდე არ არის ასახული რიგი მუნიციპალიტეტის დოკუმენტებში. ნაწილმა ასახა ან ასახვის პროცესშია. თუმცა, ძირითად შემთხვევაში რეგულაციები არ არის სრულყოფილი.

2. დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტი მიღებული არ აქვს პრაქტიკულად არცერთ მუნიციპალიტეტს.

3. დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებით ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებები (ტრენინგები, სემინარები, სწავლებები და სხვა) ნაწილობრივ ტარდება, თუმცა არასაკმარისად, რამდენადაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოკითხული საჯარო მოხელეები არ ფლობენ.

4. ყველა მუნიციპალიტეტში განსაზღვრულია გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი ან შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო. თუმცა, მათი საქმიანობის ეფექტურობა დაბალია.

5. ცნობიერების დონე დაბალია თავად დასაქმებულებში როგორც საკანონმდებლო, ასევე შიდა რეგულაციების შესახებ.

6. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულები არ ფლობენ ინფორმაციას თუ ვის უნდა მიმართონ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ან ფლობენ არასწორ ინფორმაციას.

7. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულები არ ფლობენ ინფორმაციას თუ რომელი უწყებები სწავლობს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებს სამუშაო ადგილებზე.

 

მარ2

 

"ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა. ასევე, გარკვეული რეგულაციების არსებობის პირობებში, დასაქმებულთა სრულყოფილი ინფორმირება კვლავ გამოწვევაა. დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კვლავ დიდი სამუშაო არის გასაწევი, რათა რეგულაციების შიდა დოკუმენტებში ასახვის პარალელურად მოხდეს მათი პრაქტიკაში სათანადო იმპლემენტაცია,"- ნათქვამია კვლევის  ანგარიშში.

 

კვლევს შედეგად, სამუშაო ადგილებზე თანასწორობის უზრუნველსაყოფად, შემდეგი რეკომენდაციები გაიცა:

საჯარო დაწესებულებებმა უნდა დაიწყონ აქტიური მუშაობა სამუშაო ადგილებზე

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გასატარებლად, კერძოდ:

1. შეიმუშაონ დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის მარეგულირებელი დოკუმენტი/დოკუმენტები. ხოლო, იქ, სადაც შემუშავებულია, მოახდინონ მითითებული დოკუმენტების სრულყოფა;

2. შექმნან დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი შიდა მექანიზმები;

3. დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახონ შიდა დოკუმენტებში, მოახდინონ დოკუმენტაციის სრულყოფა;

3. დისკრიმინაციის საკითხებზე პერიოდულად აწარმოონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები;

4. სოციალურ პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით აქტიურად დაიწყონ სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული ეფექტური მექანიზმების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული მიდგომებისა და მათ შორის სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს შექმნას;

5. გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი/პირები და გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად ჩაერთონ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შემუშავებასა და სამუშაო ადგილებზე დანერგვაში;

6. ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დანერგვა-განმტკიცების პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის მნიშვნელოვან აქტორებთან, როგორიცაა: პროფესიული კავშირები, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

 

სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

1. საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურმა გააძლიეროს მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დოკუმენტების დამსაქმებელთა მიერ დანერგვის ვალდებულების შესრულების მიზნით და დაგეგმოს ფართომასშტაბიანი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიები ამ მიმართულებით, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის პრევენციის, ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების დამატებითი მექანიზმი;

2. დადგინდეს ,,დეკრეტული შვებულების“ ღირსეული ანაზღაურება ყველა დასაქმებულისთვის;

3. საქართველომ მოახდინოს შსოს 156-ე (,,ოჯახური ვალდებულებების მქონდე დასაქმებულთა შესახებ) და 183-ე (,,დედობის დაცვის შესახებ“) კონვენციების რატიფიცირება, შსო-ს 189-ე ,,ოჯახში დასაქმებულთა შესახებ“ და 190–ე ,,ძალადობის და შევიწროების შესახებ“ კონვენციების რატიფიცირება;

4. დადგინდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

5. საქართველოს მთავრობამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით შეიმუშაოს შრომის ღირებულების გაზომვა-შეფასების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს მის აღსრულებაზე კონტროლი, რაც ხელს შეუწყობს თანაბარ ღირებული შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის პრაქტიკულ რეალიზაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ სახელფასო სხვაობას.

 

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

წაკითხვა 280 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 05 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.