მინისტრმა მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე ისაუბრა - ვეცადეთ გაგვერკვია, ვინ და რამდენს აიღებს 1 ივლისიდან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საჯარო სკოლების მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის შესახებ ილაპარაკა და გაიმეორა, რომ პირველი ივლისიდან ხელფასები გაიზრდება.

მინისტრმა თქვა, რომ მასწავლებელთა სახელფასო ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით 35%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალო მატება 500 ლარი იქნება.

 

„2024 წლის 1 ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში მასწავლებლების ხელფასი, სტატუსების მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის ტრიბუნიდან და დააზუსტა, რომ „უკვე ბოლოსკენ არის ყველა საკანონმდებლო თუ ნორმატიული პროცედურები, თქვენ [დეპუტატებმა] შესაბამის კანონებს მხარი უკვე დაუჭირეთ, ახლა სამინისტროში მიმდინარეობს გარკვეული, ასე ვთქვათ, ნორმატიული აქტების დამუშავება".

 

განათლების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ხელფასი ყველა პედაგოგს გაეზრდება.

 

„პირველი ივლისიდან, ჩვენ როგორც დავპირდით ჩვენს ღირსეულ პედაგოგებს, საგრძნობლად, ყველას, ხაზს ვუსვამ, ყველას, არცერთი ადამიანი, პედაგოგი, სტატუსიანი, ვინც ახლა გვყავს სისტემაში და ასეთი არის დაახლოებით 53 000-მდე პედაგოგი, თითოეულ მათგანს ექნება ხელფასების ზრდა. უახლოეს მომავალში რეალურად გამოქვეყნდება ის ნორმატიული აქტები, სადაც უკვე დეტალურად იქნება გაწერილი ის პრინციპები, თუმცა მატება საშუალოდ იქნება 500 ლარი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა [სტილი დაცულია].

 

საქსტატის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოში საჯარო სკოლებში 57 586 მასწავლებელი მუშაობს.

 

მინისტრის განცხადების პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის ზრდა, სავარაუდოდ, უნდა შეეხოს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსის მიუხედავად, სრული დატვირთვით აქვთ საგაკვეთილო საათები.

წაკითხვა 164 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 14 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.