December 3, 2024

„მიზნის არსებობა აუცილებელია წარმატებისთვის“ - გზა ლეჩხუმიდან ამერიკამდე

„ამერიკაში წასვლა ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო და ეს ოცნება ფულბრაიტის (Fulbright TEA program) მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის საშუალებით ავიხდინე. ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც იძლევა უამრავ შესაძლებლობას და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენო“- ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიან სოფელ ზუბის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი ირმა ნოსელიძე აცხადებს.

როგორც თვითონ აღნიშნავს, ამერიკამდე გზა არ იყო მარტივი, ის ბევრ გამოწვევასა და სირთულესთან იყო დაკავშირებული. მიზნის არსებობა კი ყოველთვის აუცილებელია წარმატებისთვის. მისი თქმით, ფულბრაიტის პროგრამამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მისცა, რომელსაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად წარმატებით გამოიყენებს და საკუთარ კოლეგებსაც გაუზიარებს.

 

უფრო დეტალურად საკუთარი წარმატების შესახებ ირმა ნოსელიძე FirstNews.ge-ს ესაუბრა:

 

- მოგვიყევით თქვენს შესახებ (სად დაიბადეთ? გაიზარდეთ?)

- დავიბადე ქალაქ ქუთაისში, სადაც 14 წლამდე ვიზრდებოდი, 1994 წელს კი სასწავლებლად საზღვარგარეთ გავემგზავრე და ხანგრძლივი ემიგრაციის  შემდეგ დავბრუნდი საქართველოში.


2013 წწ დავამთავრე სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში (თბილისი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მაქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინგლისური ენასა და ლიტერატურაში. 2016 წელს დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ვფლობ მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ამირიკის მცოდნეობაში. ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მქონდა გარკვეული გამოწვევები სამსახურის პოვნასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ვაკანტური ადგილები არ იყო სკოლებში. პროგრამა- „ასწავლე საქართველოსთვის“ ინტერნეტსივრცეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. სწორედ ამ პროგრამამ განაპირობა ჩემი წარმატება პროფესიაში. “ასწავლე საქართველოსთვის“ -არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ანაწილებს მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს. 2013 წელს წარმატებით გავიარე შესარჩევი და რადგან უკვე ჩაბარებული მქონდა საგნობრივი გამოცდა, განაწილებით მოვხვდი ცაგერის რაიონის სოფელ ზუბის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად. მაშინ ვიყავი დამწყები მასწავლებელი და ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები პროფესიაში რისთვისაც ამ პროგრამის მადლიერი ვარ. პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ იყო ჩემთვის საწყისი ეტაპი და ტრამპლინი, იმისთვის, რომ ჩემი თავი მეპოვა და ვყოფილიყავი იქ, სადაც შევძლებდი მოსწავლეების შესაძლებლობების და ჩემი თავის რეალიზებას. აქ კი შემდეგ უკვე ჩემი ცხოვრების მომდევნო 10 წელი გავატარე.

 

- როგორ გახდით პედაგოგი და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- პრინციპში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სხვა ალტერნატივა არც განმიხილია. ძალიან მიყვარს ბავშვები, მათთან კომუნიკაცია უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს ზოგადად ადამიანები და მათი დახმარება, თუკი ამის შესაძლებლობა მაქვს. ჩემთვის ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაზიარება- მზრუნველობაა ადამიანებზე. მე სხვა პროფესიაში ვერც ვერასდროს ვხედავდი ჩემს თავს.

 

75e06ee5 2d63 47b9 956d 10bd1c19a20a

 

- როგორ გაიარეთ ეს გზა, სირთულეები? როგორ მიაღწიეთ წარმატებას პროფესიაში? მოგვიყევით თქვენი მოსწავლეების შესახებ.

- ეს გზა არ იყო მარტივი ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის. ბევრი შრომის შედეგია ის რასაც დღესდღეობით მივაღწიე. 10 წლის მანძილზე ქალაქიდან დავდიოდი სკოლაში. მოგეხსენებათ, რაჭა-ლეჩხუმის გზის მონაკვეთი საკმაოდ სახიფათოა, განსაკუთრებით ზამთარში. იყო შემთხვევა უამინდობის გამო ფეხითაც კი გამივლია გელავერის უღელტეხილი. მაგრამ მსგავსი სირთულეები არასოდეს მაშინებდა. ეს იყო ის გზა, რომელიც მაბედნიერებდა, რადგან მივდიოდი იქ, სადაც ჩემი მოსწავლეები მელოდებოდნენ და ვუყვარდი. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და საოცრად ერუდირებული თაობა მაღალმთიან რეგიონებში და არამარტო. მიყვარს ჩემი პროფესია და მოსწავლეებთან ვცდილობ ყოველთვის ვიყო ძალიან გულწრფელი, მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, წარმოვაჩინო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები, ჩავრთო ისინი სხვადასხვა პროექტებში და მივცე მათ მეტი შესაძლებლობები წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. მოსწავლეებს მაღალმთიანი სოფლებიდან ისედაც ბევრ რამეზე არ აქვთ წვდომა გარკვეული მიზეზების გამო. მაგალითად, გვაქვს ლოჯისტიკური პრობლემები, ზამთარში გვიჭირს გადაადგილება. დიდი თოვლი მოდის და გზაც იკეტება. შეიძლება არ გვქონდეს თანამედროვე ტექნიკა, გამართული ინტერნეტი, ხშირად იყო ენერგიის პრობლემაც.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე მაინც ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა ჩემი მოსწავლეების საკეთილდღეოდ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელი მადლობა გადავუხადო ზუბის საჯარო სკოლის არაჩვეულებრივ პედკოლექტივს, სკოლის დირექციას, სოფელს, ადგილობრივ რესურსცენტრს ჩემი მასპინძლობისათვის. ისინი ყოველთვის ჩემი და ჩემი მოსწავლეების გვერდით იდგენენ. მათი მხარდაჭერით, ხელშეწყობითა და ჩართულობით შესაძლებელი გახდა ბევრი ახალი და საინტერესო პროექტის განხორციელება სოფლის, თუ რაიონული მასშტაბით ამ წლების განმავლობაში. სკოლაში მისვლის 2 წელის შემდეგ პრაქტიკოსი მასწავლებლიდან გავხდი უფროსი მასწავლებელი, ხოლო 2019 წელს კი - წამყვანი.

 

6ff50b93 4c0b 4b37 b2cc 3d7b8da62369

 

- როგორ მოხვდით ამერიკაში?


- ამ წლების განმავლობაში ჩართული ვიყავი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში. 2019 წელს მონაწილეობა მივიღე ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების გაცვლით პროგრამაში. ეს პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ. ძალიან რთული და მასშტაბური კონკურსია, რომელიც წელიწადში ერთხელ ცხადდება. პირველი ეტაპი იყო საკმაოდ ვრცელი აპლიკაციის გაგზავნა, მეორე ეტაპი გასაუბრება, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ჩავაბარე TOEFL საერთაშორისო გამოცდა. შემდეგ იყო ხანგრძლივი მოლოდინის ეტაპი და უკვე 2020 წლის სექტემბერში მივიღე დადებითი პასუხი ვაშინგტონიდან. ეს იყო ჩემთვის სიხარული, გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობა წარმომეჩინა ჩემი სკოლა, რაიონი და ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. მიმეღო ახალი გამოცდილება, ცოდნა და შემდგომ გამეზიარებინა როგორც ჩემი მოსწავლეებისთვის ასევე, ადგილობრივი საზოგადოებისთვის. 2021 წლის სექტემბერში პირველად გავემგზავრე ამერიკაში, არკანზასის უნივერსიტეტში. 6 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 16 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ვესწრებოდი ლექცია სემინარებს, კონფერენციებს. შევხვდით ადგილობრივ საზოგადოებას, ჩვენც ვატარებდით საჩვენებელ გაკვეთილებსა და პრეზენტაციებს. გვქონდა შემეცნებითი ტურები, რათა უფრო გავცნობოდით ამერიკის კულტურასა და ისტორიას.

ფულბრაიტის პროგრამით ვიყავი პირველი ქართველი არკანზასის უნივერსიტეტში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებდა წარმომეჩინა საკუთარი შესაძლებლობები და ჩემი ქვეყანა, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ არც ისე ბევრი რამ იცოდნენ. პროგრამის ფარგლებში ერთი კვირა ვიყავი ამერიკულ სკოლაში, სადაც ვესწრებოდი გაკვეთილებს და ამერიკულ განათლების სისტემას. ამ 6 კვირის განმავლობაში შევიძინე უდიდესი გამოცდილება და ცოდნა. ამერიკული განათლების სისტემა, რომელიც სრულიად მორგებულია მოსწავლეზე, აქვთ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი და მაღალ დონეზეა აყვანილი გუნდური მუშაობის პრინციპი. გაკვეთილის ცენტრში არის მოსწავლე. ყველაფერი ორიენტირებულია მოსწავლის კრეატიული, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული. აქ მოსწავლე თავისუფალია საკუთარ არჩევანში.

 

873f742e 6639 4f6c 860d b1f7c082fda2

 

- როგორი შესაძლებლობები და გამოწვევები დაგხვდათ ამერიკაში?


- ამერიკაში წასვლა იყო ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება და ეს ოცნება ფულბრაიტის პროექტის მეშვეობით ავიხდინე. ეს არის ქვეყანა, რომელიც იძლევა უამრავ შესაძლებლობას და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენო. მე აუცილებლად ვურჩევდი ჩემს მოსწავლეებს, რომ არასოდეს დანებდნენ და ყოველთვის იბრძოლონ, დაისახონ საკუთარი მიზანი. მიზნის არსებობა ეს აუცილებელია წარმატებისთვის. დამატებით საგნად ვასწავლიდი ამერიკის მცოდნეობას, ბევრი ფაქტი და ინფორმაცია მიმიწოდებია ჩემი მოსწავლეებისთვის ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის შესახებ.


გამოწვევა კი არის უცხო გარემო, ადაპტაცია, სხვადასხვა ტრადიციები, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან თანაცხოვრება უნდა ისწავლო, იყო ტოლერანტი ადამიანი.

 

- რას ურჩევდით საქართველოში მყოფ პედაგოგებს?

- ჩვენ შესანიშნავი პედაგოგები გვყავს, მუდმივად ორიენტირებული არიან პროფესიულ განვითარებაზე, ესწრებიან უამრავ ტრენინგს და არიან ჩართულები ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში. ისეთი პროგრამა კი როგორიც ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამაა არის უნიკალური შესაძლებლობა ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის შეიძინონ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა ჩვენი მომავალი თაობის საკეთილდღეოდ. მე ეს შევძელი. შეძლებთ თქვენც.

 

cb4c896d 1186 4f04 a64e 232f347f8258

 

- რა უნდა შეცვალონ და როგორ?

- ცალმხრივად რთულია ამაზე საუბარი რადგან ეს კომპლექსური საკითხია და ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. გვაქვს პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და მასწავლებლებს ნამდვილად გვჭირდება დახმარება სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხებში.


ვფიქრობ, რომ უნდა შემცირდეს მოსწავლეების რაოდენობა საკლასო ოთახებში რათა მასწავლებელს მიეცეს შესაძლებლობა რომ ყველას მიუდგეს ინდივიდუალურად. უნდა გვქონდეს კარგად თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ამერიკის სკოლებში ეს საკითხი იდეალურად არის მოგვარებული. აქვთ არაჩვეულებრივი ლაბორატორიები. მხოლოდ თეორია ვერ იქნება შედეგზე გამსვლელი. აუცილებელია მოსწავლის ჩართვა პრაქტიკულ საქმიანობაში. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება რომ ჩარჩოებიდან გამოვიდნენ და კრიტიკულად, შემოქმედებითად იაზროვნონ. ჩვენ ამაში მათ აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი, მივცეთ გასაქანი მათ შესაძლებლობებს. ერთ-ერთი პრიორიტეტი ამერიკის სკოლებში გუნდური მუშაობის პრინციპია რაც მოსწავლეებს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება. მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთპატივისცემაც, ერთმანეთის მოსმენას, კონსენსუსს. 21-ე საუკუნის უნარები თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია იყო კონკურენტუნარიანი და წარმატებული.

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

- ამჟამად, უკვე მეორედ ვიმყოფები ამერიკაში პირადი მიზნებით და სამომავლო გეგმებში შედის დოქტორანტურის საფეხური გავლა განათლების მიმართულებით და ისევ ჩემს სამშობლოში დაბრუნება, სადაც ჩემს მოსწავლეებს უფრო მეტად ვჭირდები და მელოდებიან.

 

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 567 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 12 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.