December 4, 2024

არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს - საზმაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ერთი ნაწილი ავრცელებს საერთო განცხადებას, რომელშიც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეჩერებაზე და მოითხოვს, არხის ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს.

განცხადებას ხელს აწერს საზოგადოებრივი მაუწყებლის 60 (12:29) თანამშრომელი, მათ შორის წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. დოკუმენტი ღიაა ხელმოსაწერად.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის კონსტიტუციით გამყარებულ ვალდებულებას.

 

„ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ხელმომწერები ყურადღებას ამახვილებენ როლზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა განსაზღვრული, და მიაჩნიათ, რომ „სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად".

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

წაკითხვა 39 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.