„ყაზტრანსგაზ - თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.
„ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში, გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები.
„ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე, მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
დასვენების დღეების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ტრადიციულად, დედაქალაქიდან რეგიონებში მიემგზავრება. ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება - შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“, ასევე, გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენს საცხოვრებელ ბინაში გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაუფრთხილდით საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასწარ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო უქმეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი