November 23, 2024

ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში გაიმართება და მას ათასობით მომლოცველი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები.

 

„მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავოს მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

 

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

 

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

 

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

 

მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

 

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია, დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია ისრაელის საზღვრის კვეთისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2255&lang=1 “, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

წაკითხვა 767 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.