"განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია
წლების განმავლობაში კლიმატის მონაცემების სტატისტიკაზე დაკვირვებით დასტურდება, რომ კლიმატი დედამიწაზე გლობალურად იცვლება. იზრდება ხმელეთისა და ოკეანეების ტემპერატურა, იწევს ზღვის დონე, დედამიწის ორივე პოლუსზე დნება ყინული, გახშირებულია ექსტრემალური ამინდის პერიოდულობა.
პრობლემები მაშინ იწყება, როცა ადამიანი აჩქარებს ბუნებრივ პროცესებს და ამით ზრდის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციას - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი, ოზონი, მეთანი… ატმოსფეროში ამ აირებისგან შექმნილი საფარი არ ატარებს დედამიწიდან არეკლილ მზის სხივებს. ეს ენერგია სითბოს სახით გროვდება დედამიწაზე, რაც იწვევს ატმოსფერული ტემპერატურის ზრდას, ზღვებიდან, ოკეანეებიდან, მდინარებიდან უფრო მეტი წყლის აორთქლებას და ნალექების მოსვლის სიხშირისა და პერიოდულობის ცვლილებას.
კლიმატის ცვლილებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაეფექტურად გამოყენებული ენერგიაა, რამაც შესაძლოა ეკოლოგიურ კრიზისამდეც მიგვიყვანოს. ენერგოეფექტურობა კი გლობალური საკითხია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ეს გამოწვეულია ენერგიის დეფიციტით, ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებითა და ეკოლოგიური პრობლემებით.
ამ და სხვა საკითხებზე Firstnews.ge-ს გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია "დეას" თავმჯდომარე - თამარ მალანია ესაუბრა.
ენერგეტიკის სფეროს გავლენა კლიმატის ცვლილებაზე
"როგორც ვხედავთ, კლიმატის ცვლილება არ არის მითი- ის რეალობაა და ამიტომაც ის მსოფლიომ გლობალურ პრობლემად აღიარა. საქართველოშიც უკვე შეინიშნება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ჰაერის ტემპერატურის ზრდა, ნალექის და წყლის რესურსების შემცირება, შავი ზღვის დონის, წყალდიდობების, წყალმოვარდნების, მეწყრებისა და ღვარცოფების სიხშირის მომატება და ა.შ.
კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზია სათბურის გაზების ემისიების ზრდა, რაც თავის მხრივ იწვევს გლობალური დათბობას. არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ რომ ემისიების წარმოქმნის ძირითად წყაროს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორი, მასში შემავალი ტრანსპორტისა და სხვა ქვესექტორების ჩათვლით. კლიმატის ცვლილება ოზონის ფენაში სიმკვრივის ცვლილებით არის გამოწვეული, რასაც ცუდი გაზების ემისიები იწვევს. ეს გაზები კი გამოიყოფა სხვადასხვა წვის შედეგად და შემდეგ იქმნება ენერგეტიკული ენერგია. ენერგეტიკული კომპონენტები, წარმოადგენს წვის შედეგებს და ახდენს გარემოზე ზემოქმედებას. შენობებისა და ინდუსტრიული სექტორი საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარს ამ ენერგიებს. აქედან გამომდინარე, გავლენაც დიდია, დაახლოებით 37% შენობების სექტორის ზეგავლენაა, გამონაბოლქვები მანქანიდან კი 40%-ს შეადგენს. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებაზე ენერგეტიკული სექტორის გავლენა მნიშვნელოვანია.
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ჩვენი ყოველდღიურობა კი უკვე წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტის თუ კომფორტულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლების გარეშე, რომელთა ფუნქციონირებისათვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო. აქედან გამომდინარე ყოველივე ეს კი გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე."
განახლებადი ენერგიების როლი გლობალური დათბობის შემცირებაში - მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება
"განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა წიაღისეულ რესურსებთან (ნავთობი,ქვანახშირი და სხვა) არის ის, რომ ის ამოუწურავია, ამავე დროს, განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, შესაბამისად, ასეთი სახის ენერგია გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მოთხოვნა ენერგიაზე ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მივაყენოთ. ამავდროულად მივიღებთ სუფთა ენერგიას, დავზოგავთ არა მარტო ენერგეტიკულ რესურსს არამედ ფინანსურ რესურსსაც.
განახლებადი ენერგიების (მზის, ქარის, ბიომასის) ჩანაცვლება კარგად დანერგილი პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში. ენერგოეფექტური ტექნოლოგიები გამოიყენება როგორც შენობების, ასევე ტრანსპორტის სექტორებში. პირადად ჩემი შთაბეჭდილება რომ გაგიზიაროთ, ბოსნია-ჰერცეგოვინას და გერმანიის მაგალითზე, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მრავალბინიანი კორპუსების და საგანმანათლებლო დაწესებულებების (საბავშვო ბაღების, სკოლების, კოლეჯების) ენერგოეფექტურობას, მზის პანელების გამოყენებას სოფლის მეურნეობის სექტორში. თუმცა, არც საქართველო ჩამორჩება ამ მხრივ ევროპის ქვეყნებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 უკვე არის მერების შეთანხმების ხელმომწერი და შემუშავებული აქვთ, ან ამუშავებენ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმას, იქ აუცილებლად სამოტივაციო ღონისძიებები იქნება გაწერილი. სენაკის მუნიციპალიტეტის მაგალითზე რომ ვთქვა, 2024 წელს მთლიანად ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას დაეთმო. მეორე წელია მერიის თანამშრომელთან ერთად ჩართული ვარ პროექტში „Connective Cuties’ “განახლებადი ენერგიების წყაროები მუნიციპალურ დონეზე“, სადაც გავაზიარე სენაკის მუნიციპალიტეტში დანერგილი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და რამდენიმე მათგანი მოწონებული იქნა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლის მიერ და გამოითქვა სურვილი გაზიარდეს, როგორც საუკეთესო გამოცდილება. ასე, რომ კარგი გამოცდილება როგორც აქეთ გადმოგვაქვს, ასევე - ვაზიარეთ ჩვენსასაც."
საქართველოს პერსპექტივა განახლებადი ენერგიების კუთხით
"საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა და რეგლამენტის შესაბამისად, 2025 წელს პირველად არის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ენერგეტიკული გაერთიანება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად.
ენერგეტიკულ გაერთიანებას ჰყავს ცხრა ხელშემკვრელი მხარე - საქართველო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ასევე არის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მხარე და ორგანიზაციის მუდმივი ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა და თავმჯდომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზაობას ენერგეტიკული პოლიტიკის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ.
როგორც ცნობილი გახდა მიმდინარე წლიდან საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით EximHolding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს, საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში, დაახლოებით, 360 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს მოიცავს და ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, ისე ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
საქართველოს კლიმატური პირობები კი ნამდვილად არის ხელის შემწყობი ფაქტორი გამოყენებული იქნეს მზის და ქარის ენერგიები."
შესაძლებელია თუ არა, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროებით კლიმატის ცვლილება შევარბილოთ
"განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება სწორედ კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია. განახლებადი ენერგიების გამოყენება დიდ უპირატესობას იძლევა, რადგან გარემოზე ზიანი მინიმუმამდე მცირდება, არ წარმოიქმნება ნარჩენები და დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელიც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია." - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში თამარ მალანია.
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი