"ამ საქციელით შეურაცხყოფასაც კი ვაყენებთ გარდაცვლილს" - როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ჩვეულებებს
ეკლესია გვასწავლის, რომ მიცვალებულს გარდაცვალების დღიდანვე სჭირდება მზრუნველობა, რაც მისთვის დადგენილი წესების აღსრულებით უნდა გამოიხატოს. ადამიანს გარდაცვალების შემდეგ აღარ ძალუძს საკუთარ თავზე ზრუნვა და მთლიანად ახლობლებს არის მინდობილი.
მართალია, არც ერთი ჭირისუფალი არ ტოვებს გარდაცვლილ ახლობელს მზრუნველობის გარეშე - დაკრძალვამდეც და დაკრძალვის შემდეგაც აღასრულებს მისთვის სხვადასხვა წესს, მაგრამ ეკლესიური ცხოვრების უგულებელყოფის შედეგად წლების განმავლობაში ჩვენში მრავალი ისეთი ჩვეულება დამკვიდრდა, რომლებიც ეწინააღმდეგება წმინდა ეკლესიის სწავლებას, თუმცა ზოგიერთ მათგანში მართლაც დევს ჭეშმარიტების მარცვალი...
იმის გასარკვევად, რომელ წეს-ჩვეულებათა აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის და რომლები შეიძლება აღვასრულოთ, საუბარი ზედა დიმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოანე ყურაშვილს ვთხოვეთ.
- საქართველოს ყველა კუთხეში არსებობს წესი მიცვალებულისთვის საფლავში ტანსაცმლის, საათის, სარკის, სავარცხლისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩატანებისა. როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ჩვეულების მიმართ?
- ქრისტიანული წესის თანახმად, გარდაცვლილი ერთი ხელი ახალი, სუფთა სამოსით იმოსება, რაც სიმბოლურად სისუფთავისა და სისპეტაკის შესამოსელს განასახიერებს, ხელში კი მიეცემა ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ ის იყო ქრისტიანი და ჯვარცმული მაცხოვრის რწმენაში მყოფი გარდაიცვალა. ამავე დროს ჯვარი იმაზეც მიანიშნებს, რომ გარდაცვლილი საყოველთაო აღდგომის ჟამს ჯვრით ხელში აღდგება მკვდრეთით.
საფლავში ლპობადი და ჟანგვადი საყოფაცხოვრებო ნივთების ჩატანება, რომელთაც, ცხადია, გარდაცვლილი ვერაფერში გამოიყენებს, - დაკარგული მადლია, რომელიც შეგვეძლო გარდაცვლილის სახელზე მოწყალების სახით გაგვეცა. ეკლესიური მოძღვრებით, ამგვარი მოწყალების გაღებით მოხვეჭილი მადლი მიეწერება გარდაცვლილის სულს და ღვთის წინაშე გასამართლებლად წაადგება.
- საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია...
- ეს წარმართული გადმონაშთია: ქრისტიანობამდე ხალხს სწამდა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი საიქიოში განაგრძობდა ხორციელ სიცოცხლეს, ამიტომაც საფლავში უამრავ ნივთს აყოლებდნენ.
- ვიდრე ჯერი მიცვალებულის შემოსვაზე მიდგება, ხდება მისი სხეულის განბანა...
- ეს უპირველესი რამ არის, რაც გარდაცვლილისთვის უნდა აღსრულდეს: ქრისტიანები მაშინაც კი მოწიწებითა და მოკრძალებით უნდა მოეპყრონ ადამიანის სხეულს - სულიწმინდის ტაძარს, როდესაც უსულოდ ასვენია და ხრწნა მოელის. კორინთელთა მიმართ მიწერილი პირველი ეპისტოლეს თანახმად, ეს მკვდარი, ხრწნადი სხეული კვლავ აღდგება და უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსება საყოველთაო აღდგომის ჟამს.
გარდაცვლილის განბანით გამოვხატავთ სურვილს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს იგი სულითა და ხორცით განწმენდილი წარდგეს შემოქმედის წინაშე.
უმჯობესია, განბანა ეკლესიურად, ქრისტიანული წესების დაცვით მცხოვრებმა პირმა შეასრულოს.
- ჩვენში მიიჩნევენ, რომ გარდაცვლილის დაკრძალვამდე ჭირისუფალმა თავი უნდა ანებოს საოჯახო საქმეებს. გამართლებულია თუ არა ეს შეხედულება ეკლესიური სწავლებით?
- ძველად ქრისტიანები ოჯახის წევრის გარდაცვალებისას დროის უმეტეს ნაწილს მისი სულის საოხად საეკლესიო წესების შესრულებას უთმობდნენ და, ცხადია, საოჯახო საქმიანობისთვის დრო აღარ რჩებოდათ. შესაძლოა, სწორედ აქედან მომდინარეობდეს ის შეხედულებაც, თითქოს ჭირისუფალს ყოველგვარი საქმის კეთება ეკრძალება. ძველი ქრისტიანობის ხანიდან მომდინარეობს გარდაცვლილის ოჯახში მეზობლების მიერ სადილის მიტანის წესიც.
- მისაღებია თუ არა პანაშვიდებზე და დაკრძალვის დღეს სამგლოვიარო მუსიკის შესრულება?
- პანაშვიდებზე და დაკრძალვის დღეს სასურველია საეკლესიო საგალობლები იგალობებოდეს. ამისთვის შეიძლება ტაძრიდან მოვიყვანოთ მგალობელთა გუნდი, ხოლო თუ ამას ვერ მოვახერხებთ, საეკლესიო საგალობლების ჩანაწერი გამოვიყენოთ.
- აუცილებელია თუ არა მიცვალებულის პირით აღმოსავლეთისკენ დასვენება?
- გარდაცვლილი უთუოდ პირით აღმოსავლეთისკენ უნდა დავასვენოთ, რადგან სწორედ აღმოსავლეთიდან ველოდებით უფლის მეორედ მოსვლას, მაგრამ თუ სახლის მდებარეობის გამო ან სხვა რამ მიზეზით ამის გაკეთება ვერ ხერხდება, შესაძლებელია, გარდაცვლილი დავასვენოთ პირით სამხრეთისაკენ, რადგან საკურთხეველში გარდამოხსნა სახით სამხრეთისკენაა მიმართული.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გარდაცვლილი პირით დასავლეთისკენ იყოს დასვენებული - ეს იქნება ებრაელთა სჯულის შესრულება, რომელთა საკურთხეველიც დასავლეთის მხარეს მდებარეობს.
- არსებობს შეხედულება, რომ მიცვალებულის სახელზე კენტი რაოდენობის ყვავილი უნდა შევიძინოთ. გამართლებულია თუ არა ეს ეკლესიური მოძღვრებით და საზოგადოდ, რატომ არის მიღებული გარდაცვლილის ცხედრის ყვავილებითა და გვირგვინებით შემკობა?
- მიცვალებულის სახელზე შეგვიძლია შევიძინოთ იმდენი ყვავილი, რამდენის შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც გვაქვს, რადგან კენტიცა და ლუწიც უფლისაა. ქრისტიანები ძველთაგანვე გამოხატავდნენ სიმბოლურ კავშირს სანთლის დანთებისას: წმინდა სამების სახელზე სამ სანთელს ანთებდნენ, ანგელოზთა ცხრა დასის სახელზე - ცხრას და ა.შ., ამიტომ კენტმა რიცხვმა გარკვეული უპირატესობა მოიპოვა და ადამიანის ცნობიერებიდან ლუწი განდევნა, თუმცა, ვიმეორებ, უფლისაა კენტიც და ლუწიც. თუ არსებობს წმინდა სამება, ანგელოზთა ცხრა დასი, სამაგიეროდ, გვაქვს ოთხი სახარება, გვყავს თორმეტი მოციქული და ა.შ. ამდენად, აზრი იმის შესახებ, რომ მიცვალებულის სახელზე აუცილებელია კენტი რაოდენობის ყვავილის შეძენა, ეკლესიურ სწავლებას არ შეესაბამება. ყვავილები და გვირგვინები კი განასახიერებს სიმართლის გვირგვინს, რომელიც ღვთის წინაშე გამართლებულ ადამიანს მოელის ცათა სასუფეველში.
- ადვილი მისახვედრია, რომ გარდაცვლილის თავთით ანთებული კანდელისა და კელაპტრის დადგმა ქრისტიანული ადათია, მაგრამ რა დატვირთვა აქვს ამ წესს?
- სინათლე, ნათელი, რომელსაც სანთელი და კანდელი გამოსცემს, სიმბოლურად მარადიულ სულიერ ნათელს განასახიერებს. ამასთანავე, კანდელი და სანთელი უფალთან სიახლოვის, მასთან ლოცვით დამყარებული კავშირისა და სასოების საშუალებაა. ამდენად, გარდაცვლილის თავთით დადგმული ანთებული სანთელი და კანდელი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანი ქრისტიანი იყო, ჰქონდა სიახლოვე უფალთან, მასზე ამყარებდა სასოებას და სწამდა მარადიული ნათლის - სასუფევლის - არსებობა.
ჩვენც, ჩვენი მხრივ, გარდაცვლილის თავთით კელაპტრისა და კანდელის დანთებით გამოვხატავთ სურვილს, რომ მისმა სულმა დაივანოს ზეციურ სასუფეველში, სადაც მარადიული ნათელია.
- რა მიზნით იდგმება გარდაცვლილის თავთით ღვინო, ზეთი და ხორბალი?
- ღვინო და ზეთი წმინდა შესაწირს წარმოადგენს. ასევე წმინდა შესაწირია პური, ადამიანის სულიერი და ხორციელი მასაზრდოებელი, პური არსობისა. ხორბალი მიანიშნებს იმაზეც, რომ ამ ადამიანის ცხოვრებამ გამოიღო გარკვეული ნაყოფი. გარდა ამისა, ამგვარად ვაღიარებთ, რომ გვწამს გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგომისა: ხორბალი აუცილებლად უნდა დაითესოს, რათა შემდეგ ამოვიდეს, აღმოცენდეს; ასევე აღდგება ყველა ადამიანი სიკვდილის შემდეგ, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს.
- არსებობს წესიც მიცვალებულის დაკრძალვამდე მისთვის ღამისთევისა...
- ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, წარმართთაგან დევნის ჟამს, ქრისტეს მიმდევრებს ყველა ქრისტიანული წესის აღსრულება მალულად უხდებოდათ. ქრისტიანი რომ გარდაიცვლებოდა, მას ჩუმად მიასვენებდნენ მშვიდ და უსაფრთხო ადგილას, ჯერ გააპატიოსნებდნენ, შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში უკითხავდნენ ფსალმუნებს და ლოცულობდნენ მისი სულისთვის, დილით კი მიწას მიაბარებდნენ. თანდათან ეს საყოველთაო წესად იქცა და მას შემდეგაც აღესრულებოდა, რაც ქრისტიანებს აღმსარებლობის სრული თავისუფლება მიეცათ. ამდენად, დაკრძალვამდე გარდაცვლილისთვის ღამისთევა არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ სარწმუნოებას, მაგრამ ამ დროს ცხედართან შეკრებილი ახლობლები უნდა ლოცულობდნენ მისი სულის საოხად - კითხულობდნენ ფსალმუნებსა და სხვა ლოცვებს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამართლებული გარდაცვლილისთვის ღამისთევა. ამავე დროს, ღამით სიმშვიდეა და ჭირისუფალთ საშუალება ეძლევათ, მშვიდად და უშფოთველად ილოცონ მიცვალებულის სულისთვის, რაც უდიდესი მადლია, ხოლო თუ ღამისთევისას გარდაცვლილის ახლობლები თავს იქცევენ საუბრით ან სხვა რამ გასართობს მიმართავენ დროის მოსაკლავად, ასეთი რამ ეკლესიისთვის, ცხადია, მიუღებელია. გარდაცვლილის სულსაც შეწევნის ნაცვლად ვამძიმებთ.
- როდის უნდა მოხდეს წესის აგება?
- მიცვალებულისთვის წესის აგება ხდება დაკრძალვის დღეს ან წინა საღამოს. წესის აგების დროს ღვთისმსახური, რომელსაც უფლისაგან მინიჭებული აქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევება-არმიტევებისა, გარდაცვლილს უხსნის მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზას, ანიჭებს ცოდვათა უკანასკნელ მიტევებას და ლოცვებითა და ფსალმუნებით უწევს შუამდგომლობას ღვთის წინაშე.
- რატომ იკურთხება წესის აგების დროს მიწა?
- თუ წესის სრული დაცვით ვიმოქმედებთ, საფლავი უნდა იკურთხოს დაკრძალვის დროს, რათა დაცული იყოს ბოროტ ძალთა ზემოქმედებისა და ყოველივე უკეთურებისგან, მაგრამ რაკი ყველას არა აქვს იმის საშუალება, რომ ღვთისმსახური საფლავზეც წაიყვანოს და აკურთხებინოს, წმინდა ეკლესიის მიერ დაშვებულია მიწის კურთხევა წესის აგების დროს, რომელსაც, ნიშნად საღმრთო განგებულებისადმი მორჩილებისა: "მიწა ხარ და მიწად მიიქეც", - მღვდლის კურთხევით ჯვრის სახით დააყრის სასახლეს მიცვალებულის რომელიმე ახლობელი. სასურველია, ეს წესი ეკლესიურად მცხოვრებმა მამაკაცმა შეასრულოს. ასეთი წესით დაკრძალული ადამიანის საფლავი ნაკურთხად ითვლება.
საფლავის კურთხევა, წესით, ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს. ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფლავს და გარდაცვლილის სხეულს ბოროტ ძალთა ზემოქმედებისაგან დაიცავს.
- რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას გამოსვენების დროს აღსრულებული სხვადასხვა რიტუალის მიმართ? მხედველობაში მაქვს გამოსვენებისას სასახლის კარზე მიჯახუნება, თეფშისა და კვერცხის გატეხა, მიცვალებულის ტახტის გარშემო სამჯერ შემოტარება და სხვა...
- სახლის კარზე სასახლის მიჯახუნება რომ უმართებულო და ეკლესიისთვის მიუღებელი ქმედებაა, გარეგნულადაც ჩანს. ასეთი საქციელით შეურაცხყოფასაც კი ვაყენებთ გარდაცვლილს. არც თეფშის გატეხას აქვს რაიმე რელიგიური დანიშნულება. რაც შეეხება კვერცხის გატეხას, მას შეიძლება შემდეგი ახსნა მოვუძებნოთ: კვერცხი მარადიულობის სიმბოლოდ არის მიჩნეული, მართლმორწმუნე ქრისტიანებს კი გვწამს სულის მარადიული არსებობისა და იმედი გვაქვს, რომ გარდაცვლილს ხორციელი სიკვდილით კი არ დაუსრულებია არსებობა, არამედ მარადისობაში გადავიდა. როგორც ჩანს, კვერცხი, როგორც მარადიულობის სიმბოლო, ხალხმა მიცვალებულთა სახელსაც დაუკავშირა, თუმცა უმჯობესია, თუ მას დაკრძალვის დროს არ გავტეხთ, რადგან საზრდელი იმისთვის გვეძლევა, რომ ვიხმიოთ ან უპოვარნი დავაპუროთ, ასეთი ქმედების დროს გატეხილ კვერცხს კი აწმენდენ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ათავსებენ და ყრიან. გამოდის, რომ ფუჭად იკარგება.
- საერთოდ, როგორ ხდება ქრისტიანული წესის თანახმად გარდაცვლილის ცხედრის გამოსვენება?
- წესით, გარდაცვლილის გამოსვენებისას უნდა მივიყვანოთ ღვთისმსახური, რომელიც აღასრულებს ყველა იმ წესს, რომელთა აღსრულებაც აუცილებელია ცხედრის გამოსვენების დროს - აკმევს ცხედრის გარშემო, ნიშნად იმისა, რომ გარდაცვლილის სული საკმევლის კვამლის მსგავსად ადის ღმერთთან, გადაიხდის პანაშვიდს და სხვა. თუკი გარდაცვლილი იმყოფებოდა ეკლესიის წიაღში, ე.ი. იყო მრევლი, უმჯობესია, მისთვის ყველა წესი მისმა სულიერმა მოძღვარმა შეასრულოს.
ცხედრის გამოსვენების შემდეგ მგალობელთა თანხლებით ღვთისმსახური გარდაცვლილს სასაფლაომდეც მიაცილებს, სადაც აკურთხებს საფლავს და ცხედრის სამარეში ჩასვენების წინ შეასრულებს ლიტიას, სამარეში ჩასვენების შემდეგ სასახლეს ჯვრის სახით მოაყრის მიწას სიტყვებით: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც", მოასხამს კანდელის ზეთს და მოაყრის საკმევლის ფერფლს, ნიშნად მიწაზე ჩამქრალი სიცოცხლისა.
- ეკლესიურია თუ არა წესი სამარეში ჩასვენებამდე მიცვალებულის ამბორყოფისა?
- მიცვალებულის ამბორყოფა არ ეწინააღმდეგება საეკლესიო წესებს. ეს არის უკანასკნელი ამბორი ანუ გამოთხოვება გარდაცვლილ ახლობელთან, რომელსაც ფიზიკურად ვეღარ ვიხილავთ ამ სხეულში - საყოველთაო აღდგომის ჟამს მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს ექნებათ განსულიერებული სხეულები. მიცვალებულის ამბორყოფა, წესით, უნდა შესრულდეს გალობით: "მოვედით, უკანასკნელად ამბორ-ვყოთ მიცვალებულს, ვმადლობდეთ ღმერთსა". რაც შეეხება ხალხში გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს თუ გარდაცვლილს ვეამბორებით, სიზმარში ვეღარ ვიხილავთ, ეს ცრურწმენაა, ყოველგვარ რელიგიურ საფუძველს მოკლებული. ეკლესია საერთოდ კრძალავს სიზმართა დაჯერებას და გვაფრთხილებს, რომ არ მივენდოთ, ყურადღება არ მივაქციოთ მას.
- რას გვეტყვით გარდაცვლილის სახელზე მომზადებულ ქელეხთან დაკავშირებით?
- ქელეხის სუფრა არის მიცვალებულის სახელზე გაღებული მოწყალების ერთ-ერთი სახე. ის გამოხატავს ჭირისუფლის სურვილს, მიცვალებულის სახელზე დააპურონ ადამიანები - ახლო ნათესავები თუ დაკრძალვაზე მისული სხვა სტუმრები. მასზე ხშირად მიდიან უპოვარნი და გასაჭირში მყოფნი, რომელთა დაპურებაც კიდევ უფრო დიდი მადლია გარდაცვლილის სულისთვის. ამასთანავე, ქელეხის სუფრაზე იხსენიებენ ახალშესვენებულს და მისთვის შენდობას ითხოვენ ღვთისგან. ასევე იხსენიებენ სხვა გარდაცვლილებს და ლოცავენ მიცვალებულის ახლობლებს. ასე რომ, გარდაცვლილის დაკრძალვის დღეს ქელეხის გადახდა არ ეწინააღმდეგება ეკლესიურ წესებს, მთავარია, სუფრა არ გაგრძელდეს დიდხანს და მასთან მსხდომებმა არ განიხილონ ყოფითი საკითხები. ასევე დაუშვებელია ქელეხის სუფრაზე დათრობა. ასეთ ქმედებებს მოჰყვება შეუფერებელი საქციელი, რაც გარდაცვლილს შეურაცხყოფს.
- ქრისტიანულია თუ არა წესი დაკრძალვიდან მესამე დღეს საფლავზე გასვლისა?
- დაკრძალვიდან მესამე დღეს საფლავზე გასვლის ტრადიცია მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის პერიოდიდან უნდა მომდინარეობდეს: ჯვარცმული მაცხოვრის დაკრძალვიდან სწორედ მესამე დღეს მივიდნენ მის სამარხთან მენელსაცხებლე დედები. ვიდრე ჭირისუფალი საფლავზე გავა, აუცილებელია, ღვთისმსახურს ეკლესიაში ან შინ აღასრულებინოს გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს სული მეორედ წარდგება უფლის სამსჯავროზე, რომლის შედეგადაც მიჰყავთ ჯოჯოხეთში და მის ყველა საშინელებას ჭვრეტს, ამიტომ გარდაცვლილის სულს სჭირდება შეწევნა და მეოხება, რასაც სწორედ ღვთისმსახურის მიერ აღვლენილი პანაშვიდის საშუალებით იღებს და არა მის საფლავზე გასვლით, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ დღეს არც საფლავზე გასვლა იკრძალება, სადაც კიდევ ერთხელ მოვიხსენიებთ გარდაცვლილს და უფალს მის შენდობას შევთხოვთ.
- საჭიროა თუ არა გარდაცვლილის საწოლზე მისი ტანისამოსის დაწყობა ორმოცამდე და ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილის ყოფილ ოთახში ანთებული ნათურის დატოვება?
- გარდაცვლილის სამოსისა და ნივთების ორმოცამდე საწოლზე დაწყობა სრულიად არ გახლავთ საჭირო. უმჯობესია, ისინი მოწყალების სახით გავცეთ. ასევე არ არის საჭირო გარდაცვლილის საწოლის გვერდით საკვების დაწყობა. საკვები მაგიდაზე კი არ უნდა დავალაგოთ და შემდეგ ჩვენვე კი არ უნდა მივირთვათ, არამედ მივუტანოთ გაჭირვებულს და დავაპუროთ. სწორედ ამგვარად შევეწევით გარდაცვლილის სულს. მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმოცამდე. რაც შეეხება გარდაცვლილის ოთახში ანთებული ნათურის დატოვებას, ამ ჩვეულებას არავითარი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია. გარდაცვლილის სახელზე ორმოცი დღის განმავლობაში უნდა გვენთოს კანდელი.
- არსებობს აზრი, რომ მიცვალებულის საფლავი აუცილებლად ორმოცამდე უნდა მოეწყოს. მართებულია თუ არა ეს მოსაზრება? საერთოდ, როგორ უნდა მოეწყოს საფლავი?
- აზრი, თითქოს საფლავი ორმოცამდე უნდა მოეწყოს, ცრურწმენაა და ყოველგვარ რელიგიურ საფუძველს მოკლებულია. მისი მოწყობა შეიძლება ორმოცამდეც და ორმოცის შემდეგაც, გარდაცვლილის ოჯახის მატერიალური შესაძლებლობის შესაბამისად.
ქრისტიანული თვალსაზრისით, საფლავი წმინდა ადგილია, სადაც საყოველთაო აღდგომამდე განისვენებს გარდაცვლილის ნეშტი, ამიტომ სათანადო ყურადღებაც სჭირდება. საფლავი ამგვარად უნდა მოეწყოს: შემოიღობოს, რათა პირუტყვმა არ დააბინძუროს - საჭირო არ არის ძვირადღირებული ლითონებითა და ქვებით შემოღობვა, უმჯობესია, ის თანხა, რომელიც მათ შეძენას უნდა მოხმარდეს, გარდაცვლილის სახელზე მოწყალების სახით გაიცეს; საფლავზე აუცილებლად უნდა აღიმართოს ნაკურთხი ჯვარი, შეიძლება, დაიდოს მომცრო ქვაც, რომელზეც გარდაცვლილის ვინაობა აღინიშნება. სასურველია, გამშვენებული იყოს ყვავილებითა და მწვანე ნარგავებით.
- არსებობს ჩვეულება გარდაცვლილის ხსენებისას ღვინოში პურის ჩაწობისა. ზოგჯერ ღვინოს პურზე ან საფლავზე ღვრიან...
- გარდაცვლილის ხსენებისას ღვინოში პურის ჩაწობა ან ღვინის პურზე დაწვეთება სიმბოლურია. ამგვარი ქმედებით გარდაცვლილისთვის ცოდვათა მიტევების სურვილს გამოვხატავთ. ღვინის საფლავზე დაღვრა კი მიზანშეწონილი არ არის.
- რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას საფლავზე საზრდელის გატანისა და სუფრის გაშლის მიმართ?
- ეკლესია არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილის ახლობლების საფლავზე გასვლას, რადგან ამით ადამიანი მიანიშნებს, რომ ახსოვს თავისი მიცვალებული და ზრუნავს მის საფლავზეც, სადაც საყოველთაო აღდგომამდე განისვენებს გარდაცვლილის ნეშტი. საფლავზე წასვლისას არ იკრძალება საზრდელისა და სასმლის წაღებაც, თუკი იმ მიზნით მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ მიცვალებული, შესანდობარი გავუგზავნოთ მას და მცირე საზრდელიც ვიხმიოთ. ასეთ დროს ჭირისუფლებთან ხშირად გაჭირვებული ადამიანებიც მიდიან, რომელთა დაპურებაც უდიდესი მადლია მიცვალებულის სულისთვის. მთავარია, საფლავზე გასვლა არ გასცდეს ზომიერების ფარგლებს - არ მოჰყვეს მემთვრალეობა, ღრეობა და ა.შ.
- ქრისტიანულია თუ არა მიცვალებულის სახელზე წლისთავამდე სამი ცხვრის დაკვლის ტრადიცია?
- ცხვარი შეიძლება დაიკლას გარდაცვლილის სახელზე, მაგრამ აუცილებელი არ არის. თუკი ჭირისუფალს არა აქვს ცხვრის შეძენის საშუალება, შეუძლია, საერთოდ არ დაკლას, ამით გარდაცვლილის სულს არაფერი დააკლდება. მიცვალებულის სახელზე ცხვრის დაკვლასთან დაკავშირებით ხალხში ასეთი შეხედულებაც არსებობს: გარდაცვლილი მამაკაცისთვის ვერძი, მამალი ცხვარი უნდა დაიკლას, ქალის სახელზე კი დედალიო, რაც ყოველგვარ რელიგიურ საფუძველს მოკლებულია.
საერთოდ, გარდაცვლილის სახელზე ცხვრის დაკვლა არც წლისთავამდე იკრძალება და არც წლისთავის შემდეგ. თუკი ჭირისუფალს ცხვრის შეძენის მატერიალური შესაძლებლობა აქვს, ეს ნებისმიერ დროს შეუძლია გააკეთოს.
- როგორც ჩანს, ჩვენში დამკვიდრებული მიცვალებულთათვის შესასრულებელი მრავალი წეს-ჩვეულება არ ეწინააღმდეგება წმინდა ეკლესიის ნებას, თუმცა მათი უმრავლესობა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია სიმბოლური დატვირთვის მქონე წეს-ჩვეულებების აღსრულება მიცვალებულთათვის...
- მრავალ მათგანს მართლაც მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისეთი წესების აღსრულებას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ეკლესია არ კრძალავს, მაგრამ თუ მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მატარებელი წესების შესრულებით გამოვხატავთ გარდაცვლილთათვის ზრუნვას და არ ვიზრუნებთ მთავარი, სულიერი დატვირთვის მატარებელი წესების შესრულებაზე - სულის მოსახსენიებელი პანაშვიდების გადახდაზე, წირვაში მოხსენიებაზე, მათ სახელზე მოწყალების გაღებაზე, რომელთა შესახებაც რჩევა-მითითებებს ნებისმიერი ღვთისმსახური მოგვცემს, გარდაცვლილის სულს ვერ შევეწევით, ხვედრს ვერ შევუმსუბუქებთ, რადგან სწორედ სულიერი დატვირთვის მატარებელი წესების შესრულებით არის შესაძლებელი გარდაცვლილთა შეწევნა და ღვთის წინაშე გამართლება. სიმბოლური მნიშვნელობის წეს-ჩვეულებათა შესრულებით კი ჭირისუფალი მხოლოდ ხილულად კმაყოფილდება.
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცრურწმენებზე დამყარებული წესებისა და ტრადიციების შესრულებას განსაკუთრებით რაიონებში აქცევენ ყურადღებას. მხედველობაში მაქვს საფლავში სხვადასხვა ნივთის ჩაყოლება, გარდაცვლილის სახელზე წლისთავამდე სამი ცხვრის დაკვლის აუცილებლობის რწმენა და ა.შ. თუმცა თქვენ, როგორც რაიონში მოღვაწე ღვთისმსახურმა, უკეთ იცით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ პერიფერიებში...
- ცრურწმენებზე დამყარებულ წესებსა და ტრადიციებს გასულ წლებში უფრო მეტად ასრულებდნენ, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, ცხადია, ხალხის დიდი ნაწილი მოძღვრის რჩევა-მითითებებს ითვალისწინებს და ცდილობს, ეკლესიური წესების დაცვით იმოქმედოს.
ambebi.ge
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი