პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 ათასი ლარი დაიხარჯება
არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგრანტო საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ ხელშეკრულება გააფორმა.
„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რათა ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას", - განაცხადა წულუკიანმა.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ცენტრი „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს, რაც მასტიგმატიზებელი ნიშნებისაგან გათავისუფლებას და მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან საგრანტო პროგრამის საშუალებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს ტატუს მოცილების უფასო სერვისს სთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა.წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"