November 23, 2024

რატომაა პანიკა სოფელ ყანდაურაში, სადაც ერთი ოჯახის 4 წევრი მოკლეს...

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ხალხი პანიკაშია. სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ ოთხმაგი მკვლელობა, რომელზეც 85 წლის კაცია დაკავებული, მას არ ჩაუდენია.

სინამდვილეში ეს მისმა შვილმა გააკეთა, ყოფილმა სპეცრაზმელმა, რომელიც მიმალვაშია - უთხრა “რეზონანსს” რამდენიმე ადგილობრივმა, რომლებიც კატეგორიულად ითხოვენ, რომ მათი ვინაობა არ გავამხილოთ. ამბობენ, რომ დაკავებულის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ახლა მიმალვაშია და ვერ პოულობენ, შესაბამისად, შიშობენ, რომ შეუძლია ნებისმიერს გაუსწორდეს. მით უმეტეს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ დაინდო, მათ შორის დედა და ძმა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დაკავებული მოხუცი ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ მკვლელობების ჩადენას და ის საკუთარ შვილს ხელს აფარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პანიკა კახეთის სოფელში, სადაც ერთი ოჯახის 4 წევრი მოკლეს - ახალი დეტალები.

 

“საქმის ირგვლივ კითხვები ექსპერტიზის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, გეკოს თოფია ამოღებული, ხოლო ავტომატი ადგილზე ვერ ნახეს. რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს ბრალდებულის მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ მას ამ საქმესთან შესაძლოა შეხება ჰქონდეს, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. საუბარია ბრალდებულის 51 წლის შვილზე, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია და ის შემთხვევის შემდეგ არავის უნახავს. არც ძმის დაკრძალვაზე გამოჩნდა და არც საავადმყოფოში დაჭრილ დედას მიაკითხა. დაკავებულია მისი შვილი, ნოდარ გამყრელიძე, რომელსაც იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან... ადგილობრივებმა შოკიდან გამოსვლის შემდეგ გარკვეული დეტალების გახსენება დიაწყეს, ისინი ამბობენ, რომ სროლის დროს, სავარაუდოდ, მოხუცი ოთახში ცოლის საწოლთან უნდა ყოფილიყო. თავად მოხუცი სასამართლოზე ამბობს, რომ როდესაც მის 76 წლის ცოლს ელზა გამყრელიძეს ესროლეს, ის ხმაურზე ოთახში შევიდა და დანის პირით ცოლისთვის კრიჭის გახსნას ცდილობდა, ცოლს არ მოშორებია და 4 ადამიანის დახოცვას ვერ შეძლებდა. მეზობლები ამბობენ, რომ მოხუცის ხელში იარაღი არასდროს უნახავთ. დაკავებული მოხუცი ამბობს, რომ ისიც კი არ იცოდა, რომ მისი შვილი, რძალი და მეზობლები გარდაცვლილები იყვნენ, ხოლო იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა, მას არ ეკუთვნის და მან სროლაც კი არ იცის”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს უბედურება რომ მოხდა, ცოლთან ოთახში ვიყავი და მის გადარჩენას ვცდილობდი. ნეტავ გადარჩეს და ყველაფერი თქვას. პოლიცია რომ მოვიდა, ვერც კი მივხვდი რა მოხდა. ოთახში შემოცვივდნენ და დამიჭირეს. ვიკითხე, რატომ მიჭერთ-მეთქი, არავინ არაფერი მითხრა. სოფელში რომ ჩამატარეს, ხალხი ქვებს მესროდა და მკვლელოო, მეძახდნენ. არც კი ვიცოდი, რომ ჩემს ეზოში 4 მკვდარი იყო. მინდა გამიშვან სოფელში, ვნახო ის ადამიანები ვინც ამბობენ, რომ მე იარაღით მნახეს და ვისროდი”, - განაცხადა ომარ გამყრელიძემ სასამართლოზე. მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრი ფრიდონ გამყრელიძე მოხუცს თავდაპირველად ცოლ-შვილის დახოცვაში ბრალს დებდა. თუმცა ახლა ის მოვლენებს სრულიად სხვაგვარად იხსენებს და ომარ გამყრელიძის ბრალში ეჭვი ეპარება. ამბობს, რომ როცა მან შემთხვევამდე მოხუცი ცოლის საწოლთან მჯდომარე ნახა, საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. ამბობს, საეჭვოა, რომ მისი გამოსვლიდან ასეთ მოკლე დროში მოხუცს იარაღების აღება, ჩასაფრება და მათი დახოცვა მოესწრო. კრიმინალისტი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლოს სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ჩიხლაძე ამბობს, რომ ამ მკვლელობის ირგვლივ ბევრი კითხვა გაჩნდა, რაც საქმეში ჩაუხედავი სპეციალისტისთვისაც ადვილად შესამჩნევია. ფიქრობს, რომ გამოძიების მიერ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება და 85 წლის მოხუცის ერთადერთ დამნაშავედ გამოცხადება, მსუბუქად რომ ითქვას, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ვარაუდობს, რომ ასეთი მკვლელობა ამ ფიზიკური მონაცემების მოხუცს რეალურად უნდა გასჭირვებოდა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილებს ჭრილობები ორი იარაღიდან აქვთ მიყენებული, ერთი კალაშნიკოვიდან და მეორე გეკოდან. ავტომატი კი ნაპოვნი არ არის”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კითხვა მოხუცის შესაძლებლობაზე და მის გამოცდილებაზე ჩნდება. რამდენად არის ის ფიზიკურად ძლიერი, რომ ორი იარაღიდან ასე მოკლე დროში სროლა განეხორციელებინა. ანუ ორი იარაღი დაეკავებინა და ასე ესროლა ან შენაცვლებით. ახლა რაც შეეხება ავტომატს, საინტერესოა სად არის ეს იარაღი, საიდანაც გარდაცვლილებს უფრო მეტი ჭრილობა აქვთ მიყენებული. რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა მოხუცის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე რამდენად შეძლებდა ავტომატის სროლას, მით უმეტეს ვინც ერკვევა იარაღებში, იცის, რომ მას სროლისას ძლიერი უკუდარტყმა აქვს. ანუ ძალაა საჭირო იმისთვის, რომ ავტომატის ლულა მაღლა აწიო და ასეთი სიხშირის სროლა დაიწყო. თანაც იმოძრაო და ეზოში გაქცეულებს დაუმიზნო. როგორც ამბობენ, დაკავებულმა, სავარაუდოდ, შვილი და რძალი ეზოში დახოცა. თუმცა ის, რომ მოხუცია და ავტომატს ვერ გაისვრიდა, არ არის მთავარი არგუმენტი, მაგალითად პაპაჩემი 102 წლის იყო და იარაღს მშვენივრად ისროდა. თუმცა რაც კადრები ვნახე, დაკავებულს სიარულიც კი უჭირს. არ არის გამორიცხული, რომ მოხუცი გეკოდან ისროდა და ავტომატიდან სხვა. მას შესაძლოა თანამზრახველი ჰყავდეს. გამოძიებამ ამაზე უნდა იმუშავოს. ასევე ანაბეჭდები, არის თუ არა გეკოს ტიპის იარაღზე? დაკავებული მოხუცი შემოწმდა? მას ჰქონდა დენთის კვალი ხელზე? ეს ისეთი საქმეა მისი გაყალბება ვერ გამოვა“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კრიმინალისტი კახა ჩიხლაძე.

 

“ექსპერტ-ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზა ყველა ბუნდოვან კითხვას პასუხს გასცემს და უფრო მეტიც, შესაძლოა გამოძიების ვერსია საერთოდ თავდაყირა დააყენოს. ბალისტიკოსი ამბობს, რომ პირველ რიგში გასარკვევია სად გაქრა ავტომატი, საიდანაც გარდაცვლილებს ჭრილობები აქვთ მიყენებული. ამოღებული მასრებით ექსპერტიზა ძალიან ადვილად დაადგენს, საიდან და რა დისტანციიდან ისროდა დამნაშავე. ასევე სროლის დროს გადაადგილდებოდა თუ არა ის და კალაშნიკოვი ჰქონდა თუ არა ავტომატურ რეჟიმზე დაყენებული. რაც შეეხება მოხუცის უდანაშაულობას და მის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს, ექსპერტი აცხადებს, რომ პირველ რიგში გასათვალისწინებელია, საერთოდ იცოდა თუ არა და ოდესმე თუ ჰქონია იარაღებთან შეხება. წარმოუდგენელია, ერთ ხელში გეკო გეჭიროს და მეორე ხელში ავტომატი და ასეთ უწყვეტ რეჟიმში ისროდე. მით უმეტეს მოხუცის ფიზიკური მონაცემებია გასათვალისწინებელი. თუ მან გარდაცვლილებს შორის დისტანციიდან ჩასაფრებით ესროლა და არა მიბჯენით, მაშინ მას მხედველობა რამდენად აძლევს ამის საშუალებას, დასადგენია”, - დასძენს გამოცემა.

 

“პირველ რიგში საინტერესოა რა იქნა ავტომატი. ანუ მისი გაუჩინარება გვაძლევს უკვე ეჭვის საფუძველს, რომ მოხუცს მინიმუმ თანამზრახველი ჰყვადა, რომელიც ავტომატიდან ისროდა. რაც შეეხება გეკოს ტიპის იარაღს, სოფელში ძირითადად არის ხოლმე შემორჩენილი ისეთი მოდელის, რომელიც მხოლოდ ერთხელ ისვრის და მას შემდეგ ისევ გადატენა სჭირდება. გამოძიება და ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს რა დისტანციიდან ისროდა მკვლელი, სად იჯდა ან იდგა და თუ მოძრაობდა. მაგალითად კალაშნიკოვი შეგიძლია ავტომატურ რეჟიმზე დააყენო და ერთი გასროლით ე.წ. აბოიმა დახარჯო. თუ სროლა ოთახში იქნება, ბევრი ადამიანის დახოცვა ერთდროულადაა შესაძლებელი. თუმცა, აქ რაც მოხდა ეს არის ღია სივრცეში ნასროლი, მკვლელობები ეზოშია ჩადენილი. ასევე, ნატყვიარებით დისტანციის დადგენაა შესაძლებელი. ძალიან მარტივი გასარკვევია მოხუცი მართლა დამნაშავეა თუ არა. გარდაცვლილების ჭრილობების მიხედვით შესაძლებელია დადგენა რამდენად ისროდა მკვლელი გამიზნულად და არა ბრმად. ანუ არის თუ არა ეს ისეთი ადამიანის ჩადენილი, რომელმაც სროლა კარგად იცის და დამიზნებით ისვრის, თუ უბრალოდ უმისამართო სროლის შედეგად მოხვედრილი ტყვიებია. ასევე გასათვალისწინებელია მოხუცის ფიზიკური მონაცემები“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი.

წაკითხვა 1439 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.