September 29, 2024

26 მაისს, ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თვალი გადაავლონ ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“.

 

2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით: #გააზიარეცოდნა

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან იწყება.

 

ზუგდიდში მასშტაბურ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი საქართველოს კონცეფციით გამართავს. დამთვალიერებელს საშუალება ექნება დამოუკიდებლობის დღეს, თვალი გადაავლოს ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას და ღონისძიების მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით: #გააზიარეცოდნა ფარგლებში კიდევ ერთხელ გაეცნოს იმ გმირებს, რომლებმაც ერთიანი საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

 

ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი - ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც წარმოდგენილი იქნება მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ.

 

ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდება სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ სიმბოლურად ხელი მოაწერონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს.

 

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მთავარ მოედანზე ერთიანი საქართველოს თემაზე კიდევ ერთი პავილიონი განთავსდება- აუდიო სტენდი, სადაც სტუმრები ქართველ პოეტებს, კინო მუსიკას, დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს, ხალხურ მუსიკას და 1918 წლის 26 მაისის შესახებ დოკუმენტურ მასალებს ყურსასმენების საშუალებით გაეცნობიან.

 

,,გააერთიანე საქართველო“- ამ სახელწოდებით მოედანზე სტრატეგიული თამაში ჩატარდება, რომლებშიც წინასწარ დარეგისტრირებული სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები კი მაყურებელს ერთიანი საქართველოს პერფორმანსს წარუდგენენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში აწყობს კიდევ ერთ საგამოფენო პავილიონს სახელწოდებით ,,ქვეყნის უსაფრთხოება“, სადაც სტუმრები სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ წარმოდგენილ პრეზენტაციებს ნახავენ.

 

ღონისძიებებია დაგეგმილი ბავშვებისთვისაც. სპეციალური სივრცე დაეთმობა კამპანია ,,მეტისიცოხლისთვის“ ფარგლებში საბავშვო ზონას, სადაც მათ საგზაო მოძრაობის წესების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება რბოლაც. ტერიტორიაზე განთავსდება საცოცი კედელი, სადაც მეხანძრე -მაშველი ბავშვებს საჭირო რჩევებს მისცემენ.

 

17.10 წუთზე, ზუსტად იმ დროს როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მთელი საქართველოს მასშტაბით ერთიან საზეიმო აღნიშვნას ზუგდიდიც შეუერთდება. კულმინაციის შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე გალა კონცერტი დაიწყება რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფი რეზო და ბავშვები, ნიკოლშოუ, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი ვაკის პარკი და ნათია თოდუა.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწვევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

წაკითხვა 721 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.