,,პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში"- ირაკლი კობახიძე
სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში დაუფასებელია.
„მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსმთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.
უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
სიახლეები
- მარნეულის მერიამ „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
- გერმანიაში 19 წლის უკრაინელი გოგო მოკლეს – მკვლელი არასრულწლოვანი სირიელი მიგრანტია
- ,,ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი საქართველოს წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო"- ხვიჩა კვარაცხელია
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
- ,,ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – ეს თქვენ გჭირდებათ”- მამა შალვა
