რა წერია გიორგი მამალაძის ექსპერტიზის დასკვნაში – (დოკუმენტი)
გიორგი მამალაძის ოჯახი და ადვოკატები ირწმუნებიან, პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველთა თქმით, პრეზიდენტის მიმართ შეწყალების მოთხოვნაც სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ საპატიმრო პირობებში სრულყოფილი მკურნალობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით „პრაიმტაიმმა“ სცადა ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება. გარდა იმისა, რომ დავუკავშირდით დეკანოზის ოჯახს და პენიტენციურ სამსახურს, კითხვით მივმართეთ სახალხო დამცველს, რომელიც უშუალოდ იცნობს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს. ჩვენ მოვიპოვეთ ერთ-ერთი ასეთი დასკვნაც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მამალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. კომისიურ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უნდა გაერკვია, რამდენად რეალურია გიორგი მამალაძის ჩივილები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სანამ ექსპერტიზის შედეგებს გაგაცნობთ, ვნახოთ, რას ამბობს ამ საკითხზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია:
„ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ, ასევე ინფორმაცია არაერთი ექსპერტული დასკვნის თაობაზე. მათ შორის, ერთი დასკვნა ჩვენც გავაკეთეთ. ბოლო დასკვნა არის კონსილიუმის მიერ გაკეთებული. ყველა ეს დასკვნა შეიცავს ძალიან სენსიტიურ ინფორმაციას პირის ჯანმრთელობის შესახებ და მე მისი თანხმობის გარეშე ვერ ვისაუბრებ, რადგან ინფორმაციის გამჟღავენების შემთხვევაში შესაძლოა დავაზიანო მისი ინტერესები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ „პრაიმტაიმის“ კითხვის საპასუხოდ.
დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე კი ამბობს, რომ სწორედ ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს. მისი თქმით, თებერვლიდან დღემდე არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა.
„თებერვლიდან დღემდე არის პარალიზებული, წოლით რეჟიმში, ჯდომაც კი არ შეუძლია. უარესობა არ არის, მაგრამ არც უკეთესობაა. ექიმები ამბობენ, რომ გამოჯანმრთელებას უნდა სათანადო მკურნალობა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია. დღემდე ის იმყოფება ციხის საავადმყოფოში. ნერვიულობის შედეგად არის გამოწვეული ეს პარალიზება. ღუდუშაურის ექიმები ამბობდნენ, რომ საავადმყოფოშიც კი ვერ მოხერხდება მისი მკურნალობა, არამცთუ ციხის საავადმყოფოში. მძიმე მდგომარეობა, რომ არ იყოს, ციხის საავადმყოფოში არავინ გააჩერებდა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ინფორმაციას სრულად ეწინააღმდეგება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამისი მიმართვის საფუძველზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ ჩაატარა. კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ხელს აწერენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ხარებავა და ექიმი-ფსიქიატრები: ნინო დავითაშვილი და ალექსანდრე ბიბილეიშვილი. ექსპერტიზის 8-გვერდიანი დოკუმენტი დეტალურად ასახავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ დასკვნით ნაწილს გაგაცნობთ, სადაც ვკითხულობთ:
„…ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ გამოსაკვლევი პირის ამჟამინდელი ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს, რასაც მოწმობს: კლინიკური საუბრის განმავლობაში დაძაბულობა; მეტისმეტი მომაბეზრებელი აქტიურობა „ავადმყოფური სიმპტომების“ წარმოჩენისას, მათი განვითარების უუნარობა, ავადმყოფობის მთლიანი სურათის არ არსებობა, ავადმყოფობის განვითარების დინამიკის არ არსებობა, მოცემული ავადმყოფობის სურათის შეუთავსებლობა ანამნეზთან“.
წყარო: primetime.ge
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"