„ცოცხლად გადიხარ ჯოჯოხეთს... ხანდახან ცარიელი პურიც სანატრელი გვაქვს“- ემიგრანტი ქალების ხმა თურქეთიდან

"ემიგრაცია - ეს არის სიღარიბისგან თავის დაღწევის უძველესი მეთოდი“ - ამბობს ეკონომისტი ჯონ გელბრეიტი.

დიახ, სწორედ სიღარიბეა ემიგრაციის დასაწყისი, როცა ოჯახის სამყოფ პურის ფულს ვეღარ შოულობ. სამეზობლოში ბევრი ავად ხდება, ბევრს ლუკმა-პური ენატრება. შემდეგ უკვე ძიებას იწყებ, სად შეიძლება წახვიდე, სადაც უფრო მეტ ფულს იშოვი, რომ ოჯახი მაინც არჩინო და შვილები შიმშილით არ დახოცო. ფიქრობ : „-წავალ იმ ქვეყანაში, სამუშაოს ვიშოვი და მერე....“

 

და მერე, რაც ხდება, ამას ჩვენი რესპონდენტები მოგვიყვებიან, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნაში, თურქეთში მუშაობენ.  

 

და რატომ თურქეთი?  

 

FirstNews.ge გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას ემიგრანტ ქალებზე ( რესპონდენტების თხოვნით მათ გვარებს არ ვასაჯაროვებთ).

 

ირმა, 42 წლის - ოთხი შვილის დედა რუსთავიდან

„უმუშევრობის გამო გადავწყვიტე მეზობელ ქვეყანაში ემიგრანტად წამოვსულიყავი.  4 შვილს ვარჩენ და აგერ, უკვე  9 წელია ემიგრანტულ ცხოვრებას ვეწევი .

 

ამ ნაბიჯის გადადგმა  უმძიმესი იყო ჩემთვის, მაგრამ სხვა გზა არ  მქონდა.  4 შვილი  და ეკონომიკური სიდუხჭირე, არც სამსახური მქონდა, არც დამხმარე მყავდა.  გადავწყვიტე  სამუშაოდ თურქეთში წამოვსულიყავი. მუდმივად მაღაზიის ვალი მქონდა, ჩემი შვილები ხომ უნდა გამომეკვება, პლუს ამას ბანკის სესხი. მეუღლეც უმუშევარი იყო.  ასე, ცრემლიანი და გზა აბნეული გავუყევი თურქეთის გზას..

 

პირადად მე, გამიმართლა კარგ ოჯახში მოვხვდი. 9 წელი ერთ ოჯახში ვიყავი, ისე მიმიღეს, როგორც ოჯახის წევრი. იოლად გადავლახე ენის ბარიერიც და ის სირთულეებიც, რაც  ემიგრანტობას ახლავს.

 

ერთი კვირაა, რაც ოჯახის პატრონი, ვისაც ვუვლიდი გარდაიცვალა..  ამ წუთას უმუშევარი ვარ...

 

საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან სამსახურის შოვნის არანაირი შანსი არ მაქვს. თითქმის ყოველდღე ჩამოდიან აქ საქართველოდან სამუშაოდ. როგორც ჩანს დასაქმების კუთხით საქართველოში მდგომარეობა ჯერ კიდევ არ შეცვლილა“.

 

TWoh0il

 

რუსუდანი, 55 წლის - სენაკიდან

 

„უმუშევრობისა და ბანკის ვალის გამო 2010 წელს თურქეთში გადახვეწა მომიწია, რადგან სენაკში ვერანაირი სამსახური ვერ ვიშოვე, ელემენტარულად თავი რომ მერჩინა და ოჯახისთვის მიმეხედა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ერთი ან მაქსიმუმ ორი წლით წავიდოდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს დრო ძალიან გაიწელა და ემიგრაციაში  9 წელია ვიმყოფები. თავიდან ჯოჯოხეთი გამოვიარე. არც ენა იცი, არც გარემო, ყოველ კვირას ვიცვლიდი ოჯახს..  ეს ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებდა. დეპრესიაში ვიყავი. აქ მყოფი ქართველი ქალების ტანჯვის აღწერა და გადმოცემა ძალიან ძნელია. როცა ენას სწავლობ და გარემოსაც ეგუები, მერე კი შედარებით იოლია... მაგრამ მანანდე  ცოცხლად გადიხარ ჯოჯოხეთს.

 

ქალაქ ანკარაში ვიმყოფები. ჩვენი სამშობლოს ისტორიიდან გამომდინარე აქ ყოფნა არ მიხარია, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ემიგრაცია ენით აუღწერელი დიდი ტკივილია.

 

საქართველოში ჩამოსვლა ჯერ არ გადამიწყვეტია. ისიც კი არ ვიცი აქ ყოფნა როდემდე მომიწევს. მხოლოდ ერთი დასვენების დღე მაქვს, კვირა. ამ დღეს ვიკრიბებით ხოლმე ქართველი ქალები და ერთმანეთს ჩვენს გულის ტკივილს ვუყვებით.  ასე თუ გავაძლებინებთ ერთმანეთს და გავატანინებთ მძიმე დღეებს.

 

საქართველოში მთავრობას საერთოდ აინტერესებს ემიგრაციაში მყოფი ქართველების გასაჭირი? იციან კი რას უძლებს აქ თითოეული ჩვენგანი?

 

არავის ვურჩევ და ვუსურვებ აქ ჩამოსვლას, რადგან უკვე ვიცი რისი გადატანა მოუწევთ. აქვე ყველა ემიგრანტს ვუსურვებ მალე დაუბრუნდეს სამშობლოსა და საკუთარ ოჯახს, ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება მათთვის“.

 

მზია, 64 წლის - ქუთაისიდან

 

„რატომ თურქეთში?

 

თურქეთში ჩასვლა ქალებისთვის უცხო იყო ძალიან, რადგან მის უკან დგას ოჯახის დატოვება, ქმარ-შვილთან განშორება, ლუკმა-პურის ფულისთვის ტანჯვა წამებაში ყოფნა. ეს ენით აუღწერელი საშინელებაა. პირველ რიგში ენა არ იცი და უპატრონო მონა ხარ, მეორე- ის რომ ცუდად გვექცევიან, ხანდახან აქაც ცარიელი პური სანატრელი გვაქვს. აქ ჩამოდიან უმაღლეს დამთავრებული ქალები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საქართველოში არსებულ სიდუხჭრეს გამოქცეოდნენ.  პედაგოგები, ექთნები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ოჯახის გადასარჩენად აქეთ მოდიან. თურქების მონები ვხდებით, ვიჩაგრებით, ვნადგურდებით, რადგან გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა. უმეტესობას ოჯახებში მძიმე სიტუაციაში უწევთ მუშაობა.

 

აქ იმიტომ ჩამოდიან, რომ თურქეთი უფრო ახლოა.ზოგი სამი თვის მერე ოჯახში ბრუნდება, თუმცა გაჩნდა იმის შანსიც, რომ საბუთების გაკეთების შემდეგ უკვე წლობით დარჩენაც შეიძლება. ყველას ვალები აქვს და ბანკები ახრჩობენ, საქართველოში ოჯახების რჩენა ძნელია და ამას ჩვენი მთავრობა ვერ ხედავს. ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს მძიმე სიტუაცია არ იციან. ყველაფერი ტყუილია, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა, მთავრობის წარმომადგენლებს აქვთ ყველაფერი კარგად. აბა ჩვენ გვკითხონ?.. მილიონებს ვერ ჯერდებიან და მილიარდებზე გადადიან. ინგრევა ოჯახები, ქალები ამდენს ვიტანჯებით უცხო ქვეყანაში. აქაც კაპიკებში გვიწევს მუშაობა, რადგან ლირაც გაუფასურდა. რამდენი წელია ველოდებით, იქნებ რამე შეიცვალოს საქართველოში უკეთესობისკენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა და აღარც გვაქვს უკვე მთავრობის იმედი. დღესდღეობით, ყველა ემიგრანტი იმას ფიქრობს, რომ მალე დაუბრუნდეს საქართველოს და ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები.

 

საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, გახსნან ფაბრიკა-ქარხნები და დაასაქმოს ხალხი, მისცეს ნორმალური ხელფასი, ისე რომ ოჯახის რჩენაში ეყოს ადამიანს“.

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 1463 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 09 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.