ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი 24 დეკემბერს მედიაში გასულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას.

 

როგორც ცოტნე გამსახურდიას ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, თითქოს სუფრაზე წარმოქნილი კონფლიქტის ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო, რაც ბრალდებულების ვერსიაა და არა სუფრის ნეიტრალური წევრების.

 

„სიუჟეტში ასევე მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, რომ ცოტნე გამსახურდია, თავიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა ბრალდებულების მიმართ და რომ ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალების მიზნით, გარიდებოდნენ ცოტნე გამსახურდიას, თუმცა იგი დაეწია მათ, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცოტნე გამსახურდია დაკავებული პირების მიმართ, მთელი დღის განმავლობაში იყო საკმაოდ აგრესიული.” და „ცოტნე გამსახურდია დაეწია მათ (ბრალდებულებს) და ჩვენებების მიხედვით იგი გამოირჩეოდა აგრესიით.”

 

საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ ეს ვერსია წარმოადგენს ბრალდებულების ვერსიას და საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ნეიტრალური სუფრის მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებს, რომ კონფლიქტის ინიციატორი სწორედ ცოტნე გამსახურდია იყო. ჩვენთვის ასევე მიუღებელია სიუჟეტის ის ნაწილი, სადაც ასევე მტკიცებით ფორმაში ხდება მინიშნება, რომ ბრალდებულები სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა ცოტნე გამსახურდიამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

 

მიგვაჩია, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. ასევე ვფიქრობთ, იმ მოცემულობაში, როდესაც ცოტნე გამსახურდია იბრძვის სიცოცხლისათვის, ბრალდებულების ვერსიის უაპელაციოდ გაზიარება და ჭეშმარიტებად წარმოჩენა, არ ჯდება არც ჟურნალისტურ სტანდარტში და სცდება ელემენტარულ მორალურ საზღვრებს.

 

მოვუწოდებთ მასმედიის საშუალებებს, მაქსიმალურად ობიექტურად მოახდინონ თემის გაშუქება და ნებსით თუ უნებლიედ ნუ შეუწყობენ ხელს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. მით უფრო მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც მისი პოზიციის დაფიქსირება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვიდრე ცოტნე გამსახურდია თავად არ გააკეთებს განმარტებებს ან არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვერსიას, მათ შორის არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არც მის მიმართ განხორციელებულ, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. თუმცა ამავე დროს, არ გვსურს თემით სპეკულაცია და ველოდებით ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას.

 

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საზოგადოებას და მედიის საშუალებებს გამოჩენილი თანაგრძნობისა და ყურადღებისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან იქნება აცილებული,“ - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაკითხვა 494 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.