რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში - რა მიმართულებით იცვლება სარედაქციო პოლიტიკა
“3 ხმა 2-ის წინააღმდეგ - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა და შტატების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა. ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა. გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში - რა მიმართულებით იცვლება სარედაქციო პოლიტიკა.
“საშტატო ერთეულების შემცირების ინიციატივით მრჩეველთა საბჭოს აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ესწრებოდნენ, ხმაური იყო შენობის წინ. მოქალაქეთა ჯგუფი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” არ აქვთ სიტყვის თავისუფლებაზე საუბრის უფლება, რადგან სწორედ მათგან უხდებოდეთ წლების წინ მედიის, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დაცვა. გიორგი კოხრეიძე კი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მან თანამშრომლები რეფორმის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ ხორციელდება ბულინგი. მას პრეტენზიები აქვს მესამე სექტორის მიმართაც”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იძულებული ვარ და ვალდებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია როგორმე ვმართო. ყველა სამსახური, რომელთანაც მქონდა შეხვედრა, პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მაუწყებელში არის პრობლემები. კონკრეტულ პირს ვერ ვაგნებდით. არიან დირექტორები და მოადგილეები. კარგი ბრალდება მოადგილეს, ცუდი დირექტორს. მუდმივი ბულინგი. არაფერი გამიკეთებია ცუდი, არავის ემუქრება საფრთხე. მინდა, ვმართო ორგანიზაცია, არ მჭირდება დამატებით რგოლები. სამსახურების მხრდან ხდება ინფორმაციების დამალვა”, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია. ისინი პასუხისმგებლობას მრჩეველთა საბჭოსა და არხის დირექტორს აკისრებენ და ამბობენ, რომ დირექტორი მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით ცდილობს, ტელევიზიას ჩამოაშოროს საინფორმაციოს უფროსი და მისი მოადგილე. თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას არ გამორიცხავს. სხვადასხვა მედიასაშუალებაში დასაქმებული ჟურნალისტების ორგანიზებით კი სამი დღის წინ აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაში არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის საშტატო ერთეულის შემცირებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები, საბოოლოდ, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად, რაც მედიაგარემოზე ქვეყანაში უარყოფითად აისახება. “ყველა რეკომენდაცია, რჩევა თუ მოთხოვნა უგულებელყო მენეჯმენტმა, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებს, რაც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება ითქვას, რომ ტრაგიკულიც კი არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, იმიტომ რომ, ვფიქრობ მალე ახალი ამბები აღარ იქნება ისეთი კრიტიკული, როგორიც ამ დრომდე იყო, რაც ძალიან დააზარალებს მედიაგარემოს - როგორც რეგიონში, ასევე მთელ ქვეყანაში”, - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველიც მივიდა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ბოლო დროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს აჩენს”, - დასძენს გამოცემა.
“სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, უკვე მეორედ მოვედი და მაქვს სურვილი, რომ მხარეებს გავესაუბრო და გამოვხატო ჩემი პოზიციები. დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არა უბრალოდ შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს, არამედ კრიტიკული მაუწყებლობის ცვლილებას. ვფიქრობ, რომ არის საგანგაშო ვითარება. გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა. ჩვენ არაერთი სისხლის სამართლის საქმე გვაქვს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. მრჩეველთა საბჭო კრიტიკულად უნდა მიუდგეს საკითხს”, - განაცხადა ლომჯარიამ, რომლის თქმით, “წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასდება, როგორც აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი