საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის მაშინ, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები იბრძვიან პანდემიის სამართავად

კორონავირუსთან ერთად, საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონია - ნდობა მთავრობის მიმართ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 20 მარტისთვის 44 შემთხვევას მიაღწია ნულოვანი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

 

ბევრი დამკვირვებლისთვის, თუნდაც დიდი ხნის კრიტიკოსისთვის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა რაღაცას სწორად აკეთებს: უკან გადგა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს აცალა სიტუაციის სადავეების ხელში აღება.

 

„ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების შეკავების მყისიერი ქმედებები ძალიან დროული და ადეკვატური იყო" აცხადებს პრაღაში მოღვაწე ქართველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ნინო გიგუაშვილი „ევრაზაიანეტთან" საუბრისას. „პრინციპში, საქართველო პირველი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც ქმედითი ზომები განახორციელა".

 

ვირუსის გავრცელებასთან ერთად, საქართველომ სწრაფად იმოქმედა: ცხელი კერების მქონე ქვეყნებთან ფრენები დროებით შეაჩერა, უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები სამედიცინო პროფილის მიხედვით დაახარისხა და კარანტინში მოაქცია, უპრეცედენტო მასშტაბის საზოგადოებრივი შემეცნების კამპანია ჩაატარა. ყოველივე ეს მოხდა მანამდე, სანამ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ეპიდუსაფრთხოების რეჟიმზე გადავიდოდა. სკოლებიც დაიკეტა და სამიზნე სექტორების დახურვა გამოცხადდა მაშინ, როდესაც მხოლოდ 3 დადასტურებული შემთხვევა იყო საქართველოში.

 

ახლომდებარე ირანში თებერვლის შუა რიცხვებში ეპიდემიის აფეთქების მომენტისთვის, საქართველოში პროაქტიულად ხორციელდებოდა სასაზღვრო შემოწმება. ეს გულისხმობდა სხეულის ტემპერატურის გაზომვას და სამოგზაურო ისტორიის გამოკითხვას, რაც საქართველოში უკვე კარგად იყო დანერგილი და მიმდინარეობდა. ამდენად, ქვეყანამ შესძლო ვირუსის პირველი შემომტანის გამოვლენა.

 

ირანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე 26 თებერვალს უშუალოდ აზერბაიჯან-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გამოავლინეს. ის სწრაფადვე მოაქციეს იზოლაციაში მის თანამგზავრებთან და სხვა იმ პირებთან ერთად, რომლებთანაც საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდა კავშირი. ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი მყისიერად დაიკეტა, ხოლო ირანიდან ჩამომსვლელი საქართველოს მოქალაქეები კარანტინში მოექცნენ და ახალ კორონავირუსზე ლაბორატორიული ტესტირებაც ჩაუტარდათ. მომდევნო დღეებში, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებული ასობით ადამიანი და მათთან კონტაქტის მქონე პირები კარანტინში მოექცნენ სახელმწიფო ობიექტებში ან სახლში.

 

როდესაც პანდემიის სიმძიმის ცენტრმა აზიიდან ევროპისკენ გადმოინაცვლა, იტალია გახდა საქართველოში ვირუსის შემოტანის პირველწყარო. იტალიიდან დაბრუნებული პირველი ინფიცირებული მგზავრები საქართველოს საზღვარზე გამოეპარა, თუმცა ხელისუფლებამ წარმატებით მოახდინა მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა და იზოლირება, სანამ „მეტასტაზები" გავრცელდებოდა. ყოველივე ეს გონივრულად და დროში გაწერილი ნაბიჯები ხორციელდებოდა იმის შედეგად, რომ მთავრობამ ეს საქმე მიანდო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერის საუკეთესო სპეციალისტებს: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს პაატა იმნაძეს, ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს 3 თენგიზ ცერცვაძეს და ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას. ეს ექიმები - განსაკუთრებით ეზუგბაია - მედია-ვარსკვლავებად იქცნენ, რადგან ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას თითქმის ყოველი საათის ბოლოს და უახლეს მონაცემებს აჟღერებდნენ არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი რაოდენობის, ინფიცირების წყაროს, ვირუსის გავრცელების ტრაექტორიის და ყველაზე საჭირო ქმედებების შესახებ. ეს ხდებოდა სწრაფი განვითარების მქონე სიტუაციის ყოველ ეტაპზე. „საუკეთესო პროფესიონალების წინა პლანზე წამოწევამ შედეგად იქონია. საზოგადოებისადმი მისაწოდებელი ინფორმაციის სწორი გაჟღერება სწორი ადამიანების მიერ და სწორ დროს" აცხადებს გიგუაშვილი და იქვე დასძენს, რომ ქვეყნის უმაღლესი ინტელექტის მქონე პროფესიონალების ლიდერობით უზრუნველყოფილი იყო რეაგირების ეფექტიანობა, რაც ზედმიწევნით ზუსტ სამეცნიერო ცოდნას ეფუძნებოდა და ქვეყნის რესურსების თანაწონადი იყო.

 

„ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვიკრიბებით და მუდამ სატელეფონო კავშირზე ვართ ერთმანეთთან. გლობალურ მოდელებს ვაკვირდებით, ეპიდემიების ადრინდელ და გლობალურ გამოცდილებას ვაანალიზებთ და შემდეგ მთავრობას ვთავაზობთ რა გაკეთდეს საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებებისა და გამოცდილების საფუძველზე" -აცხადებს საქართველოს რეაგირების ძალისხმევაში მონაწილე ეპიდემიოლოგი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

 

„საჭესთან პროფესიონალების დაყენება ალბათ ამ მთავრობის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რაც ოდესმე მიუღიათ" - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ქართველი ექსპერტი ზურაბ თათანაშვილი.

 

„ეს რომ სერიოზული ვითარება არ ყოფილიყო, მთავრობა პრიორიტეტად არც მიიჩნევდა ცოდნასა და გამოცდილებას, რადგან არც სჩვევია. თუმცა, ეს სავარაუდოდ ეგზისტენციალური სიტუაცია იყო მმართველი პარტიისთვის და თან საარჩევნო წელს ხდება. ამდენად, შიში კარგი მრჩეველი გამოდგა".

 

ერთ-ერთი კრიტიკა, რომელიც მმართველი რეჟიმის მიმართ გამუდმებით ჟღერდება იმაში მდგომარეობს, რომ სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე ადამიანები პარტიისა და მისი ძლევამოსილი უფროსის, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილისადმი, მორჩილების ნიშნით ხვდებიან. პროფესიული ნიშნით ან რეპუტაციით არ ხდება დანიშვნა (ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ჯანდაცვის მინისტრად ახლად-დანიშნული ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც საზოგადოებაში ფართოდ მიიჩნევა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირად). ბევრი ადამიანი მიიჩნევს მის საკადრო პოლიტიკას მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" რეიტინგის ყოველწლიური ვარდნის მიზეზად. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავრობა ვარდნის შემდეგ იბრუნებს საზოგადოებრივ მხარდაჭერას კორონავირუსის კრიზისისადმი გამოყენებული სწორი მიდგომის შედეგად.

 

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ვირუსი ჯერჯერობით საქართველოს მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს" განუცხადა გამორჩეულმა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „ნეტგაზეთის" საინფორმაციო სამსახურს. „თუ არსებული მიდგომები შენარჩუნდება, მთავრობას კვლავაც დაეწერება ქულები". შეკავება როდესაც მსოფლიოს ქვეყნები პანდემიას ებრძვიან, ისინი სამ ფაზას გამოკვეთენ: შეკავება, დაყოვნება და განეიტრალება. ასევე, ხორციელდება ეკონომიკაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და სამოქალაქო თავისუფლებზე პანდემიის გავლენისა და ეფექტის შეფასება. ეს საქმე დელიკატურ დაბალანსებას მოითხოვს, რათა „მრუდი პლატო გახდეს" (იმისათვის, რომ გავრცელება ნელი ტემპით მოხდეს უცაბედი, ნახტომისებური პიკების გარეშე, რომლებიც საავადმყოფოებს გაავსებს) და იმავდროულად რეაგირების ზომების ეკონომიკური ხარჯიც მოზომილი იყოს.

 

საქართველომ მთელი თავისი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა აქეთ მიმართა და თან ეპიდ. აფეთქების ძალიან ადრეულ სტადიაზე, რაც უფრო შეძლებულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ. „საქმე იმაში მდგომარეობს, რომ პრევენცია ერთადერთი გამართლებული ვარიანტია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რადგან მას მწირი რესურსები და ძალიან მყიფე ჯანდაცვის სისტემა გააჩნია" -გვეუბნება პრაღაში მოღვაწე ექსპერტი გიგუაშივილი და იქვე ამატებს, რომ საქართველოში მეტად სავალალო ეფექტი ექნებოდა ისეთ მასიურ ეპიდაფეთქებას, რომელმაც იტალიის ჯანდაცვის სისტემა შეარყია. მაინც არსებობენ კრიტიკოსები, რომლებიც დაობენ, რომ საქართველოში შეკავების ძალისხმევა ცოტათი დაგვიანებული იყო - ან პირიქით - ცოტათი გადამეტებული. თვით-იზოლაციის რეჟიმის დამრღვევ ადამიანებს პოლიცია ქუჩაში დასდევს და სახელმწიფო ობიექტებში ათავსებს კარანტინში, რაც მავანთა უკმაყოფილებას იწვევს. თან, საქართველო ჯერ არც გამოსულა „სამალავიდან". დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია ან მჭიდროდ უკავშირდება უცხოეთში მოგზაურობას, თუმცა ახლა ქვეყანა ადგილობრივ თემში გავრცელების ზღვარს მიუახლოვდა.

 

მეზობელი სომხეთი კავკასიაში ლიდერობდა დაავადებასთან შეხების არქონით, სანამ ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა მიმდინარე კვირას (20 მარტის მდგომარეობით ჯამში 136 შემთხვევაა დაფიქსირებული). მათი უმრავლესობა ერთ ქალს უკავშირდება, რომელმაც სიმპტომები არ გაამხილა და ნიშნობის სუფრაზე წავიდა. საქართველოში კი ერთი ინფიცირებული ადამიანი გასვენებაში იმყოფებოდა და ადგილობრივად ვირუსის ტალღისებური გადაცემის საფრთხე შექმნა. ასე თუ მოხდა, საქართველოს სწრაფი მოქმედება და უკიდურესი ზომების განხორციელება მოუწევს, მაგ. თავისუფალი მოძრაობის სრული აკრძალვა ან შეზღუდვა.

 

საქართველომ 20 მარტს საერთაშორისო მოგზაურობაზე სრული აკრძალვა დააწესა და ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვა ბრძანა. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი აუცილებელი სერვისები, როგორიცაა: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები და ბენზინგასამართი სადგურები. ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ შეეზღუდა თავისუფალი მოძრაობა. სახლში დარჩენა კი თხოვნად უფრო რჩება, ვიდრე მოთხოვნად. ჯერ ჯერობით.

 

ჟურნალისტი გიორგი ლომსაძე 

 

 

წყარო: https://eurasianet.org/georgia-gets-rare-plaudits-for-coronavirus-response

 

წაკითხვა 446 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.