"მთავარია ხალხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოძებნოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად“- ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან

საგანგებო ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში გადაადგილება ოფიციალურად იკრძალება.

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახელობას 6 მთავარ მიზეზს სთავაზობს, რომელთა გამოც შეიძლება კონკრეტული პირი სახლიდან გარეთ გავიდეს. ამასთანავე, მათ  თან ფურცელი უნდა ჰქონდეთ, რომელიც გადაადგილების მიზეზზე მიუთითებს. (დაწვრილებით გაეცანით აქ).


მიზეზი ასეთი ზომების გასატარებლად მხოლოდ ერთია - კორონა ვირუსის სწრაფი გავრცელება მოსახლეობაში. ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსის 624 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილია 15 ადამიანი.


საბერძნეთში არსებულ ვითარებაზე FirstNews.ge ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ლენა ქევხიშვილს ესუბრა. ლენა 23 წლისაა და 19 წელია ემიგრაციაშია.

- ათენი სულ ცარიელია, ყველაფერი დაიკეტა, ვისაც შეუძლია სახლიდან მუშაობს.  მხოლოდ სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები და სხვა პატარა საკვები ობიექტები მუშაობს. 30 აპრილამდე საბერძნეთში ყველა სასტუმრო დაიკეტა. თითო ქალაქში მარტო ერთი სასტუმრო ფუქციონირებს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ  არ ესმის  ხალხს, რომ სახლში უნდა დარჩნენ. მთავრობა ცდილობს ასაკიანი და რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანები დაიცვას, თუმცა, რატომღაც გარეთ მხოლოდ ასაკიანი ხალხი დადის. აქ უკვე ტემპერატურამ მოიმატა.  წინა შაბათ - კვირას ხალხი სანაპიროზე გავიდა. აქ ტემპერატურა უფრო მეტად მატულობს  და ხალხი გარეთ გადის.

 


- რა ხერხებს მიმართავს თქვენი ქვეყნის ხელისუფლება, რომ უფრო მეტად არ გავრცელდეს კორონავირუსი?


- პირველ რიგში სკოლები და უნივერსიტეტები დაკეტეს ორი კვირით, როგორც ჩანს უფრო დიდხანს იქნება დაკეტილი. სუპერმარკეტებში ყველა ვეღარ შედის, სპეციალურ ბარათს იღებ და შეიძლება რიგში მოგიწიოს დგომა, რომ შიგნით  ბევრი ხალხი არ იყოს. აფთიაქებშიც კი გარეთ იცდის ხალხი და ორ-ორი შედიან. შემდეგ კი ეკლესიებს აეკრძალათ კვირის წირვა, რადგან სულ ასაკიანი ხალხით და ბავშვებით იყო სავსე. მერე დაიკეტა სანაპიროები, პარკები, ბაღები, კაფეები, კლუბები, თეატრები, სალონები და ა.შ. აკრძალეს 10 კაცზე მეტის შეხვედრა ერთ ადგილზე, თუნდაც სახლში. ჯარიმებია. პოლიცია დადის და შლის, სადაც ბევრ ხალხს ხედავს. მეტროები და ავტობუსები ცარიელია. 


სეზონური სასტუმროებს გახსნის თარიღი გაუხანგრძლივდათ. როცა მთავარი ქალაქის სასტუმროებიც დაიკეტება, დიდი პრობლემები იჩენს თავს. ახლა სალონიკის მთავარი ზღვის პირა - სასეირნო ადგილიც უნდა დაკეტონ, რადგან იქ, მართლა ძალიან ბევრი ხალხი დადის. შუა ქუჩაშიც კი მოიწყვეს ბარი, როცა ყველა დაკეტილი იყო. ვინც სალონიკისკენ ცხოვრობს ბულგარეთში ყავაზე გადადის. ხალხს არ ესმის ვირუსის საშიროება. თუმცა მთავრობა ცდილობს მკაცრად გააკონტროლოს.  


10 დღეში 41.000 ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან. მთავრობა ზრუნავს ამ პრობლემაზე. მთლიანად ევროპამაც ჩაკეტა საზღვრები. რამდენიმე ფრენა კიდევ არის, მაგრამ ნელ -  ნელა ისინიც უქმდება. ბევრი ბერძენია დარჩენილი საზღვარგარეთ და ცდილობენ ეტაპობრივად ჩამოიყვანონ, რა თქმა უნდა, ყველა ახალ ჩამოსულმა 14 დღიანი თვითიზოლაცია უნდა დაიცვას.



- თქვენი აზრით რატომ გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად მსოფლიოში და ასევე თქვენს ქალაქში?

- მრავალი თეორია და პოლიტიკური დებატები მიდის მაგ საკითხზე. ოღონდ გავრცელებას ყველა შემთხვევაში მოგზაურობამ შეუწყო ხელი, მსოფლიოშიც და საბერძნეთშიც. თუ უფრო ადრე შეზღუდავდნენ ფრენებს და  საჰაერო საზღვრები დაიკეტებოდა, ვირუსიც ასე სწრაფად არ გავრცელდებოდა არსად. 



- როგორ ფიქრობთ რა ზიანი მიადგება მსოფლიოსა და ასევე საბერძნეთის ეკონომიკას?


- მთლიანი მსოფლიოს ეკონომიკა კრიზისშია. პროდუქციის მიწოდების ქსელი შოკშია. ტურიზმი ფაქტიურად ამ წელს სულ ჩავარდა, რაც არ უნდა გადადონ ტურისტებმა მოგზაურობის თარიღები,  ბოლოს სამოგზაურო ბიუჯეტი მაინც არ იქნება. უმუშევრობა მოიმატებს, უკვე ძალიან ბევრი ხალხი გათავისუფლდა სამუშაოებიდან და კიდე ბევრი გათავისუფლდება.  ეს ყველაფერი 2008 წლის სიტუაციას მახსენებს.  პირველ რიგში, ბანკებმა გადასახადის პროცენტები უნდა დაწიონ, რათა მათვე ქონდეთ ლიკვიდურობა. საბერძნეთში ტურიზმის, საკვებისა და სასმელის ბიზნესი დაზიანდება. თუმცა ამ აზრს ბერძნები ნელ-ნელა  ეჩვევიან.


- არსებული ვითარებიდან გამომდინარე ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?


- ასეთ მდგომარეობაში,  როცა 19 წელი საზღვარგარეთ ხარ  საქართველოში დაბრუნების მიზეზი არ არსებოს. 


თუმცა, როგორც ვიცი ბევრი ემიგრანტი ფიქრობს და აპირებს დაბრუნებას. ზოგი ემიგრანტი უმუშევარი დარჩა, უმეტესობა სამსახურში გაფორმებულიც არაა, რომ მთავრობამ დაიცვას ისინი და მათი სამუშაო უფლებები, ბევრს საბუთიც არა აქვს.საქართველოს საელჩო საბერძნეთში ცდილობს მაქმიმალურად დაეხმაროს, იმას ვინც სამსახური დაკარგა და საცხოვერბელს აძლევს. მთავარი მიზანია ჩარტერი შეიქმნას, რომ, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს, - დაბრუნდეს.  საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ სისტემას ქმნის, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ემიგრანტებმა ონლაინ, ექიმის კონსულტაცია მიიღონ. 


და ბოლოს, მთავარია ხალხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოძებნოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. როგორც Michael Hopf ამბობს: მძიმე დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს. ძლიერი ადამიანები კარგ დროს ქმნიან. კარგი დრო ქმნის სუსტ ადამიანებს და, სუსტი ადამიანები რთულ პერიოდს ქმნიან. (Hard times create strong men. Strong men create good times. Good times create weak men. And, weak men create hard times).

 

შეგასენებთ, რომ საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მთავრობამ მოქალაქეებისთვის ყოველგვარი მგზავრობა და გადაადგილება აკრძალა. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კრიაკოს მიცოტაკისმა მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

აკრძალვა 23 მარტის 6:00 საათიდან შედის ძალაში. აკრძალვის დამრღვევს 150 ევროს ოდენობით დააჯარიმებენ. საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მთავრობამ მოქალაქეებისთვის ყოველგვარი მგზავრობა და გადაადგილება აკრძალა. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კრიაკოს მიცოტაკისმა მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. აკრძალვა 23 მარტის 6:00 საათიდან შედის ძალაში. აკრძალვის დამრღვევს 150 ევროს ოდენობით დააჯარიმებენ.

პრემიერის თქმით, იტალიაში ყოველ წუთში ორი ადამიანი კვდება, რასაც საბერძნეთი ვერ დაუშვებს.
დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში 94 ადამიანი დაინფიცირდა, რის შედეგადაც, ქვეყანაში 624 დაინფიცირებულია. ჰოსპიტალიზებულია 124 ადამიანი, რომელთაგან 34 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

 

ცარიელი ათენი ფოტოგრაფის ობიექტივში

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 884 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.