„საქართველო კარანტინის პიკიდან ქვემოთ ეშვება“- «КоммерсантЪ»

საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის თემას ეხმიანება რუსული პრესაც. გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო კარანტინის პიკიდან ქვემოთ ეშვება“ (ავტორი - გიორგი დვალი).

 

პუბლიკაციაში ნაჩვენებია როგორც ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა კარანტინის მკაცრი ზომების ეტაპობბრივი შემსუბუქების მიზნით, ასევე ოპოზიციის „გამოცოცხლებაც“, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დაუყონებლივ მოხსნასა და „ხალხის გათავისუფლებას“ ითხოვს.

 

ავტორი ვრცლად გადმოსცემს მთავრობის გეგმას, რომელიც ექვსი ეტაპისაგან შედგება, დეტალურადაა დახასიათებული თითოეული ეტაპის თავისებურებები.

 

სტატიაში ასახულია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თვალსაზრისებიც: მაგალითად, პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომლის თანახმად, თუ ეკონომიკური სტაგნაცია გაგრძელდება, ეს უფრო უარესი იქნება, ვიდრე თვითონ ვირუსის ეპიდემია. მასალაში ასევე ციტირებულია ლეიბორისტული პარტიის აქტიური წარმომადგენლის ბეჯან გუნავას განცხადებაც, რომელმაც ხელისუფლება „კორონადიქტატურის“ დამყარებაში დაადანაშაულა.

 

ავტორი ესაუბრება „ნაციონალური მოზრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს რომან გოცირიძეს, რომლის თქმით, საქართველოს წინ დიდი ეკონომიკური პრობლემები ელოდება. იგი ხაზს უსვამს ტურიზმის კრიზისულ მდგომარეობას, რომლისგანაც ქვეყანა წინა წლებში საბიუჯეტო შემოსავლების დიდ ნაწილს იღებდა. შემცირდა უცხოეთის ქვეყნებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ ნათესავებისათვის გამოგზავნილი თანხების მოცულობაც.

 

„ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყანას დასავლეთი დაეხმარება: ასახელებენ თანხას 3 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად დაიხარჯება, ასევე საბანკო სექტორისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

პუბლიკაციის ბოლოში ხაზაგასმულია, რომ საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ზომების შერბილებას ევროპაში ყველაზე კარგი მაჩვენებლებით ხვდება: ყველაზე მცირე რაოდენობის გარდაცვლილებით და ყველაზე ნაკლები დასნებოვნებულით, თანაც 496 დაავადებულისაგან 149 სრულიად გამოჯანმრთელებულია. „სხვა ქვეყნებთან შედარებით ასეთი კარგი მაჩვენებლები  განპირობებულია დროულად მითებული ზომებით და ქართველი ექიმების მაღალი პრიოფესიონალიზმით“, - ნათქვამია სტატიაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4332909

წაკითხვა 488 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.